დღეს საღამოს, ჩვენი დროით 22:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას შოტლანდიასთან ედინბურგში, საქვეყნოდ ცნობილ „მარიფილდზე“ გამართავენ.
ბორჯღალოსნებისთვის ეს შოტლანდიასთან მეოთხე რკენა იქნება, თუმცა აქამდე არცერთხელ უთამაშიათ „მარიფილდზე“. სქოთებს პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში შევხვდით და ლელო არ გავატანინეთ, მაგრამ მეტოქემ ორის წილ 5 ჯარიმა გაიტანა და 15:6 იმარჯვა. 2016 წელს შოტლანდიას ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ. მასპინძლები ქილმარნოქში დაგვიხვდნენ და მართალია ორი ლელოს გატანა შევძელით, თუმცა მეტოქემ 5 გაიტანა და 43:16 იმარჯვა.
ერთი კვირის წინ შოტლანდია თავად გვესტუმრა საქართველოში და გახდა პირველი ტიერ1-ის ნაკრები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვია. „დინამო არენაზე“ შეკრებილმა ქომაგმა სტუმართა მხრიდან უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობა იხილა და მესამე რკენაც შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა - 44:10.
ბორჯღალოსნები წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს ითამაშებენ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის გუნდთან ითამაშეს. უფრო მეტიც, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველო ერთ კვირაში ოჯერ შეხვდება ტიერ1-ის ნაკრებს და თავისი თამაშის გაუმჯობესების შანსი ექნება.
ამჯერად შოტლანდია „მერიფილდზე“ დაგვიხვდება, რომელიც მსოფლიოს ყველა გრანდის და არაერთი დაუვიწყარი მატჩის „თვითმხილველია“. 1925 წელს აშენებულ არენას რეკონსტრუქცია 1995 წელს ჩაუტარდა და 67 144 მაყურებელს იტევს, თუმცა ერთხელ, 1975 წელს, შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას ტრიბუნებიდან 104 ათასმა მაყურებელმა უყურა.
ამ არენაზე მასპინძლობის გამო, მილტონ ჰეიგმა მადლობა გადაუხადა შოტლანდიის რაგბის კავშირს:
„დასაფასებელია შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება. „მარიფილდზე“ თამაში, 56-ათასზე მეტი ქომაგის წინაშე, ენით აუღწერელი სიამოვნებაა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და გამორჩეული მომენტია ჩვენი მორაგბეებისთვის“.
ბოლო რეპეტიცია
2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ბოლო რეპეტიცია იქნება. ბორჯღალოსნებმა აქამდე ორი მატჩი გამართეს და ჯერ ‘საუზერნ კინგსს’ დასკვნით 12 წუთში გატანილი სამი ლელოთი 24:20 მოუგეს, ხოლო ერთი კვირის წინ შოტლანდიას ეთამაშნენ. სქოთები საქართველოში ჩამოსვლამდე ორჯერ ეთამაშნენ საფრანგეთს და 3:32 მარცხის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში რევანში აიღეს - 17:14.
ერთი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ, შოტლანდიის მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ტრავმების შემდეგ სქოთებს უბრუნდებიან ტომი სეიმური, ბლეიდ ტომსონი და ჯონი გრეი. შემადგენლობაზე საუბრისას თაუნსენდმა მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„ივნისის შუა რიცხვებიდან ერთად ვართ და ახლა გვაქვს შანსი, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წლის უკანასკნელი მატჩი ჩავატაროთ. კარგად გვესმის, რომ ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. მათ ახლა უფრო მეტი იციან ჩვენს შესახებ და შოტლანდიის ნაკრების მორაგბეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და პარასკევის მატჩი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს საუკეთესო თამაშთან“.
შეცდომების გამოსასწორებლად
ჰეიგმა შოტლანდიასთან განმეორებითი მატჩისთვის შემადგენლობა 48 საათით ადრე დაასახელა და სასტარტო 15-ში სამი მორაგბე შეცვალა. გუნდმა 4 სექტემბერს „მარიფილდის“ სათადარიგო მოედანზე პრო 14-ის შოტლანდიურ გუნდთან, ‘ედინბურგთან’, ერთობლივი ვარჯიშიც გამართა:
„ამინდის გარდა ყველაფერი იდეალურია. საქართველოში ცხელი, მზიანი დღეები გვქონდა, აქ კი წვიმს და საკმაოდ ცივა. ძალიან კარგი იყო ‘ედინბურგთან’ ერთობლივი ვარჯიში, რისთვისაც კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. ეს მომავალი თამაშის წინ ძალიან დაგვეხმარება“.
ჰეიგი იმედოვნებს, გუნდი შესძლებს ერთი კვირის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და და შედეგიც უკეთესი იქნება:
„გასულ შაბათს, რამდენიმე მომენტში „ჩაგვეძინა“ და ამ ეპიზოდებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ტიერ1-ის გუნდი ტიერ2-ს ეთამაშებოდა. ჩვენ არ გვინდა მსგავსის განმეორება და განვლილი შეხვედრა დეტალურად განვიხილეთ. მეტოქე იგივე გვყავს და ვეცდებით შეცდომების გამოსწორებას. შოტლანდია ფეხით თამაშში და შემდგომ რაქებში, დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ვეცდებით ამ კომპონენტებში უკეთესები ვიყოთ“.
შოტლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდი გეზს იაპონიისკენ აიღებს. 8 სექტემბერს ბორჯღალოსნებს ლონდონის აეროპორტში შეუერთდება ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე.
იაპონიაში ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს; 29 სექტემბერს 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან (14:15 საათი) შეხვედრით ვასრულებთ.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უელსთან და ავსტრალიასთან უშანსოდ ვართ. მეშინია ფიჯისთანაც ვერაფერს გავხდებით.
დადეთ ახალი სტატიაა მორჩა პირველი ტაიმი უკვე.
აბა ლინკს ვინ ჩამიგდებს?
მადლობა წინასწარ