სიახლეები

23:10 | 12.09.2019 | ნანახია 929 - ჯერ

შეხვედრა იაპონიის ელჩთან

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა და იაპონიაში ბორჯღალოსანთა მიმართ გამოჩენილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ფორმები და ბავშვთა რაგბში გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები.

ტადაჰარუ უეჰარა (იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში): „მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ მნიშვნელოვან ტურნირს, როგორიც მსოფლიო თასია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჩემი ქვეყანა იაპონია მასპინძლობს. ტოკოშიმოს პრეფექტურა მზადყოფნაში დახვდა თქვენს ნაკრებს და მოხარული ვარ, რომ ქართველები იგრძნობენ იმ სტუმართმოყვარეობას, რასაც მე საქართველოში ვგრძნობ. მე და ჩემმა კარგმა მეგობარმა გოჩა სვანიძემ ვისაუბრეთ გარკვეულ გეგმებზე და შევთანხმდით, რომ უნდა გაიზარდოს ხალხთაშორისი ურთიერთობა, რისთვისაც გაცვლითი პროგრამების განხორციელება კარგი საშუალება იქნება“.

გოჩა სვანიძე: „ჩვენი ნაკრები უკვე იაპონიაშია და ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობს. გუნდს ტოკოშიმოს პრეფექტურის ხელმძღვანელობის სახით, ძალიან კარგი მასპინძლები ყავს, რისთვისაც იაპონიაში ჩასვლისას მათ პირადად გადავუხდი მადლობას. დღეს იყო ჩვენი მორიგი მეგობრული შეხვედრა იაპონიის ელჩთან და მასაც მადლობა გადავუხადეთ იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეს. ასევე ვისაუბრეთ ბავშვთა რაგბის გაცვლით პროგრამებზე. რაგბი არის ურთიერთობების ფორმა და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებით. ორი უძველესი და დიდი კულტურის მქონე ხალხისთვის, ბავშვების დაახლოვება საინტერესო იქნება“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077652