საერთაშორისო

19:45 | 13.06.2019 | ნანახია 2794 - ჯერ

20-წლამდელები | „ეს მაქსიმუმი არ არის“

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიელ თანატოლებს თამაში დასკვნით მეოთხედში შემოუტრიალეს და 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმეს - 17:12.

ჩვენი გუნდის 12 ქულა - ლელო, ჯარიმა და 2 გარდასახვა გუნდის კაპიტნის, თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელიც დღეს იუბილარია და თანაგუნდელებმა მას შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს.

„პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. მე-2 ტაიმში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტს ვუტევდით. ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ქვეყნით!“ - თქვა ნამატჩევს აბჟანდაძემ.

შედეგით კმაყოფილი დარჩა ჩვენი სამწვრთნელო შტაბიც, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს იწვევდა, რაზეც მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ისაუბრა:

„მოგება ყოველთვის კარგია და შედეგით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, არ ვთვლით, რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი, ან მაქსიმუმთან მიახლოვებული თამაში იყო. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გუნდს მეტის რესურსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის შედეგი სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლიდა, ბიჭები ღელავდნენ და ნერვიულობის ფონზე ბევრი შეცდომა დავუშვით. კარგია, რომ ასეთ ფონზეც მოვახერხეთ ინიციატივის დაუფლება და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა“.

ფიჯისთან გადამწყვეტ მატჩში

მესამე მატჩის მოგებით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს, თუმცა დარჩენილ ორ მატჩს მაინც მე-9 ადგილისთვის გამართავენ. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც „ალაფიდან“ წელს დაწინაურდა.

ფიჯელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს, თუმცა ყველა მათგანში იბრძოლეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. პირველ შეხვედრაში კუნძულელებმა მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს 2 ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ასევე 2 ლელო გაიტანეს მასპინძელ არგენტინასთან და 14:41 წააგეს; ფიჯიმ უელსს 4 ლელო გაუტანა და ბონუსიც აიღო. 67-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო, თუმცა საბოლოოდ უელსმა მეტოქე 44:28 დაამარცხა.

ფიჯის 17 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე როსარიოში ვეთამაშებით. მანამდე, 17:30 საათზე, მე-9 ადგილის მეორე ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება. შეგახსენებთ, გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია მასპინძლობს და შესაბამისად, წელს ისინი ტურნირს არცერთ შემთხვევაში არ დაემშვიდობებიან. შესაბამისად, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მეტოქის შესწავლა უკვე დაიწყო:

„ისე მოხდა, რომ ჩვენ და ფიჯის ყველა თამაში სხვადასხვა ქალაქში გვქონდა და მათი თამაში ჯერ არ გვინახავს. ახლა ცოტას დავისვენებთ და საღამოს (საქართველოს დროით გასულ ღამეს) მათი თამაშის ვიდეო-ანალიზი გვექნება. ანგარიშებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფიჯი ძალიან კარგი გუნდი იქნება. ტრადიციულად, ეს გუნდი ძლიერია ღია თამაშში, ყავს დიდი და სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერები არიან ოფლოუდებისას. აქამდე აქცენტს იმ გუნდებზე ვაკეთებდით, რომლებთანაც თამაში გვიწევდა, ახლა კი მთლიანად ფიჯიზე გადავერთვებით“ - ამბობს ამონაშვილი.

მწვრთნელები კმაყოფილები არიან ბიჭების ფიზიკური მდგომარეობით და ფიქრობენ, რომ მომდევნო შეხვედრას საუკეთესო შემადგენლობით შეხვდებიან:

„გასულ სამ თამაშში დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა ჩვენ შევძელით ძალთა გადანაწილება, ყველა მოთამაშემ მიიღო გამოცდილება და მომდევნო თამაშისთვის ყველა მზადაა. მომდევნო ორი დღე აღდგენას დაეთმობა. გვექნება შეხვედრა სამედიცინო ჯგუფთან და მათგან მივიღებთ სრულ ინფორმაციას მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ“.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:17 | 14.06.2019
krasni (587)

იტალიის მოგება გვაწყობს შოტლანდიასთან და მერე უნდა ავახიოთ სკარპი.

19:16 | 15.06.2019
sabonis (74)

რომც წავაგოთ, მაინც იტალიის მოგება გვაწყობს, რომ ბოლო თამმაში შოტლანდიასთან მოგებით დავრჩეთ, რადგან იტალიასთან მოგებით მაინც ვერ დავრჩებით. თუმცა იმედია ფიჯისთან არ წავაგებთ.

12:18 | 14.06.2019
krasni (587)

სკალპი

0.079373