ბორჯღალოსნები

21:30 | 12.09.2019 | ნანახია 2193 - ჯერ

30 წელი ისტორიული მატჩიდან!

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ზუსტად 30 წლის წინ, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად შექმნილმა ნებისმიერი სახეობის ეროვნულმა ნაკრებმა, პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 1989 წლის 12 სექტემბერს, ქუთაისში ზიმბაბვეს ნაკრებს უმასპინძლა, ერთი ლელო (იმხანად 4 ქულად ფასობდა) და 4 ჯარიმა გაუტანა და 16:3 დაამარცხა.

ეს იყო პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ, რაც 1992 წლის 27 თებერვალს, მსოფლიო რაგბის (იმხანად ირბ) წევრად გახდომით დაგვირგვინდა.

პირველ, ისტორიულ მატჩში გუნდს წვრთნიდნენ აწ გარდაცვლილი დავით კილასონია და დუგლას კავთელაშვილი, ასევე თემურ ბენდიაშვილი, რომელიც ქართულ რაგბში დღემდე მოღვაწეობს.

ისტორიული მატჩის მონაწილეთაგან, დღეს ცოცხლები აღარ არიან გუნდის კაპიტანი ოლეგ ლიპარტელიანი, ვანო საცერაძე, ნუგზარ ძაგნიძე, თამაზ ხუადე, ალექსანდრე ისაკაძე, გია გიუნაშვილი და ემზარ გეგუჩაძე...

წვიმის მიუხედავად, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე თამაშის სანახავად 12 ათასი ქომაგი შეიკრიბა, მატჩის მთავარი მსაჯი კი ღვაწლმოსილი გოჩა აბაშიძე იყო.

არსებობის 30-წლიან ისტორიაში, ბორჯღალოსნებმა სულ 225 მატჩი გამართეს - 92 შინ, ამდენივე სტუმრად და 41 ნეიტრალურ მოედანზე. მათგან მოიგეს 140, დათმეს 78 და 7 ფრედ დაასრულეს. ქულათა სხვაობა 5248:4031 (+1217); ლელოების - 631:417 (+214).

ამ პერიოდში ბორჯღალოსანთა კვართი ჯამში 262-მა მორაგბემ მოირგო და ყავდა 14 მწვრთნელი. ყველა ამ ადამიანის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ დღესდღეისობით საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო თასს!

რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და სპორტულ საზოგადოებას ბორჯღალოსნების იუბილეს და განსაკუთრებულ მადლობას უძღვნის პირველი გამარჯვების შემოქმედ გუნდს.

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15. ვანო საცერაძე, 14. ალეკო ხვედელიძე, 13. ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16. კახა მაჩიტიძე 33) 12. მალხაზ ჭეიშვილი, 11. ბათლომე ხამაშურიძე; 10. ნუგზარ ძაგნიძე, 9. მამუკა ლოსაბერიძე /

1. ზაზა ბაკურაძე, 2. თენგიზ ტურძელაძე, 3. ბესარიონ ლილუაშვილი (21. გელა ფირცხალავა 71) 4. თამაზ ხუადე, 5. ალექსანდრე ისაკაძე (20. თამაზ ოდიშარია 49) 6. თამაზ ფხაკაძე, 7. გია გიუნაშვილი, 8. დათო ღუდუშაური *

მრქ) 17. ოლეგ ჟორჟოლიანი, 18. ემზარ გეგუჩაძე/ 19. ზვიად ლიპარტელიანი * მწვ) დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი

ლ: ჯგუფური (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე

ზიმ - ჯ: ფერეირა

რეფ გოჩა აბაშიძე @ სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (წვიმა, 12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56) ^ იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084656