გასულ შაბათს გამართულმა ტესტ-მატჩებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლები ევროპის გრანდებს ისევ აღემატებიან, მაგრამ გამოჩნდა ისიც, ეს სხვაობა ნელ-ნელა მცირდება.
ინგლისი ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და რეიტინგლიდერ ახალი ზელანდიის მისსავე მოედანზე დამარცხებასთან, მაგრამ “ოლ ბლექსმა” მეორე ტაიმში ფანტასტიკური თამაში აჩვენა. ტემპის მატებამ და თავბრუდამხვევმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა, ევროპელებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ.
დებიუტი სტუმრებისა იყო და ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, მალე ლელოს გატანაც შეეძლოთ, როდესაც მეტოქეს დაუფარეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს. ეს შეტევა მაინც ლელოთი დასრულდა. ზელანდიელებმა სიტუაციის სათანადოდ განმუხტვა ვერ მოახერხეს, 7-მეტრა დერეფნიდან დაყენებული მოლიდან ბურთი მარკენ იარდმა მიიღო და მრავალნაცად რიჩი მაკოუს ისე გადაუარა, თითქოს მის წინაშე პატარა ბავშვი იდგა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ინგლისმა 10-ქულიანი ფორა მიიღო. ამის შემდეგ მასპინძლებიც ამოქმედდნენ და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლამის კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
კორი ჯეინს ბურთი შეტევაში, ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში წინ დაუვარდა. სიტუაციას ყველა გამოეთიშა მანუ ტუილაგის გარდა და დაიძრა, მაგრამ ბენ სმიტმა ივაჟკაცა, დიაგონელზე მეტოქეზე სწრაფად ირბინა და საკუთარი გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა. შესვენებამდე “ოლ ბლექსმა” ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში მათ მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს ფლანგზე და სმიტმა ლელოთი ზელანდია დააწინაურა, ხოლო აარონ კრუდენმა გარდასახვა ზუსტად შესრულა.
ინგლისმა ოუენ ფარელის ჯარიმით წონასწორობა მალევე აღადგინა, მაგრამ ზელანდიური მანქანა სრული სვლით ამოქმედდა და 50-ე წუთზე ჯულიან სავეამ სწრაფი შეტევა ალამთან ლელოთი დააგვირგვინა. მერე ფარელი სინბინით რომ დაისაჯა, ბარეტმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 64-ე წუთზე მაა ნონუმ ცრუმოძრაობით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და მისი ლელო კვლავ ბარეტმა გარდასახა - 28:13. დასკვნით 10 წუთში ინგლისმა მაგრად იბრძოლა ჯერ მაიკლ ბრაუნმა ორ მცველთან ჭიდილში, ხოლო დამატებულ წუთებზე კრის ეშტონმალელოები გაიტანეს და თამაში 28:27 დასრულდა.
ერთი კვირის წინანდელთან შედარებით, ავსტრალიას მედგრად დაუდგა საფრანგეთი და მეტოქის შეცდომები სათანადოდ რომ გამოეყენებინა, გამარჯვებასაც იზეიმებდა. პირველ ტაიმში სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს. მათ დაწინაურება ლელოთი შეეძლოთ, როდესაც გადაცემა ჩაჭრეს და ფეხით ბურთი ჩათვლის მოედანში შეაცურეს, მაგრამ მცველმა მოიერიშეს დაასწრო. ფრანგებმა შესვენებამდე ორი ჯარიმაც ვერ გამოიყენეს. ამავე პერიოდში ავსტრალიამ ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ მეტ ტომუა უბურთო ბრის დულინის წინააღმდეგ თამაშში დაადანაშაულა და ლელო გააუქმა.
მეორე ტაიმში ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და თავიდან ნიკოლას უაითმა ორი ჯარიმა ვერ გამოიყენა, მაგრამ 53-ე წუთზე ანგარიში ბერნარ ფოლიმ გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე ჯარიმა უაითმა გაიტანა. მატჩის მიწურულს არეული თამაში გაჩაღდა, ფრანგებმა ლელოზე ითამაშეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და და სერიაში 0:2 ჩამორჩნენ.
უელსმა სამხრეთ აფრიკას ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, პირველსავე ტაიმში ოთხი ლელო გაუშვა და 9:28 ჩამორჩა. მატჩის განახლებიდან 10 წუთში, მასპინძლებმა მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატეს (ლელო, გარდასახვა და ჯარიმა), მერე კი, ერთი პრესტიჟის ლელო სტუმრებმაც გაიტანეს.
ბოლო დროს სამოამ რამდენიმე შეხვედრა წააგო, მაგრამ იტალიასთან მატჩში პრაგმატულად ითამაშა, 5 უპასუხო ჯარიმა გაიტანა და 15:0 იმარჯვა. ირლანდიამ არგენტინის ეროვნული ნაკრების სახელით მოთამაშე მეორე გუნდთან (25 მორაგბე აკლია), მეორე თამაში გამართა და ამჯერად 23:17 იმარჯვა. ტაიმი მასპინძლებმა 10:9 მოიგეს, მაგრამ 50-ე და 72-ე წუთებზე ირლანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს და 23:10 დაწინაურდნენ. სულ ბოლოს არგენტინამ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეაცირა, მაგრამ მარცხს თავი ვერ დააღწია.
კანადამ შოტლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა. ტაიმის 8:13 წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ 71-ე წუთზე გაშვებული ჯარიმით 17:19 დამარცხდნენ. ბოლო დროს საგრძნობლად მოძლიერებული იაპონია აშშ-ს წყნარი ოკეანის თასზე ეწვია და 37:29 იმარჯვა. მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 17:17 იყო. მეორე ნახევრის 15 წუთში იაპონელებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, შუაში ჯარიმაც მიითვალეს და 34:17 დაწინაურდნენ. 61-ე და 68-ე წუთებზე მასპინძლებმა ლელოებით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს, ერთი ჯარიმა კიდევ მიიღეს და მარცხი განიცადეს.
ამავე ტურნირზე ფიჯიმ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ტონგა (როგორც მსოფლიო თასზე, ასევე ნოემბრის ტესტ-მატჩებზე, როდესაც თბილისს იაპონიაც ეწვევა) 45:17 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია