სიახლეები

20:59 | 3.09.2019 | ნანახია 4081 - ჯერ

მამუკა გორგოძე: "მართლა არ ვიცი, ქართველი ქომაგების ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე"

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს! 35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ნაკრებს დაბრუნებოდა, თუმცა გორგოძის პოზიცია დღემდე შეუვალი იყო. ის თვლიდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო და ასეც იქცეოდა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.

შეგახსენებთ, ორივე მორაგბე ‘საუზერნ კინგსთან’ გამართულ გასახურებელ მატჩში დაშავდა – ცუცქირიძემ წვივის მცირე ძვალი გაიტეხა, ოპერაცია დაჭირდა და იაპონიაში ვეღარ მიემგზავრება, ხოლო შარიქაძის სარეაბილიტაციო პერიოდი 3 კვირას გასტანს და გუნდს იაპონიაში პირველ ორ შეხვედრაში, უელსთან და ურუგვაისთან დააკლდება.

შექმნილ სიტუაციაში გორგოძის დაბრუნება აუცილებლობად იქცა. მის ტელეფონზე არაერთი ზარი გაისმა, გადამწყვეტი კი საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის და თავად მორაგბეების თხოვნა აღმოჩნდა, რომელთაც მამუკამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია:

“მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის”.

“სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”.

‘ტულონზე’ დამოკიდებული

ითამაშებდა თუ ვერა მამუკა გორგოძე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასზე, მხოლოდ მის და ქომაგთა სურვილზე არ იყო დამოკიდებული. ის პროფესიონალი მოთამაშეა და კლუბთან ვალდებულება აკავშირებს, კლუბში კი დიდი ხანია იცოდნენ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და განსაკუთრებით მსოფლიო თასის პერიოდში, მისი ეიმედებოდათ. ნაკრებში დაბრუნების თანხმობასთან ერთად, დაიწყო მოლაპარაკებები ‘ტულონის’ ხელმძღვანელობასთან, რომელიც საბოლოოდ ორშაბათს, 2 სექტემბერს დასრულდა:

“ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. ‘ტულონში’ 3 წელია იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბათ მოხდა ამ პოზიციის შეცვლა. მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი” – დასძენს გორგოძე და ქართველი ქომაგის რეაქციას ეხმაურება:

“მართლა არ ვიცი რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”.

“ვნახოთ რა იქნება მაქსიმუმი”

რადგან გორგოძეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, ბუნებრივია მას ბორჯღალოსნებთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. სამაგიეროდ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად, ტოპ 14-ის პირველ ორ შეხვედრაში მოედანზე 80-80 წუთი გაატარა და ‘აჟენს’ ორი ლელოც გაუტანა, მაგრამ მამუკა ფრთხილობს:

“სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვიტყვი”.

“ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი - აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში”.

“თავს არავინ დაზოგავს”

გორგოძისთვის იაპონიის მსოფლიო თასი მეოთხე იქნება. ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ისტორიული მატჩი გამართა და “დინამო არენაზე” პირველად უმასპინძლა ტიერ1-ის ნაკრებს, შოტლანდიას. შეხვედრა სტუმრებმა 44:10 მოიგეს და ამ შედეგმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მამუკა წინა წლების გამოცდილებას იხსენებს:

“ანგარიში არც მე მომეწონა, რატომ გვქონდა გამარჯვების იმედი? შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს, საუცხოო ფორმაშია და ცოტა ხნის წინ საფრანგეთს მოუგო, რომელმაც ზუსტად ვიცი რამდენად სერიოზული ფიზმომზადების ეტაპი გაიარა. ხანგრძლივი და ურთულესი ფიზმომზადების ეტაპი გაიარა ჩვენმა ნაკრებმაც, ამის შემდეგ კი თამაში რთულია. თუ გავიხსენებთ 2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდს, დავმარცხდით ‘ნიუკასლთან’, კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარგი თამაშები გვქონდა. ამ მარცხით არ უნდა განვსაჯოთ და მთავარია მსოფლიოზე ვიყოთ კარგად. გუნდთან ერთად არ ვოფილვარ და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვიცი ჩვენი ბიჭების ხასიათი და იაპონიაში ყველა მაქსიმუმს დადებს”.

