2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 50 დღით ადრე, ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა მზადებას ანტალიაში განაგრძობს.
მე-9 ტურნირი 20 სექტემბერს მასპინძელი იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, ჩვენი გუნდი კი პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტაში უელსთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, მზადების პროცესით კმაყოფილია:
„მზადებით და ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ. ბიჭები უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო, თუმცა ყველას ესმის, რომ ასე უნდა იყოს, თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს“.
ჰეიგი თურქეთში არსებულ მოსამზადებელ პირობებს იდეალურს უწოდებს და ბედნიერია, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა:
„ბელეკში მდებარე სპორტკომპლექსი „გლორია“ ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველაფერია მსოფლიო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად და ასეთი მაღალი დონის სავარჯიშო პირობები უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ“.
"კინგსი" - იდეალური მოწინააღმდეგე შოტლანდიამდე
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიასთან გასამართ ორრაუნდიან ტესტ-მატჩებამდე ბორჯღალოსნები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს, "საუზერნ კინგსს" შეხვდება.
თამაში 27 აგვისტოს, 19:15 საათზე დაიწყება და ჰეიგი ფიქრობს, რომ "კინგსი" შოტლანდიელებთან მატჩამდე იდეალური ვარიანტია, სამი თამაში კი გუნდს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად დაეხმარება:
„დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკულ "კინგსს", რომელიც თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლას დათანხმდა. ადრე ეს გუნდი ზე-რაგბში თამაშობდა, ახლა კი პრო 14-ში რეგულარულად ხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც "ლენსთერი" და "მანსთერი" არიან. შოტლანდიელებთან შეხვედრებამდე, ის ჩვენთვის იდეალური მოწინააღმდეგე იქნება“.
„მსოფლიო თასამდე გასამართი მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ როგორ უნდა ვითამაშოთ იაპონიაში. ჩვენ გვექნება ახალი ვარიანტები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ სამი თამაშის შემდეგ, ჩვენი სისტემა, ტაქტიკა და მოთამაშეები მზად იქნებიან ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდ“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია