მსოფლიო რაგბმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 74.42 ქულით მე-12 ადგილი შეინარჩუნა.
“ბორჯღალოსნებს” წინსვლის შანსი აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ექნებათ, როდესაც 2019 წლის მსოფლიო თასის წინ საკონტროლო ტესტებს ჩაატარებენ.
ცხადია, სამხრეთაფრიკულ “ქინგზთან” მატჩი (27 აგვისტოს) სათვალავში მისაღები არაა, შოტლანდიელებთან შეხვედრების (31 აგვისტო და 6 სექტემბერი) შედეგები კი რეიტინგში აუცილებლად აისახება.
ამასობაში, წყნარი ოკეანის თასზე მოპოვებული მე-2 გამარჯვების წყალობით იხეირა აშშ-ს ნაკრებმა. ამერიკელებმა ფიჯის დედაქალაქ სუვაში სამოელებს 13:10 სძლიეს, თავი 72.53 ქულას მოუყარეს და სწორედ “ბორჯღალოსანთა” უკან განლაგდნენ.
აღნიშნული წარმატების წყალობით, აშშ-ს გუნდმა უკან იტალია (72.04) და ტონგა (71.49) მოიტოვა, რომელმაც თავის მხრივ, ჰიგაშიოსაკაში მასპინძელ იაპონიასთან უშანსოდ – 7:41 დამარცხდა.
კლასიფიკაციაში ცვლილებებს წყნარი ოკეანის თასის დასკვნითი რაუნდის შემდეგაც უნდა ველოდეთ, როდესაც ტიტულისთვის აშშ იაპონიას შეერკინება, ტონგა კანადას დაუხვდება, ხოლო ფიჯი სამოას უმასპინძლებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალ უქმეებზე რაგბი ჩემპიონშიფის 2 შეხვედრაც ჩატარდება. რეიტინგის უდავო ლიდერი ახალი ზელანდია მეექვსეადგილოსან ავსტრალიას ესტუმრება, ხოლო არგენტინის ნაკრები სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგ რეიტინგში რომ რამე ეყაროს.... ))))