ეროვნული ნაკრები

18:40 | 19.08.2019 | ნანახია 2390 - ჯერ

უელსის ისტორიული პირველი ადგილი

მსოფლიო რაგბის რეიტინგში ისტორიული ცვლილებაა: მისი დაარსების დღიდან ანუ 2003 წლიდან მოყოლებული პირველად, პირველ ადგილზე უელსის ნაკრებმა გადაინაცვლა, რომელმაც ახალზელანდიელთა 509-კვირიანი ჰეგემონია დაამხო.
“ოლ ბლექსმა” თითქმის ათწლიანი ლიდერობა მიუხედავად იმისა დათმო, რომ გასულ უქმეებზე ოქლენდში ავსტრალიას 36:0 სძლია და “ბლედისლოუს თასი” მოიპოვა.
ამის მიზეზი უელსელთა მიერ ინგლისის ნაკრების ძლევა გამოდგა, რამაც თავად “ვარდები” მე-5 ადგილამდე დააქვეითა, მათი ადგილი კი არგენტინის გამამწარებელმა სამხრეთ აფრიკამ დაიკავა.
საინტერესოა, რომ უელსი მხოლოდ მე-4 გუნდია, ვინც კლასიფიკაციის სათავეში მოექცა. აქამდე, ზელანდიელთა გარდა, ეს პატივი ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას რგებიათ.
მოწინავე ათეულში კიდევ ერთი ცვლილება ნიცაში გამართულმა მატჩმა გამოიწვია. საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა შოტლანდიელთა წინააღმდეგობა არ შეიმჩნია, 32:3 დაამარცხა და მე-7 ადგილიდან ჩამოაქვეითა.
უქმეების კიდევ ერთ მატჩში იტალიამ შინაურ კედლებში რუსეთი 85:15 გაანადგურა, თუმცა, ამით რეიტინგში ვერაფერი შეიმატა და კვლავაც, “ბორჯღალოსანთა” ზურგს უკან – მე-13 საფეხურზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრების აქტივში 74.42 ქულაა, მონაგარის გაზრდის შანსი კი ჩვენებურებს აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ექნებათ, როდესაც შოტლანდიელებს ჯერ – შინ, შემდეგ კი სტუმრად ეთამაშებიან.

სრული რეიტინგი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080036