7-კაცა

18:43 | 14.06.2019 | ნანახია 1479 - ჯერ

7-კაცა - ჭაბუკთა "ბ" ლიგის ფინალური ეტაპი გორში

ხვალ გორის ჭალის სტადიონზე ჭაბუკთა „ბ“ ლიგის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება 7-კაცა რაგბში.

მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც შესარჩევი ეტაპის შედეგად შეირჩნენ - 7 აღმოსავლეთ და 5 დასავლეთ საქართველოდან. დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს შესარჩევი ეტაპი ორი კვირის წინ, რეგიონალური პრინციპით გაიმართა.

დასავლეთი

დასავლეთის ეტაპს ქუთაისმა უმასპინძლა და მასში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ორ ჯგუფში, 6-6 გუნდად გადანაწილდნენ.

„ა“ ჯგუფში ფოთის ‘კოლხი რაინდები’, ხაშურის ‘ლეგიონი’, ქუთაისის ‘არესი’, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’, ზესტაფონის ‘ არწივები’ და ‘ჩაქვი’ მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში ქუთაისის ‘აია’, ქობულეთის ‘პონტო’, სურამის ‘მგლები’, ‘ზუგდიდი’, ვანის ‘არგო’ და ‘ჭიათურა’ თამაშობდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა 5-5 თამაში გამართა, თითო 7-წუთიანი ტაიმით. ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავიდნენ და შესაბამისად, დასკვნითი ეტაპის საგზურიც ნაადრევად მოიპოვეს. „ა“ ჯგუფში 4-4 თამაში მოიგეს ‘არესმა’ და ‘ჩაქვმა’. ‘არესი’ ‘ჩაქვთან’ 10:15 დამარცხდა, თუმცა 10:0 დაამარცხა ‘კოლხი’ რაინდები’. ფოთელებმა ‘ჩაქვს’ 10:5 აჯობეს, თუმცა ფრედ ითამაშეს ‘ტაოსთან’ და მეხუთე ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა. ორი მოგებით მეხუთე ადგილის ნახევარფინალში მოხვდა ‘არწივები’.

„ბ“ ჯგუფში ოთხი გამარჯვება იზეიმა ‘აიამ’, ბოლო ტურში ‘პონტოსთან’ დამარცხდა, თუმცა პირველი ადგილი მაინც მას დარჩა. მეორე ადგილზე ‘ზუგდიდი’ გავიდა, რომელმაც ‘არგოს’ მსგავსად სამი თამაში მოიგო, თუმცა მეტოქეს ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით აჯობა - 15:5. მეხუთე ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა ‘არგომ’ და ‘პონტომ’.

თასის ნახევარფინალში ‘ჩაქვმა’ ‘ზუგდიდს’ 20:5 მოუგო, ‘აიამ’ კი თანაქალაქელი ‘არესი’ 10:5 დაამარცხა. ფინალში ‘აიამ’ ‘ჩაქვს’ 30:5 მოუგო, ხოლო ‘არესმა’ ‘ზუგდიდი’ 20:0 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. მეხუთე, გამსვლელი პოზიცია ‘კოლხმა რაინდებმა’ დაიკავა, რომელმაც ჯერ ‘პონტოს’ სძლია 15:0, მერე ‘არწივებს’.

აღმოსავლეთი

აღმოსავლეთ საქართველოში, შესარჩევ ტურნირს რუსთავმა უმასპინძლა, მასში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ორი მათგანი უკონკურსო იყო (ლელო2 და ხვამლი2). ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ: „ა“ ჯგუფი - ‘ხვამლი’, ‘წიქარა’, ‘იუნკერები-ჩოხოსნები’, ‘ლელო2’; „ბ“ ჯგუფში - ‘ლელო’. ‘არმია’, ‘გარდაბანი’, ‘ხვამლი2’; „გ“ ჯგუფი - ‘ლოკომოტივი’, ‘თბილისი’, ‘ხულიგანა’, პატარძეულის ‘ვეფხვები’; „დ“ ჯგუფში - ‘აკადემია’, რუსთავის ‘ხარები’, გორის ‘გორდა’, გორის ‘ჯიქი’.

ჯგუფურ ეტაპზე თითო 7-წუთიანი ტაიმი გაიმართა და ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა. „ა“ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო უკონკურსო ‘ლელო2’-მა, ‘ხვამლი’ მეორე ადგილზე გავიდა; „ბ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა ‘ლელომ’ და ‘ხვამლი2’ მეორე იყო; „გ“ ჯგუფის გამარჯვებული ‘თბილისი’ გახდა, ‘ლოკომოტივმა’ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „დ“ ჯგუფში ‘აკადემიამ’ და ‘ხარებმა’ ორ-ორი თამაში ერთნაირად მოიგეს, ერთმანეთში ფრე ითამაშეს და პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს.

ფინალში ერთმანეთს ‘ლელო’ და ‘ლელო2’ შეხვდნენ და პირველმა გუნდმა 20:10 იმარჯვა. მესამე ადგილი ‘ხვამლს’ ერგო, რომელმაც ‘თბილისს’ 15:10 სძლია, მეხუთეზე ‘ხვამლი2’-ის ძლევით ‘ლოკომოტივი’ გავიდა, ხოლო ‘აკადემიამ’ ‘ხარები’ მე-7 ადგილისთვის 10:5 დაამარცხა. რადგან მეოთხედფინალში ორივე უკონკურსო გუნდი მოხვდა, ქვედა 8 გუნდის გამარვებული ფინალური ეტაპის საგზურს იღებდა და ეს პატივი ‘იუნკერები-ჩოხოსნებს’ ერგო, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ვეფხვები’ 10:5 დაამარცხა.

ფინალური

ფინალურ ეტაპზე გასული 12 გუნდი ორ 6-6 გუნდა ჯგუფში განაწილდნენ. „ა“ ჯგუფში ‘ლელო’, ‘ჩაქვი’, ‘თბილისი’, ‘ზუგდიდი’, ‘აკადემია’ და ‘იუნკერები-ჩოხოსნები’ ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში ‘აია’, ‘ხვამლი’, ‘არესი’, ‘ლოკომოტივი’, ‘კოლხი რაინდები’ და ‘ხარები’.

თამაშები 12 საათზე დაიწყება და თითოეული გუნდი 5 თამაშს ჩაატარებს - ერთ 7-წუთიან ტაიმს. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, მესამე-მეოთხეები მე-5 პოზიციისთვის იბრძოლებენ, ხოლო ბოლო ადგილოსნები მე-9 ადგილისთვის. ნახევარფინალები 16, ხოლო ფინალები 17 საათიდან იწყება.

შესარჩევი ეტაპების სრული შედეგები და ფინალური ეტაპის განრიგი იხილეთ: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-UXX-7K/

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105927