ამბები

4:01 | 24.06.2014 | ნანახია 5698 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ტურნირში ქართული კლუბი პორტუგალიურს ეთამაშება

ცნობილი გახდა სარაგბო “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ტურნირის ახალი დეტალები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში პირველად ისტორიაში ქართული კლუბიც ითამაშებს, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი-ევროპას (ექს ფირა-აერი) 92-ე გენერალურ ასამბლეაზე დადგინდა, რომ შემოდგომაზე (6 და 13 სექტემბერს) ქართული კლუბი პორტუგალიურს (შესაძლოა, ის ესპანურმა გუნდმა ჩაანაცვლოს) შეერკინება, ხოლო რუმინული – რუსულს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მე-2 ეტაპზე, 20 და 27 სექტემბერს, ქართულ-პორტუგალიური წყვილის გამარჯვებული იტალიურ “როვიგოს” გაეჯიბრება, რუსულ და რუმინულ კლუბებში უმჯობესი კი იტალიის კიდევ ერთ წარმომადგენელ “კალვიზანოს” დაუპირისპირდება.

თუკი ქართულმა კლუბმა ორივე ბარიერი დასძლია, ოქტომბრიდან უკვე “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ რაუნდში ჩაებმება და პირველ ჯგუფში მიმოსვლითი სისტემით უელსურ “კარდიფ ბლუზს”, ფრანგულ “გრენობლს” და ინგლისურ “ლონდონ აირიშს” ეთამაშება.

შესაბამისად, მე-3 ჯგუფს მიაშურებს რუმინულ-რუსულ-იტალიური ბატალიების გამარჯვებული. ამ გუნდს მეტოქეებად ფრანგული “სტად ფრანსე”, ინგლისური “ნიუკასლ ფელკონსი” და უელსური “ნიუპორტ დრაგონსი” ეყოლება.

წილისყრის სრული შედეგები ასე გამოიყურება.

1-ლი ჯგუფი: “კარდიფ ბლუზი” (უელსი), “ლონდონ აირიში” (ინგლისი), “გრენობლი” (საფრანგეთი), რაგბი-ევროპას შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული 1.

მე-2 ჯგუფი: “ექსეტერ ჩიფსი” (ინგლისი), “ბაიონი” (საფრანგეთი), “კონაჰტი” (ირლანდია), “ლა როშელი” (საფრანგეთი).

მე-3 ჯგუფი: “სტად ფრანსე” (საფრანგეთი), “ნიუპორტ გვენტ დრაგონზი” (უელსი), “ნიუკასლ ფელკონსი” (ინგლისი), რაგბი-ევროპას შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული 2.

მე-4 ჯგუფი: “ედინბურგი” (შოტლანდია), “ბორდო-ბეგლი” (საფრანგეთი), “ლონდონ უელში” (ინგლისი), “ლიონი” (საფრანგეთი).

მე-5 ჯგუფი: “გლოსტერი” (ინგლისი), “ბრივი” (საფრანგეთი), “ზებრე” (იტალია), “ოიონაქსი” (საფრანგეთი).

ჯგუფური ეტაპის მატჩები 2014 წელს 16-17-18-19 და 23-24-25-26 ოქტომბერს, 4-5-6-7 და 11-12-13-14 დეკემბერს და 2015 წელს – 15-16-17-18 და 22-23-24-25 იანვარს შედგება.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, მეოთხედფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. 

www.rugbyonline.ru-ის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088056