ბორჯღალოსნები იაპონიაში “დ” ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება:

“ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ფიჯის, რომელიც ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთ ამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ შეგვაკვდებიან. მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”.

რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ამის საჭიროება იქნება:

“სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია”.

გორგოძე ბორჯღალოსნებს 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება.

RUGBY.GE


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:28 | 05.09.2019
GENESIS (49)

ჩემი აზრით, ყველახე სწორი ქვემოთ, Nika01- მა დაწერა და ვეთანხმები.. შეიძლება მანდ იყოს გასაღები.. ფაქტია, რომ ბექების სისწრაფეებზე დაყრდნობა, ქართული რაგბის სინამდვილეში, ჯერჯერობით არაეფექტურ სვლად რჩება.. იმ პირობებში, როდესაც არ გვყავს პროფი ფულბეკი და ტოპ ჰავბეკები, ალბათ გამისავალი - შემადგენლობის და თამაშის დამძიმება, და ავრესიული დაცვა უნდა იყოს.. მაგ. ძნელია, ახლა ამაზე კამათი, მაგრამ შესაძლოა ჯობდეს, არც თუ ძალიან სწრაფი, მაგრამ მკვეთრად მბოჭავი მალაღურაძე დაუყენო წინ ყველაფრის წამლეკავ ბიგარს, ვიდრე ვითომ უფრო სწრაფი ჰავბეკები, რადგან რეალურად, უელსს და მისთანებს ჩვენ სისწრაფეში ვერ ვაჯობებთ, და დაჩეჩქვითმა და დროის მოკვლის სტრატეგიამ უფრო უნდა გაამართლოს...

17:11 | 04.09.2019
deme2222 (46)

დაიწყო ისევ პესიმიზმის ნიაღვარი.
ჩვენი ნაკრები გაცილებით მრავალფეროვან და კარგ რაგბს თამაშობს ვიდრე თამაშობდა. პასუხისმგებლობამაც იმატა და თუ აქამდე შოტლანდიასთან ოღონდ ლელო დავდოთ გვიხაროდა ეხლა ველოდებით მოგებას. წნეხიც დიდია და ესენიც ადამიანები არიან. უელსთან (სადაც წნეხი საერთოდ არ იყო) თუნდაც იმ შემადგენლობასთან ადრე შანსი გვექნებოდა ნული. ეხლა ითაღლითეს თორე ფრე ხელში გვეკავა და ა.შ.
მოკლედ მე მსოფლიოზე ველოდები ამათ გაბრწყინებას.
რა შედეგიც არ უნდა დადგეს კიდე პროგრესი მაინც სახეზეა. შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული.
მამუკა კიდე ნაკრებისთვის მორალურად იმხელა ძალაა ძალიან გამოგვადგება. თამაშით კიდე მე რა უნდა შევაფასო მსოფლიო დონის მორაგბეა.
წარმატებები ბიჭებს

17:17 | 04.09.2019
deme2222 (46)

ვინც პესიმისტურად ხართ განწყობილი, ეხლა ვერაფერი შეიცვლება (ვერც შემადგენლობას ვერც მწვრთნელს და ვერაფერს გამოვცვლით). ამიტომ მოდი თქვენი უარყოფითი ემოციები შეინახეთ მსოფლიოს დასრულებამდე და გავამხნევოთ ბიჭები. რააზრიაქ მოთქმას და ვიშვიშს ეხლა ვერ ვხვდები. პირიქით ამ მართლა მაგარ ხალხს უნდა ჩავუჭედოთ თავში რომ ყველაზე მაგრები არიან და ჩვენი სიყვარულიც თავიანთი გმირობებით დაიმსახურეს. მოტივაციის მკვლელობას თავი დაანებეთ

11:46 | 04.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

თქვენმა არალოგიკურმა პატრიოტიზმმა დაღუპა რაგბიც. იმის მაგივრად რომ რეალობას შეხედოთ, ეხლა გმირის ძიება დაიწყეთ გორგოძის სახით. რეალობა ისაა, რომ გუნდს შეტევა საერთოდ არ შეუძლია. ორ პასს ვერ აკეთებენ. დაცვა კიდე საშინელებაა. ნებისმიერი ნორმალური გუნდი ვისაც ვეთამაშებით, ჩვენი 20 მეტრიანიდან ლელოს გარეშე არ გადია

13:15 | 04.09.2019
ოვალური კორბენი (276)

სხვათაშორის, თავად მამუკაც უფრო მაგიტომ მევასება რომ პაკაზუხა პატრიოტიზმისკენ მიდრეკილება არ აქვს. პრაგმატულია და ძალიან საღად აფასებს მოვლენებს.
ამ ორ კვირაში ლაღ შეტევას ვეღარ ვისწავლით ამიტომ რაც ვიცით, იმის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება ეგ კაცი. ურუგვაისთან უფრო გაგვაფავორიტებს, ფიჯისთან 30-დან 40 პროცენტამდე აგვივა მოგების შანსი და იმ ორთან უბრალოდ თავს გამოიჩენს. ხომ გახსოვს, ახალ ზელანდიასთან თამაშში ეგ დაასახელეს საუკეთესოდ. უბრალოდ, სასიამოვნო იყო...

13:31 | 04.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

გამოჩნდება. მაგრამ მე ძალიან პესიმისტურად ვარ. ყველა კარგ გუნდთან ფაქტიურად დაცვა ვერ ვითამაშეთ. ყოველი გადმოსვლა ჩვენს ოც მეტრიანში ლელოა. რაც იცოდნენ ისიც არ იციან

14:09 | 04.09.2019
NIKA..01 (335)

ადრინდელი ბექები ნაკლებ მოძრავნი,მაგრამ უფრო ჯანიანნი იყვნენ.ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა ეგრეთ წოდებული "აიღე და მიეძალესგან",რომ გვიჭირს თავის დაცვა.საერთო ჯამში ისეთი ჯანიანი ნაკრები აღარ გვყავს,როგორც ადრე,მაგრამ სამწუხარო ისაა,რომ ხელდახელ თამაშში,სისხარტესა და მოძრაობაში ისეთი პროგრესი არ გვაქვს,რომ ზემოაღნიშნული დაკომპენსირდეს

11:31 | 04.09.2019
GENESIS (49)

მადლობა მამუკა..შენი ყოფნა უკვე იმედია.. დიდი სტიმული მთელი გუნდისთვის საომრად დასარაზმად..არავინ ითხოვს მოგებას, მაგრამ პირველივე მატჩში, ევროპის ყველაზე ეშხიან გუნდს დავანახოთ, რას ნიშნავს ქართველთა წინ დგომა..დაე, იყოს ომი..

05:17 | 04.09.2019
sport..»farther more rugby (86)

გორგოძილ ზუსტად შენნაირი გმირები გვჭირდება

02:33 | 04.09.2019
dinamo222 (692)

მე ეჭვი მეპარებოდა რომ ამ მსოფლიოზე წინა მიღწევას გავიმეორებდიტ და ეხლა უკვე 2 მოგება კი არა შეიძლება სამზეც გავიქაჩოთ ! გორგოძილას მოედანზე ყოფნა დამთრდუნველასდ იმოქმედებს მეტოქეებზე და დადებითად ჩვენს გუნდზე !

13:10 | 04.09.2019
ოვალური კორბენი (276)

მართლა ასეთი ბრიყვი ხარ თუ თამაშობ ?

09:41 | 04.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

რანაირად? რეალურად შეხედეთ მოვლენებს. გორგოძე ის აღარაა რაც იყო წლების წინ. ნაკრები ვერ თამაშობს. ერთი თამაშის მოგება იქნება დიდი ამბავი. ფიჯისთან მოგებაზე ფიქრიც ზედმეტია

10:28 | 04.09.2019
krasni (587)

კი, მართალია გორგოძე ის აღარაა, რაც ადრე იყო, ახლა უკეთესია. და კიდევ- ავტორიტეტია არ მარტო ბორჯღალოსნებში.

11:46 | 04.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ეს შენს წარმოსახვაში

21:38 | 04.09.2019
krasni (587)

შენ ძამიკო მოგზავნილი ხომ არა ხა? შენს გარდა ერთი კაცი კიდევ მაჩვენე შენს აზრზე და ბოდიშს მოგიხდი. თუ არა და ...

11:28 | 04.09.2019
ICEMAN (162)

ნამდვილად და იგივე ფიჯისთან იასნია ფავორიტები არ ვართ მაგრამ სრულიად რეალურია მოგება, ამხანაგური შეხვედრით ვერ გაიგებ მითუმეტეს ტურნირის წინ ერიდებიან ჩვენები ტრამვებს და თან შოტლანდიამ ჩვენამდე საფრანგეთს ეთამაშა ორჯერ ანუ გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო. ერთი ვიცი რომ წინა მსოფლიოზე ნახევარ პოზიციებზე სუსტი მორაგბეები გვყავდა და არც მარქაფა ვარგოდა, ახლა სულ 2-3 პოზიციაზე გვიჭირს დანარჩენი ყველა კარგია და მარქაფაშიც მაგარი ბიჭები არიან სწორედ ამიტომაა რომ ბოლო 20 წუთს ჩვენ უკეთ ვთამაშობთ ვიდრე მეტოქე

02:28 | 04.09.2019
dinamo222 (692)

აი ზუსტად ამით დაიმსახურე დიდი თავმდაბლობით და პატრიოტიზმით ! არ დამავიწყდება ზელანდიასთან ტამასის ბოლოს თამაშის საუკეთესო მოთამასედ რომ დაასახელეს როგორ გაუკვირდა და ეუხერხულა ! გორგოძე არის საქართველოს ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სპორტსმენი ნამდვილად ალალია ამისთვის ღირსების ორდენიც და სხვა მაღალი ჯილდოებიც !

23:13 | 03.09.2019
ICEMAN (162)

ქართველი გულშემატკივარი ბევრს არ ითხოვს უბრალოდ ნაღდი უნდა იყო, გულით უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და პატივს ცემდე შენს გულშემატკივარს - ერთი შეხედვით ხომ ძალიან მარტივია მამუკასთვისაც მარტივია და ამიტომ უკვირს ნუთუ საგმირო რა გავაკეთეო მაგრამ ბევრი დიდი სპორცმენი ვიცით ვინც იჭრება განსაკუთრებით გულშემატკივრის პატივისცემაში.

22:50 | 03.09.2019
თორღვა პანკელი (387)

ცარიელი ჯიგარია!))) ზოგს რაღაც გაუვარდება, სადღაც გაუმართლებს და ცხვირი ღრუბლებში აქ გაყრილი, მამუკამ კი მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული რაგბი, რამხელა სიხარული მოუნიჭებია, ნაკრებში თუ ტოპ-14 გუნდების მაისურებით, გინდ ბარბაროსებში ლაშქრობით, მაინც უკვირს, რით დავიმსახურე ამხელა სიყვარულიო. შენ რომ ქვეყანა უანგაროდ გიყვარს და ნაღდი პატრიოტი ხარ, ეს საქმით გაქვს დამტკიცებული, საქმით თავგანწირვით და უდიდესი პროფესიონალიზმით, ამიტომაც უყვარხარ ხალხს. ქვეცნობიერად თუ ზეცნობიერად სულ მჯეროდა, რომ დადგებოდა 2019 წელი და ისევ ჩაიცვამდი ნაკრების მაისურს, კეთილი იყოს შენი დაბრუნება მამუკა, მართლა არ მახსენდება რომელიმე ქართველი სპორცმენი, სპორტიდან წასულიყოს და ასეთ საჭირო დროს დაბრუნებოდა ნაკრებს.

21:41 | 03.09.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მამუკა, გვეიმედება შენი ! ! !

21:22 | 03.09.2019
ICEMAN (162)

შენი გულიანი თამაშით დაიმსახურე ხალხის სიყვარული მამუკა. რასაც ვფირობდი ის თქვა მთავარი მიზეზი უთამაშებლობისა ის იყო რომ წინა მსოფლიოზე აშკარა ლიდერი იყო და ბუნებრივია ხალხს ისევ მამუკა მიაჩნია გადამრჩენელად რაც ძნელია მის ასაკში. მაგრამ მახსოვს ბებერი ზიდანი როგორ ვერ გააჩერეს 2006-ში, შეიძლება ძალა ცოტა მოაკლდა მაგრამ გამოცდილება კიდევ მოემატა მამუკას. მამუკამ სულ რომ ვერ ითამაშოს მეტოქეს მაინც მასზე ექნება გადატანილი მთელი ყურადღება და სხვებს გაეხსნებათ ხელ ფეხი ალბათ სწორედ ამ ტატიკაზე უნდა იმუშაოს მილტონამ

0.102952