ოლიმპიადა

12:35 | 9.07.2019 | ნანახია 2332 - ჯერ

7-კაცა საფრანგეთში შესარჩევზე
სამი ცვლილებით ოლიმპიური თამაშების შესარჩევზე

საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები გამთენიას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

ტოკიოს ზაფხულის თამაშების საგზურისთვის 13-14 ივლისს კოლომიეში 12 გუნდი იბრძოლებს - 9 მოწინავე გრან პრიდან, ორი საუკეთესო „ალაფიდან“ და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული. ისინი სამ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14-ში ფლეი ოფები გაიმართება.

პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნების საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება.

საქართველო კოლომიეში „გ“ ჯგუფში, ინგლისის, გერმანიისა და ლიტვის ნაკრებებთან ითამაშებს. 13 ივლისს პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 14:22 საათზე გერმანიასთან გვაქვს; 16:45 საათზე ინგლისს ვეთამაშებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:30 საათზე ლიტვასთან მატჩით ვასრულებთ.

„ა“ ჯგუფში საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებები მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში კი ირლანდიის, ესპანეთის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ უკვე შეარჩია ის 12 მორაგბე, რომლებიც საფრანგეთში ითამაშებენ. ტრავმა მოიშუშა და მოსკოვის ეტაპის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. მოსკოვში არ უთამაშიათ და კოლომიეში მიდიან იაგო ხაბულიანი და ლაშა ლომიძე.

საფრანგეთში გაემგზავრნენ: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082003