ვითიბი ბანკსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბანკი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ხელშეკრულება, რომელსაც 13 ივნისს მოეწერა ხელი, ერთწლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს.
“ბორჯღალოსნების” გარდა, ვითიბი ბანკი საერთაშორისო ტურნირ “IRB თბილისის თასი 2014”-ის სპონსორიც გახდა. ტურნირი 14-22 ივნისს, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ საქართველოს და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები, მზარდი იტალიის ნაკრები (A ნაკრები) და არგენტინელი “იაგუარები” (A ნაკრები).
ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა: “სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღეიდან, ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორები გავხდით. საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, უკვე ვახორციელებთ პირველ პროექტს, კონკრეტულად, ეს არის “IRB თბილისის თასი 2014”-ი, რომლის გენერალური სპონსორებიც ვართ. ამ ტურნირზეც და მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და დარწმუნებულნი ვართ, ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას”.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე: “ქართული სარაგბო თემის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ვითიბი ბანკს, რომელთანაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი დიდ სასპონსორო ხელშეკრულებას, რომლის ნაწილს წარმოადგენს “IRB თბილისის თასი 2014”-ის გენერალური სპონსორობა. ეს შესანიშნავი მაგალითია ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის. ვსარგებლობთ შემთხვევით და მოვუწოდოთ კერძო სექტორს მეტი ყურადღება გამოიჩინოს ზოგადად სპორტის და კერძოდ რაგბის მიმართ”.
ტურნირი 14, 18 და 22 ივნისს, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ჩტარდება. თითო სათამაშო დღეს ორ-ორი მატჩი გაიმართება, რომლებიც, შესაბამისად, 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე გაყიდვაშია და თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია