“თბილისის თასის” პარალელურად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში “IRB-ს ერთა თასის” მეორე შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ერთა თასზე - რუმინეთი და რუსეთის ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ და დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა გამარჯვება დასკვნით წუთებზე მოიპოვეს. “მუხებმა” “დათვების” წინააღმდეგ ექსპერიმეტული შემადგენლობა დააყენეს, განსაკუთრებით პირველ-მეორე ხაზში, სადაც ორი სულაც დებიუტანტი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა.
თამაშში მრავლად იყო ტექნიკური წუნი და ამის გამო დანიშნული შერკინებები. ასევე, მორაგბეები ხშირად სცოდავდნენ და რეფერიმ ოთხი რუსი და ორიც რუმინელი მორაგბე გაასინბინა. სტუმრებმა მიძალება რომ მოიგერიეს, მერე მე-9-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღეს და ფლორინ ვლაიკუმ ანგარიში გახსნა. ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა, ახლა უკვე რუსებმა მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება და რამილ გასინმა წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე “დათვებმა” პირველად შეუტიეს და ანდრეი ტემნივმა ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო გასინმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ტაიმის ბოლოს რუმინელებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მომდევნო 20 წუთი სრულად რუსების იყო. მართალია 45-ე წუთზე ანდრეი იგრეცოვი სინბინით დაისაჯა, მაგრამ მალევე მის გზას ვალენტინ პოპერლანი გაუყენა და გასინმა ჯარიმა გაიტანა. განახლდა მატჩი და სინბინით ვიორელ ლუკაჩიც დაისაჯა, რიცხობრივი უპირატესობით კი, რუსებმა ისარგებლეს და ალექსანდრ იანუშკინმა გარღვევაზე ბურჯი გრიგოლ ცნობილაძე გაიყვანა (შეუცვლელად ითამაშა), რომელიც ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გაჭირვებით შეაჩერეს, თუმცა, ბურთი სწრაფად გათავისუფლდა და ვლადიმირ ოსტროუშკომ ლელო გაიტანა. გასინს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ რუსეთი 18:6 დაწინაურდა და ბევრმა სტუმრებს გამარჯვება წინდაწინ მიუთვალა.
მაგრამ ბოლის “მუხებმა” მაგრად მოინდომეს და მეტოქე ლელოს მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე გადაურჩა, რასაც 67-ე წუთზე შეუცვლელად მოთამაშე კვაჭის - ვალერი ცნობილაძის სინბინი მოყვა. მასპინძლებმა შერკინება ირჩიეს, მეტოქე დაჩაგრეს და ლელო გაიტანეს, მაგრამ რუსები რომ დაჯარიმდნენ, რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა ვლაიკუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. რუმინელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, მარჯვენა ფლანგზე მაგრად უტიეს, ამას ჩხუბი მოჰყვა და ვიქტორ გრესევი სინბინით დაისაჯა, “მუხებმა” შერკინება ირჩიეს, მეტოქე ისევ დაჩაგრეს და საჯარიმო ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს - 20:18! თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, მაგრამ დაახლოებით ერთ წუთში, როდესაც რეფერის შანსი მიეცა, მატჩის დასრულება ბრძანა და რუმინეთს გამარჯვება გაუფორმა, რითაც მასპინძელი გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურა. რუმინელთა რიგებში 46-ე წუთიდან ითამაშა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.
მეორე მატჩში ურუგვაიმ ჯარიმით ანგარიში მე-5-ე წუთზე კი გახსნა, მაგრამ “მზარდი ირლანდიისგან” კატასტროფულ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა. ირლანდიამ შესვენებამდე სამი ლელო, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა,მეორე ნახევარში კიდევ ოთხი ლელო და ჯარიმა მიითვალა და 51:3 იმარჯვა.
22 ივნისს რუსეთი ურუგვაის ეთამაშება. დიდია ალბათობა იმისა, რომ 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რეპეშაჟში, დასკვნით რაუნდში, ურთიერთობის გარკვევა სწორედ ამ გუნდებს მოუწიოთ და ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება, მერე კი, რუმინეთი ირლანდიას დაუპრისპირდება და მსაჯების დახმარებით მთავარი ჯილდოს დაუფლებას ეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია