სიახლეები

23:40 | 1.06.2019 | ნანახია 1264 - ჯერ

მამუკა ბახტაძე პატარა მორაგბეებს შეხვდა
პრემიერი „ნუცუბიძის სტადიონზე“ ბავშვთა ფესტივალს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დღეს „ნუცუბიძის რაგბის სტადიონზე“ მიმდინარე ბავშვთა ფესტივალს ეწვია და დამწყებ მორაგბეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ფესტივალი 10-წლამდე მორაგბეებს შორის 1 ივნისთან დაკავშირებით გაიმართა და მასში 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მამუკა ბახტაძე „ნუცუბიძის“ სტადიონს მილთონ ჰეიგთან და ბორჯღალოსნებთან ერთად ეწვია. ისინი სათითაოდ მიესალმნენ ბავშვებს, ისაუბრეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ფესტივალში მონაწილე თითოეულ გუნდს საჩუქრად გადაეცა ბახტაძისა და ბორჯღალოსნების ავტოგრაფებით დამშვენებული რაგბის ბურთები, ხოლო ყველა მონაწილემ სამახსოვრო სიგელი მიიღო.

მამუკა ბახტაძე: „ყველა ბავშვს და მშობელს დღევანდელ დღეს ვულოცავ. ბაზაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფონდ „ქართუს“ დახმარებით გავხსენით, დღეს პატარა მორაგბეებს შევხვდი. ძალიან მიხარია, რომ რაგბი ყოველდღიურად პოპულარული ხდება და მასში სულ უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ მეტად იაქტიურონ და ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობებზე ატარონ. იცით, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ასევე სრულიად საქართველოს ვულოცავ ნინოობას“.

მერაბ შარიქაძე: „ძალიან სასიამოვნო გარემოა. ამ ბავშვების ტოლი რომ ვიყავი, ასეთ კარგ მოედნებზე ვერც კი ვიოცნებებდი და ასეთი ფუფუნება რომ გვქონოდა, ალბათ ქართული რაგბი დღეს კიდევ უფრო წინ იქნებოდა. ნათქვამია - „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ და ბოლო წლებში არაერთი მოედანი აშენდა, რაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართულ რაგბზე ძალიან დიდ გავლენას იქონიებს. წლების წინ ამდენი გუნდი არ იყო და მოედნის ხარისხიდან გამომდინარე მშობლებსაც არ ჰქონდათ ბავშვის რაგბზე მიყვანის სურვილი. ახლა ისეთი გარემოა, რომ ყველა სიამოვნებას იღებს და მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგია, მიიყვანონ ბავშვები რაგბზე, რადგან ეს მათაც გამოადგებათ და ბავშვებსაც“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083085