შიდა რაგბი

23:23 | 9.09.2019 | ნანახია 2041 - ჯერ

პირველი ლიგა | ჩემპიონატი ფავორიტთა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

პირველ ლიგაში გათამაშების ფორმატი უცვლელი დარჩა, თუმცა მონაწილეთა ოდენობა 10-გუნდამდე გაიზარდა და შესაბამისად, რეგულარული სეზონი 18 ტურად წარიმართება.

ჩემპიონატი რიონისპირული დერბით გაიხსნა. ქუთაისში, ‘ბაგრატი’ და ‘არესი’ დაუპირისპირდნენ. გასული სეზონში ‘ბაგრატმა’ ლიგაში ადგილი პლეი აუტის მეშვეობით შეინარჩუნა, თუმცა მიმდინარე სეზონის წინ გუნდს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაუბრუნდა. შალვა კიკვაძის შეგირდებს კრიზისიდან თავის დაღწევის შანსი გაუჩნდათ.

‘არესი’ ბოლო წლებია რაც პირველობას მოწინავე სამეულში ასრულებს. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ წინასასეზენო წვრთნის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და სერგო ფრუიძის გუნდი მიმდინარე პირველობაზე შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს. ‘სერჟმა’ ძირითადი შემადგენლობის ბირთვიც შეინარჩუნა და მარქაფაც იმედისმომცემი მოთამაშეებით შეავსო. სპეციალისტთა აზრით, მიმდინარე პირველობაზე მონაწილთა შორის ‘არესი’ ყველაზე დაბალანსებული გუნდია და ფრუიძის შეგირდებს ელიტაში თამაშის უფლების მოპოვების კარგი წინაპირობაც გააჩნიათ.

შეხვედრა ფავორიტ ‘არესის’ სრული უპირატესობით წარიმართა. მართალია, ორივე გუნდი უამრავ უნებლიე შეცდომას უშვებდა, იგრძნობოდა შეუთამაშებლობაც და სასტარტო მღელვარებაც, თუმცა ‘სერჟის’ ბიჭები სტატიკაში ჯაბნიდნენ მეტოქეს და წარმატებას კლასის ხარჯზე აღწევდნენ. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ თანაქალაქელებს 5 უპასუხო ლელო გაუტანა. პირველ ტაიმში მარბიელი დავით ლოსაბერიძე და თერჯოლელი ფეხმარდი ფრთა ირაკლი ცხადაძე გამოირჩნენ. მეორე ტაიმში კი ლელოები მგეზავმა ბონდო აბაშიძემ, შუამარბმა ამირან შვანგირაძემ და ფულბეკმა გიორგი ჭოლაძემ მიითვალეს. ‘არესმა’ მატჩი 33:0 მოიგო და დაგეგმილი პრემიაც უდტრვინველად აიღო.

‘ყაზბეგი’, ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ‘არმიას’ ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ დაუხვდა. მოხევეების დამრიგებელი გოჩა ჩქარეული იმედოვნებს რომ რეგიონის ხელნმძღვანელობა ყველა ღონეს იხმარს საკუთარი არენის დროულად კეთილმოსაწყობად, რათა გუნდმა საშინაო შეხვედრები სტეფანწმინდაში გამართოს, რაც რეგიონის მოსახლეობისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

დიდი 10-დან დაქვეითებულ ‘არმიას’ მთავარ მწვრთნელ ლევან ცაბაძეს პრაქტიკულად ახალი გუნდის შექმნა მოხდა. ‘ჯარმა’ მხოლოდ მორკინალთა ნაწილი შეინარჩუნა, რის გამოც ‘ლეონსიომ’ მატჩში აქცენტი უმეტესად სტატიკაზე გადაიტანა. ‘არმია’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მოხევეებს 8 უპასუხო ლელო გაუტანა და შეხვედრა 55:0 მოიგო. ‘დუბლით’- უკრაინული წარმომავლობის ბათუმელი ფულბეკი ვიტალი კირინი და ბორჯღალოსანთა ლეგენდარული კაპიტანის უფროსი ვაჟი, ჰუქერის პოზიციაზე მოთამაშე დიტო ცაბაძე გამოირჩნენ. არსებული სირთულეების მიუხედავად, ‘ლეონსიო’ გუნდის ელიტაში დაბრუნებას მიმდინარე სეზონშივე გეგმავს.

ლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი ‘დევები’ შევარდენზე პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუხვდნენ. მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობა მატჩის ანგარიშში 3:91 ნათლად აისახა. გარე კახელებმა მეტოქე რაგბის ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრეს, 14 ლელოს გაიტანეს და პირველობაზე ჯერჯერობით ყველაზე სოლიდური სხვაობაც დააფიქსირეს. ‘ვეფხვების’ ხუთმა მოთამაშემ (კლავდიუს ხუციშვილი, ვეფხია უსტიაშვილი, ზაურ სურამელი, ოთარ და გიორგი ზუკაკიშვილები) ‘დუბლი’ შეასრულა. დიდი 10-დან დაქვეითების შემდეგ პატარძეულს ერთბაშად 16 მოთამაშე გამოეთხოვა. ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა აქცენტი ახალბედა მოთამაშეებზე აიღეს და ესპუარებიდან რამდენიმე პერსპექტიული მორაგბეც დააწინაურეს. მართალია, გარე კახელებს ამჟამად ფინანსურად არ ულხინთ, თუმცა გუნდში ერთსულოვნება და სრული საბრძოლო განწყობა სუფევს, რაც ‘ვეფხვების’ სტაფს სამომავლო წარმატების იმედს უსახავს.

ფოთში, პარკი არენაზე ‘იბერიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა. კოლხებმა სეზონის წინ სახელთან ერთად მთავარი მწვრთნელიც იცვალეს და თან აქცენტი რეგიონის მოთამაშეებზე აიღეს. ‘იბერიამ’ რომლის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი კახა უჩავა დაინიშნა, შევსება ფოთის რაგბის სკოლიდან და რეგიონში რაგბის განვითარების აკადემიიდან მიიღო. კოლხური რაგბის პატრიარქ ამირან შავგულიძეს იმედისმემცემ მოთამაშეთა რესურსი უხვად მოეძიება და ლეგენდარული ‘პიკასოს’ თვალთახედვის მიღმა სამეგრელოში არცერთი ნიჭიერი მორაგბე არ რჩება. უჩავას კი დიდი ძალისხმევა მოუწევს, რათა პრაქტიკულად სეზონის წინ ჩამოყალიბებული ახალი გუნდი დროულად შეათამაშოს და სასურველ კონდიციებამდეც მიიყვანოს.

‘ტაომაც’ შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. მესხთა თავკაცი, ბორჯღალოსანთა ექს-დამრიგებელი მალხაზ ჭეიშვილი გუნდისთვის ‘აქილევსის ქუსლად’ ქცეულ სტატიკაში მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს. შეხვედრა ‘ტაოს’ უპირატესობით წარიმართა, რაც სტუმართა მხრიდან 9 გატანილმა ლელომაც ცხადყო 57:15. ჩვეულებისამებრ აქტიურობდა ‘ტაოს’ უკანა ხაზი და 6 ლელო სწორედ სწრაფად მოქმედი ბეკების ანგარიშსზეა. მესხთა შუამარბმა ზურა ტაბიძემ ‘დუბლი’ შეასრულა. თავის მხრივ კოლხებმა ბოლომდე იბრძოლეს, თავი არ დაზოგეს და 2 ლელოს გატანაც მოახერხეს.

პირველი ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ‘შევარდენზე’ გაიმართა. ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა ‘დინამომ’ ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლა. გურულებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ ლეგენდარული ქართველი მორაგბის კახა მაჩიტიძის სახით. საბჭოური რაგბის ეპოქის კაშკაშა ვარსკვლავის ხელი ‘არწივებს’ აშკარად დაეტყოთ. გურულები სეზონს კარგად მომზადებულები შეხვდნენ, რაც განსაკუთრებით განვლილი მატჩის ბოლო 20 წუთში გამოჩნდა. შემადგენლობის გადახალისების მუხედავად ‘დინამომ’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმის შუაწელამდე, გუნდის მოთამაშე მწვრთნელის ლევან რამიშვილისა და მღლეტელ თენგიზ ელიკაშვილის გატანილ ლელოთა მეოხებით ანგარიშში უპირატესობასაც ფლობდა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი კი სტუმართა კარნახით წარიმართა. განსაკუთრებული აქტიურობით გურულთა კაპიტანი გიორგი კალანდაძე და მგეზავი მამუკა ჩანჩიბაძე გამოირჩეოდნენ. კალანდაძემ წყვილი ლელოს დადება მოახერხა, ჩანჩიბაძემ კი 3 გარდასახვას 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ბოლო წუთზე მარბიელ შოთა ცეცხლაძის ლელომ კი 34:12 გურულების რთული გამარჯვება დააფიქსირა.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
2.825259