საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ გამთენიისას პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც 22-23 ივნისს რაგბი ევროპის „ალაფის“ მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.
პირველ ეტაპს ორი კვირის წინ უნგრეთმა, ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა ორი თამაში მოიგო, ერთი ჯგუფურ ეტაპზე, ერთი ფლეი ოფში და 12 გუნდში მე-10 ადგილი დაიკავა.
7-ქალამ შარშან „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო და „ალაფაზე“ აღზევდა, წელს კი მიზნად მეორე დონეზე ადგილის შენარჩუნებას ისახავს. ამისათვის საჭიროა, რომ ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ორი ტურის ჯამში ათეულში მოხვდნენ.
[I-//bms.adjarabet.com/BMS/bms.php?i=445-90]
ლისაბონში საქართველოს ნაკრები „გ“ ჯგუფში, ჩეხეთის, ფინეთისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირს ჩეხებთან მატჩით ვხსნით და ის 22 ივნისს, საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება; 17:07 საათზე ფინეთს ვხვდებით, რომელსაც ორი კვირის წინ უნგრეთშიც ვეთამაშეთ და ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით (5:12); ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:52 საათზე უნგრეთთან მატჩით ვასრულებს, რომელსაც ორი კვირის წინ ჯგუფურ ეტაპზე 26:5 მოვუგეთ, მე-9 ადგილისთვის შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 21:7.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გუნდს მეტის მიღწევა შეეძლო:
„უნგრეთში გამართულმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ მთლიანობაში მეტის მიღწევა შეგვეძლო. ფინეთთან ორი ნაღდი ლელო ვერ გავიტანეთ, მაგრამ მაშინ, როდესაც წინ მეტოქე აღარ რჩებოდა, ერთხელ ბურთი დაგვივარდა და მეორედ წინპასი გავაკეთეთ, არადა, ეს რომ მოგვეხერხებინა ზედა 8 გუნდს შორის მოვხვდებოდით. უნგრეთი ჯგუფურ ეტაპზე დავამარცხეთ, ფლეი ოფში კი ტრავმირებული მოთამაშეები დაგვაკლდნენ და სასურვეელ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ახლა ამ გუნდებს ლისაბონში შევხვდებით. ასევე ვეთამაშებით ჩეხეთს, რომელსაც დიდი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გოგონები ყავს. ამ გუნდს ბონის ტურნირზე შევხვდით და თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, მათთან წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. მთლიანობაში, გვქონდა პატარ-პატარა ხარვეზები, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე პიველ ეტაპზე გვქონდა“.
პირველი ეტაპის შემდეგ გუნდში ერთი ცვლილებაა. ანი კაპანაძის ნაცვლად, ლისაბონში მარიამ გოგუაძე მიდის, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. უნგრეთში პირველსავე მატჩში დაშავდა გუნდის კაპიტანი ქეთი მოდებაძე, რომელიც ახლა სრულ მზადყოფნაშია.
ბუდაპეშტიდან დაბრუნების შემდეგ, გოგონებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, რის შემდეგაც 4-დღიანი შეკრება გაიარეს მარტყოფის ბაზაზე.
„უნგრეთში გამოჩნდა, რომ გადაღლილები ვიყავით და გოგონებს დასვენების საშუალება მივეცით. გვქონდა შეკრება მარტყოფში, სადაც რელაქსაციისა და სპორტული თვალსაზრისით იდეალური პირობებია. ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, გვქონდა ვიდეო-ანალიზი და ვფიქრობთ, ახლა სრულ მზადყოფნაში ვართ. მიზანი „ალაფაზე“ ადგილის შენარჩუნებაა და პორტუგალიაშიც იმედიანად მივემგზავრებით“ - ამბობს მალაღურაძე.
ლისაბონში ითამაშებენ: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თაკო მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები! თქვენ ეს შეგიძლიათ.