რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი C ჯგუფში გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა.
აღნიშნული შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამავე ჯგუფში ფავორიტი ინგლისის ნაკრები ასპარეზობს და შესაბამისად, დამარცხებული გუნდი ჯგუფიდან გასვლის შანსს ერთი-ორად იმცირებდა.
მატჩი რომ ძალზე პრინციპული იყო სცენარმაც ნათლად გვაჩვენა. არგენტინელები მე-14 წუთზე სანჩესის ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ საფრანგეთის ნაკრები თამაშობდა, რადგან „ლე ბლემ“ ანტრაქტამდე ორი გარდასახული ლელო და ამდენივე ჯარიმა მიითვალა და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა - 20:3.
თუმცა, არგენტინამ მებრძოლი ხასიათი აჩვენა და მეორე ნახევარში შეხვედრა თითქმის შემოატრიალია. მეტიც, 68-ე წუთისთვის „პუმებმა“ 17-ქულიანი ჩამორჩენა არათუ გააბათილეს, არამედ ერთი ქულით დაწინაურდნენ. თუმცა, დაწინაურებიდან ზუსტად ერთ წუთში ლოპესმა მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი არეკნი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 23:21.
დარჩენილ 11 წუთში არგენტინას ცდა არ დაუკლია, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ფრანგებმა თავი კარგად დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს. შედეგად, საფრანგეთმა პრემიალური ქულის გარეშე იმარჯვა, ხოლო თავის მხრივ არგენტინამ 7 ქულაზე ნაკლებით წაგების გამო ნუგეშის ქულა დაიმსახურა.
საფრანგეთი - არგენტინა 23:21 (20:3)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია