ამბები

12:13 | 14.06.2014 | ნანახია 5098 - ჯერ

რუმინეთმა ურუგვაის სძლია, რუსეთი ირლანდიასთან შერცხვა

 

“თბილისის თასის” დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუმინეთში სტარტი აიღო “IRB-ს ბუქარესტის თასმა”, სადაც მასპინძელთა ეროვნული ნაკრების გარდა რუსეთისა და ურუგვაის ეროვნული გუნდები, ასევე, “მომავლის ირლანდია” თამაშობენ.

პურველ მატჩში ახალგაზრდა ირლანდიელებმა “დათვებს” ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. მეტეოროლოგიურმა პირობებმა თამაში მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ჩაშალა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მსაჯმა და კომისარმა გუნდების წარმომადგენლებთან მოილაპარაკეს და მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით მატჩის შეწყვეტა ბრძანეს. ამ დროს ანგარიში 66:0 იყო და მის გაგრძელებას პრაქტიკული აზრი არც ჰქონდა. ტურნირის დებულების თანახმად, საბოლოო შედეგად 45-ე წუთზე დაფიქსირებული ანგარიში ჩაითვალა და ირლანდიამ სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა.

“მომავლის ირლანდიამ” სწრაფი გადაწყვეტილებებით და გარღვევებით რუსებს თავბრუ თავიდანვე დაახვია და პირველ ტაიმში 8 ლელო გაუტანა, მატჩის განახლებიდან 5 წუთში კი, კიდევ ორი მიითვალა. “დათვებს” წვიმამ სულზე მოუსწრო და თამაში შეწყდა, თორემ დიდი ალბათობით, სხვაობა სამნიშნა ციფრს მიაღწევდა. რუსეთის ნაკრების განაცხადში იყვნენ გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები, რომლებიც შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდნენ, მაგრამ მათ თამაში არ მოუწიათ.

მეორე მატჩს სატურნიროს გარდა სარეიტინგო მნიშვნელობაც ჰქონდა და რუმინეთმა ურუგვაი 34:16 დაამარცხა. ამაში უდიდესი წვლილი ფლორინ ვლაიკუს მიუძღვის, რომელმაც ოთხი ჯარიმით, ორი გარდასახვით და ერთი არეკნით, გუნდს 19 ქულა შესძინა. 2013 წლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს ბოლო გარდასახვა გაუცუდდა, თორემ “ბუქარესტის ერთა თასის” ერთპიროვნული ბომბარდირი გახდებოდა. ახლა ის პირველ-მეორე ადგილებს 119 ქულით იტალიელ ლუჩანო ორკერასთან იყოფს, მაგრამ უკვე მომდევნო ტურში ვლაიკუს ერთპიროვნული ბომბარდირობის მოპოვების შანსი ექნება.

ძლიერი წვიმის შემდეგ, რომელმაც პირველი მატჩი ჩაშალა, ბუქარესტში გამოიდარა, სტადიონის მომსახურე პერსონალმა კარგად იმუშავა და გაზონი მზადყოფნაში მოიყვანა. ვლაიკუს ორ ადრეულ ჯარიმას, ურუგვაელებმა 25-ე და 28-ე წუთზე ორი ჯარიმით უპასუხეს, 29-ე წუთზე კი, სამხრეთელებმა კონტრშეტევებით რუმინელთა სუსტი დაცვა გაარღვიეს და ლელო გაიტანეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, 13:6 დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მეტოქე ძალისმიერ თამაშში დაჩაგრეს და ოთარ ტურაშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვის შემდეგ ტაიმის შედეგი დაფიქსირდა - 13:13.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც რუმინელებმა მეორე ლელო გაიტანეს, ხოლო გარდასახვას მომდევნო 15 წუთში კიდევ ორი ჯარიმა შემატეს. ურუგვაიმ ერთი ჯარიმა მალევე გაქვითა, მაგრამ ვლაიკუმ არეკნით მასპინძლებს 13-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, ხოლო 36-ე წუთზე რუმინეთმა მესამე ლელოც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მათ პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლეს და ჯერჯერობით მეორე ადგილზე არიან. 18 ივნისს “მომავლის ირლანდია” ურუგვაის, ხოლო რუმინეთი რუსეთს ეთამაშება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი დასკვნითი დღე აღმოჩნდება, როდესაც მასპინძლები ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს რუსეთი ურუგვაის ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის რეპეშაჟში იბრძვიან და არაა გამორიცხული, დასკვნით ეტაპზე მათ ურთიერთობის გარკვევა ერთმანეთთან მოუწიოთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11488