ამბები

15:25 | 13.08.2019 | ნანახია 2163 - ჯერ

“ოლ ბლექსს” ლიდერობის შენარჩუნებაში ინგლისი დაეხმარა

მსოფლიო რაგბის მიერ განახლებულ რეიტინგში არაერთი ცვლილება მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ უკიდურესად დაიძაბა ვითარება მის სათავეში. კლასიფიკაციის მოწინავე ხუთ ნაკრებს შორის სხვაობა მხოლოდ 2.21 ქულაა, ეს კი, დიდი ხანია არ ყოფილა.
გასული უქმეების ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი პერთში შედგა, სადაც ავსტრალიელებმა ახალი ზელანდია 47:26 დაამარცხეს და “ოლ ბლექსს” პოზიციები შეურყიეს. 1 დღის განმავლობაში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველად, “შავები” ლაივ-რეიტინგში მე-2 ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი კვირას ინგლისელებმა იხსნეს.
საქმე ის გახლავთ, უორენ გეთლენდის მიერ დარიგებულ უელსელებს ლონდონურ “თვიქენჰემზე” გამარჯვება კლასიფიკაციაში ლიდერობას ოფიციალურად გაუფორმებდა, თუმცა, ედი ჯონსის მიერ გადახალისებულმა “ვარდებმა” არაფერი დათმეს და “დრაკონები” კლასიფიკაციაში მე-2 ადგილზე დატოვეს.
თავად ინგლისმა რეიტინგში მე-4 პოზიციიდან სამხრეთ აფრიკა ჩამოაქვეითა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ “ქურციკებმა” სალტაში არგენტინას უშანსოდ მოუგეს – 46:13.
წყნარი ოკეანის თასის 2019 წლის გათამაშებაში გამარჯვება დაუფასდა იაპონიის ნაკრებს, რომელმაც ტიტული აშშ-სთან გამარჯვებით (34:20) გაიფორმა და მე-9 საფეხურზე აინაცვლა. აზიელებმა ფიჯისა და არგენტინის ნაკრებები ჩამოაქვეითეს და მათთვის სარეკორდო ნიშნულს უწიეს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ერთხელ უკვე ეკავათ.
74.42 ქულით კვლავაც მე-12 ადგილზე რჩება საქართველოს ნაკრები, რომელიც ხსენებული ცვლილებების შემდეგ, არგენტინის ზურგს უკან აღმოჩნდა. სათქმელია ისიც, რომ “ბორჯღალონების” უახლოეს მდევრად ისევ იტალია იქცა, რომელმაც ამერიკელთა წაფორხილებით ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს კლასიფიკაციაში წინსვლის შანსი აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ექნებათ, როდესაც მსოფლიოს მე-7 გუნდ შოტლანდიას ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ედინბურგში ეთამაშებიან.

სრული რეიტინგი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:35 | 14.08.2019
giorealist (26)

ანუ, 27 აგვისტოს კინგსთან თამაში რეიტინგზე არ იმოქმედებს საერთოდ? სამწუხაროა..

0.089475