4 ერი

13:10 | 11.08.2019 | ნანახია 940 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა ჩემპიონია!
“ოლ ბლექსი” ავსტრალიაში დამარცხდა

რაგბი ჩემპიონშიპის 2019 წლის გათამაშებას საინტერესო დასასრული ჰქონდა. ტურნირის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა, რომელმაც სტუმრად არგენტინას სძლია და ავსტრალიაში ახალი ზელანდიის მოულოდნელი მარცხით ჩინებულად ისარგებლა.
დროის მხრივ, პირველი პერთში გამართული შეხვედრა გახლდათ. “ოპტუს სთედიუმზე” 60 ათასზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა და ოზების დიდებული თამაშიც იხილა. აღსანიშნავია, რომ შეტევაში “ოლ ბლექსიც” ჩინებულად გამოიყურებოდა, თუმცა, დაცვაში გარჯა ბევრ კითხვას ტოვებდა.
ზელანდიელთა საქმეები მას შემდეგ აირია, რაც ისინი მოედანზე 14 მორაგბის ამარა დარჩნენ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სკოტ ბარეტმა მაიკლ ჰუპერს იდაყვი მიარტყა, რაც ფრანგ რეფერი ჟერომ გარსეზს შეუმჩნეველი არ დარჩენია და სტუმართა მეორეხაზელს წითელი ბარათი უჩვენა.
საბოლოო ჯამში, “ვოლაბებმა” ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 6-ჯერ დაალელოვეს (დუბლი რის ჰოჯმა შეასრულა), კრისტიან ლეალიიფანომ კი გარდასახვა-ჯარიმებით 13 ქულა მიითვალა და მასპინძლებმა 47:26 იმარჯვეს. შედეგად, ავსტრალიელებმა ზელანდიელები მე-3 ადგილამდე დააქვეითეს, თავად კი ბლედისლოუს თასის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
მსოფლიო თასის გამო, ერთ წრედ ჩატარებული შეჯიბრის ჩემპიონი სრულიად დამსახურებულად გახდა სამხრეთ აფრიკა, რომელიც “ოლ ბლექსს” სტუმრად დაუზავდა, ხოლო ავსტრალიასა და არგენტინას დამაჯერებლად აჯობა.
“ქურციკებმა” დასკვნითი შეხვედრა სალტაში ჩაატარეს და ბოლო პერიოდში აშკარად დემორალიზებულ “პუმებს” 46:13 სძლიეს. 22 ათასამდე ქომაგის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთამერიკელებმა მხოლოდ საწყის წუთებში გაიბრძოლეს, როდესაც შუამარბმა სანტიაგო კორდერომ ლელო დადო, შემდეგ კი, მოედანზე 1 გუნდი იყო.
მატჩის გმირად აფრიკელთა მგეზავი ანდრე პოლარდი გახდა, რომელმაც სტუმრებს 31 ქულა (2 ლელო, 3 გარდასახვა, 5 ჯარიმა) მოუტანა, დანარჩენი ლელოები კი მბონგენი მბონამბიმ, მაკაზოლე მაპიმპიმა და ჩესლინ კოლბემ მიითვალეს. არგენტინა სრულად დაიჩაგრა შერკინებაში, რამაც მათ ბრძოლის ჟინი წაუხდინა.
ვთქვათ ისიც, რომ რაგბი ჩემპიონშიპის დაარსების შემდეგ, სამხრეთ აფრიკამ ტიტულის მოპოვება პირველად მოახერხა. “ქურციკებს” უწინდელი სამი ერის გათამაშება 2009 წელს ჰქონდათ მოგებული, ამდენად, მორიგ ტრიუმფამდე ზუსტად 10 წელი მოუხდათ ლოდინი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.071439