ლეგენდარულ ქრთველ მორაგბე ბესარიონ ლილუაშვილს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. უნივერსალური თვისებების და უდიდესი ჯანის მქონე მორაგბე, ვინაც გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „სახლმშენის“ წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ვანის რაიონის სოფელ შუა გორაში დაბადებული ბესარიონ ლილუაშვილი, სიყრმის პერიოდიდანვე ჯანიანი და შეუპოვარი ყმაწვილი გახლდათ. წარმატებულ აკადემიურ მოსწრებას სპორტს კარგად უხამებდა. თავიდან ძიუდოთი გატაცებული ბესარიონ ლილუაშვილი ფეხბურთსაც დიდ დროს უთმობდა და ქუთაისის ტრიკოტაჟის კომბინატის გუნდში მოთამაშის უნიკალური სპორტული თვისებები, რიონისპირული რაგბის ლეგენდარული სპეციალისტის შაკო ქურციკიძის თავალთახედვის არეში მოექცა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში, ფართე გაბარიტებისა და ისტორიულ ქართველ მოურავთათვის დამახასიათებელი იერსახის გამო, ლილუაშვილმა „მოურავას“ თიკუნი ირგუნა.
მართალია ბესარიონ ლილუაშვილი ოვალს საკმაოდ გვიან, 23 წლის ასაკში ეზიარა,თუმცა მომადლებული ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ახალგაზრდას ქუთაისის „სახლმშენში“ დამკვიდრება არ გაჭირვებია. ბესარიონს ერთნარი წარმატებით ხელეწიფებოდა შერკინების სამივე ხაზში თამაში, თუმცა თავად უპირატესობას ბურჯის პოზიციას ანიჭებდა. უკვე საკმაო სათამაშო გამოცდილების მქონე ლილუაშვილს, ქართული რაგბის ისტორიის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე დავით კილასონიამ 1981 წელს რესპუბლიკის მოწინავე გუნდში, თბილისის „ლოკომოტივში“ უხმო. ლილუაშვილმა დიდი როლი ითამაშა იმავე წელს „რკინიგზელთა“ მიერ სსრკ-ს ჩემპიონატში ბოლო პოდიუმის, ბრინჯაოს მედლების მოპოვების საქმეში.
4-წლიანი განშორების შემდეგ ლილუაშვილი მშობლიურ „სახლმშენს“ უკვე კაშკაშა ვარსკვლავად დაუბრუნდა. ლილუაშვილმა რიონისპირელებთან ერთად საბჭოეთის ჩემპიონობა 3-გზის მოიგო და ერთხელ სსრკ-ს თასიც შემართა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლილუაშვილის სანაკრებო მოღვაწეობა. საბჭოეთის მთავარი გუნდის რიგებში „მოურავამ“ 2-ჯერ ევროპის ერთა თასის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპვა. საფრანგეთის „ა“ ნაკრებთან კი პარიზში შთამბეჭდავი თამაშის გამო, ფრანგებმა ლილუაშვილს „მფრინავი ტანკი“ შეარქვეს.
დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე, ლილუაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა და სპორტსმენისთვის მოწიფული, 35 წლის ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
მოქმედი სპორტსმენის კარიერა „მოურავამ“ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. ლილუაშვილმა, რამდენიმე ქუთაისელ მორაგბესთან ერთად გურიას მიაშურა და 1992 წელს ჩოხატაურის „ჯანს“ ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა, რაც გურიის რეგიონისთვის რაგბში დღემდე საუკეთესო შედეგია.
ოვალთან განშორების შემდეგ, „მოურავამ“ ერთი ხანობა მწვრთნელობა სცადა და ქუთაისის რაგბის სკოლაში მცირე ხანიც დაჰყო, თუმცა გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარაგბო სამყაროში მოღვაწეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რასაც ბესარიონ ლილუაშვილი დღემდე ყველაზე მეტად ნანობს და განიცდის.
ბესარიონ ლილუაშვილს ამაგი ყველაზე მეტად მშობლიურმა მხარემ დაუფასა. 2017 წელს „მოურავას“ ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია