ამბები

11:06 | 13.06.2014 | ნანახია 3693 - ჯერ

ირაკლი აბუსერიძე: “მუდამ ქართული რაგბის სამსახურში ვიქნები”

 

საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი, “ბორჯღალოსანთა” ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ქართული რაგბის სამსახურში დგომას ბოლომდე აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვეა გადატვირთული გრაფიკი აქვს, ის აქტიურად მონაწილეობს რაგბის ცხოვრებაში და იმედოვნებს, რომ “თბილისის თასი” წელს თბილისში დარჩება. “აბუმ” გულშემატკივარს თავი თავდაუზოგავი თამაშით შეაყვარა და ბევრს მისი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება არ ესიამოვნა (თბილისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის), მაგრამ ვეტერან მორაგბეს ამაზე მკვეთრი პასუხი აქვს - ღირსებას და პატიოსნებას ვერაფერი დამაკარგვინებს.

“მსოფლიო სპორტმა” აბუსერიძესთან საუბარი მომავალი ტურნირის მოლოდინებით დაიწყო.

-       ჩვენი გუნდის შემადგენლობის და მეტოქეების ძალის გათვალისწინებით, რა შანსია იმისა, რომ წელს საქართველოს ნაკრებმა “თბილისის თასი” არავის გაატანოს?

-       როგორც წესი, ივნისის თამაშებზე გუნდის ლიდერები წელსაც გვაკლია, მაგრამ ერთის მხრივ ეს კარგიცაა, რადგან ახალგაზრდა მორაგბეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი ეძლევათ. ერთია მოედანზე 10-15 წუთით გასვლა და სულ სხვაა მთელი თამაშის ჩატარება. ყველაფერთან ერთად, საქართველოს ნაკრებს სუსტი არ ეთქმის. გუნდში მყოფ მოთამაშეთა უმეტესობას, არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს იმისა, რომ წელს თასი თბილისში დავიტოვოთ.

გარდა ამისა, მწვრთნელი ძიებაშია იმ ოპტიმალური შემადგენლობის, რომელმაც მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს და ამ კუთხით მნიშვნელოვანია კანდიდატების სრულფასოვანი გამოცდა. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ “მზარდი საქართველოს” შემადგენლობაშიც აჩვენეს და რამდენიმე მათგანი ახლა ეროვნულ გუნდშია. არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებსაც მსოფლიო თასზეც უთამაშიათ, მაგრამ მწვრთნელი ოფიციალურ შეხვედრებში შემადგენლობის ცვლას ერიდებოდა და ახლა მათ ძირითად გუნდში დაბრუნების კარგი შანსი ეძლევათ.

-       ნაკრებიდან თქვენი წასვლის შემდეგ, გუნდი რამდენად წინ წავიდა?

-       როდესაც შემადგენლობაში ცვლილებები ხდება, ყოველთვისაა მოსალოდნელი გარკვეული ჩავარდნები, მით უმეტეს, როდესაც ამას ტაქტიკური მონახაზის ცვლილებაც ემატება. თამაშებს ვიგებთ, მაგრამ ჩემთვის გასაგებია, რომ ხარისხი ყოველთვის დამაკმაყოფილებელი ვერაა და ამას გულშემატკივარი მტკივნეულად განიცდის. დრო და გამოცდილება ჭირდება ყველაფერს, რათა ახალ სახეებს სტრესი მოეხსნათ და დარწმუნებული ვარ, მერე ყველაფერი უკეთ იქნება. მოკლედ, გუნდს სტაბილურობა აკლია, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის.

-       კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის “ფედერალ” დივიზიონში გაატარეთ, განვლილი სეზონი კი, “არმაზში” ითამაშეთ. თუ ვითარდება საქართველოს ჩემპიონატი და იმავე საფრანგეთის ქვედა დივიზიონებთან შედარებით რა დონეზე ვართ?

-       თუნდაც “ფედერალ 2” რომ ავიღოთ, ფრანგები ხელით თამაშს დიდ ყურადღებას უთმობენ, შერკინებაზე აქცენტი ნაკლები კეთდება, თამაშები უფრო სანახაობრივია და ეს ტექნიკის განვითარებას უწყობს ხელს. ბოლო დროს ჩვენი შიდა ჩემპიონატიც ვითარდება. სპორტის სამინისტროს მიერ კლუბებისადმი გამოყოფილმა დახმარებამ შედეგი უკვე გამოიღო და ადრე თუ მხოლოდ ორი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის, წელს ბოლომდე გაურკვეველი იყო ვინ შევიდოდა ექვსეულში და მერე იქ ვინ რა შედეგს აჩვენებდა. კონკურენცია აშკარად გაიზარდა და მწამს, მომავალი გათამაშება კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

-       თქვენი აზრით, მზად არიან ქართული კლუბები სახეცვლილ ევროთასებში ჩასაბმელად?

-       ამისათვის ჯერ ფინანსებია საჭირო და საწყის ეტაპზე, შედეგის ჩვენებაც გაჭირდება. იტალიის მაგალითს თუ გავიხსენებთ, მათი ეროვნული გუნდის ექვს ერზე და კლუბების ევროთასებზე დაშვების შემდეგ, წლები დაჭირდათ პირველი გამარჯვებების მისაღწევად. მაგრამ, ნაკრები იქნება თუ კლუბი, აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან სწორედ ასე იზრდებიან გუნდები და კონკრეტული მოთამაშეები. ეს ჩემპიონატის დონესაც აამაღლებს და მომრავლდებიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მაღალ დონეზე ბურთაობის გამოცდილება დაუგროვდებათ, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაგვიყვანს.

-       ბევრს გაუჩნდა კითხვა - რატომ გადაწყვიტა ირაკლი აბუსერიძემ პოლიტიკაში წასვლა?

-       ყველამ იცის, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის სამსახურში ვიყავი სპორტული კუთხით და მსურს, რომ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს სხვა მხრივაც გამოვადგე. პატიოსნებას და ღირსებას არასდროს დავკარგავ! საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ვეცდები თბილისელებს ელემენტარული პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო, აქტიურ მონაწილეობას მივიღებ დედაქალაქში სპორტული ღონისძიებების დაგეგმვაში. არც რაგბის მიტოვებას ვაპირებ, რადგან ესაა ჩემი უსაყვარლესი საქმე და მუდამ ქართული რაგბის სამსახურში ვიქნები.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082709