წყნარი ოკეანის თასი

15:20 | 25.07.2019 | ნანახია 2970 - ჯერ

წყნარი ოკეანის თასი 2019
პირველობისთვის ექვსეული იბრძოლებს

27 ივლისს სტარტს აიღებს წყნარი ოკეანის თასის გათამაშება რაგბში, სადაც სწორედ იმ მეორე ეშელონის ნაკრებები ჩაებმებიან, რომელთაც საქართველოს ეროვნული გუნდიც მიეკუთვნება.
ტურნირის საიუბილეო მე-15 გათამაშებამ ამჯერად თავი უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა, რაც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას უნდა მივაწეროთ. შეჯიბრის ტრადიციული მონაწილეების (ფიჯი, სამოა, ტონგა) გარდა, პირველობისთვის აშშ, იაპონია და კანადა იბრძოლებენ.
ბოლოს, ტურნირზე ამგვარი შემადგენლობა გასული, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ შეიკრიბა, სულ კი, აღნიშნულ ექვსეულს შორის შეჯიბრი მხოლოდ 4-ჯერ (2007, 2008, 2014, 2015) ჩატარებულა.
ყველაზე მეტჯერ (5) წყნარი ოკეანის თასი ფიჯელებს აქვთ მოგებული, ამასთან, 4 ტიტული მათ ზედიზედ (2015-18) მიითვალეს. 3-3 ჩემპიონობა აქვთ აქტივში სამოასა და “ჯუნიორ ოლ ბლექსს”, რომელსაც შეჯიბრში მონაწილეობა ბოლოს 2009 წელს აქვს მიღებული. 2-ჯერ პირველობა იაპონიის ნაკრებს ერგო (2014 წელს ტიტული სამოასთან გაიყო), ერთხელ კი – “მაორი ოლ ბლექსმა”.
მომავალი გათამაშების უმთავრეს ფავორიტად ფიჯი მოიაზრება, რომელმაც მსოფლიო თასისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო და “მაორებთან” ორ საკონტროლო მატჩში ერთი გამარჯვება იზეიმა. სავარაუდოა, რომ “მფრინავი ფიჯელების” უმთავრესი კონკურენტი მსოფლიო თასის მასპინძელი იაპონია იქნება, რომელიც კუნძულელებს შინაურ კედლებში დაუხვდება.
წილისყრის შედეგად, ა ჯგუფში თავი ფიჯიმ, ტონგამა და აშშ-მ მოიყარეს, ბ-ში კი კანადა, იაპონია და სამოა მოხვდნენ. მსოფლიო რაგბის მიერ მისი ეგიდით ჩატარებული ტურნირებისთვის დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნაკრებები ძალებს არა თავის, არამედ, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან მოსინჯავენ.

კალენდარი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):
27 ივლისი
06:00 სამოა – ტონგა (აპია)
09:50 იაპონია – ფიჯი (კამაიში)

28 ივლისი
04:00 აშშ – კანადა (დენვერი)

3 აგვისტო
06:30 სამოა – აშშ (სუვა)
09:15 ფიჯი – კანადა (სუვა)
14:10 იაპონია – ტონგა (ოსაკა)

9 აგვისტო
07:00 ტონგა – კანადა (ლაუტოკა)

10 აგვისტო
08:35 იაპონია – აშშ (სუვა)
11:15 ფიჯი – სამოა (სუვა)

მატჩების ტრანსლაცია ამ ბმულზეა დაგეგმილი

https://www.youtube.com/user/irb/videos?disable_polymer=1


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:08 | 26.07.2019
გორდა (250)

წელს შოტლანდიას ვეთამაშებით ორჯერ და რათქმაუნდა ეს უპირატესია ვიდრე წყნარი ოკეანის თასი, აი სხვა შემთხვევაში კი აქ ჩვენ კანადელების მაგივრად რომ ვიყოთ ძალიან მაგარი იქნებოდა. ოღონდ, როგორც წელს, ძირითადი მოთამაშეების ჩართულობით (ყველა ნაკრებს ვგულისხმობ)ვფიქრობ ორგანიზარტორებიც ჩვენს მიწვევას მიანიჭებენ უპირატესობას.

0.105314