ბორჯღალოსნები

19:40 | 31.05.2019 | ნანახია 2250 - ჯერ

საქართველო XV | ინგლისელებთან სათამაშოდ 30 შეირჩა

საქართველო XV ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.

ამ ფორმაციის ნაკრები, რომელიც მხოლოდ დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, პირველად შარშან ზაფხულში შეიკრიბა და თბილისში, „ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV-ს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშა. მეორედ საქართველო XV-მა ამა წლის მარტში კრასნოდარში, რუსეთი XV-ის წინააღმდეგ ითამაშა.

ამჯერად გუნდი ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან მატჩებისთვის ემზადება და შეკრებაზე ქუთაისში, ‘აიას’ არენაზე 31 მაისს შევა. პირველი თამაში სწორედ ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართება და 7 ივნისს 18 საათზე დაიწყება. გუნდი მზადებას ქუთაისში განაგრძობს, 10 ივნისს თბილისში ჩამოვა და 11-ში, 18საათზე, ინგლისელებს „ავჭალაზე“ შეხვდება.

საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, რომლებიც ამ თამაშებისთვის მოემზადებიან. წინა შეკრებებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი სიახლეა. შეკრებაზე დიდი 10-ის მოთამაშეებთან ერთად ორი ლეგიონერია, ორივე ინგლისიდან.

ერთ-ერთი მათგანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ. ‘ექსეთერის უნივერსიტეტის’ მორაგბემ, რომლის სიმაღლე 2 მეტრზე მეტია, უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ორი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა. გულშემატკივრებმა მისი თამაში პირველად 2017 წელს, თბილისსა და ქუთაისში გამართული ჩემპიონატისას ნახეს, მეორედ კი შარშან საფრანგეთში ითამაშა. 21 წლის მორაგბე, რომელმაც თავდადებული თამაშით გამოიჩინა თავი, ამჯერად ძალებს საქართველო XV-ში მოსინჯავს.

მეორე ლეგიონერი ბურჯი რამაზ რუხაძეა. 25 წლის მორაგბე ინგლისის მესამე დივიზიონის კლუბ ‘კემბრიჯში’ თამაშობს და საქართველო XV-ში თამაშის სურვილი თავად გამოთქვა.

მთლიანობაში, 30-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში 18 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. ყველაზე მეტი - 9 მოთამაშე საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმიდანაა’, 5 მორაგბითაა წარმოდგენილი ფინალისტი რუსთავის ‘ხარები’, ოთხით ‘აკადემია’, სამით ქუთაისის ‘აია’, ორ-ორით მარნეულის ‘არმაზი’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსი’, ხოლო ‘ლოკომოტივს’, გორის ‘ჯიქს’ და პატარძეულის ‘ვეფხვებს’, საქართველო XV-ში თითო მოთამაშე ყავთ.

მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გუნდის კაპიტანს შეკრების დაწყების შემდეგ შეარჩევს, მანამდე კი შემადგენლობასა და მიზნებთან დაკავშირებით საუბრობს:

„მორაგბეთა ერთი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ნაკრებშია (ეროვნული, 20-წლამდე და 7-კაცა) გამოძახებული, თუმცა ისინი, ვინც ჩვენ შევარჩიეთ, არავის ჩამოუვარდებიან. ეს კონტიგენტი ამ თამაშებისთვის სრულიად საკმარისი იქნება. მეორე ხაზში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც მესამე ხაზშიც გამოვიყენებთ. ამ გუნდის მიზანია, რომ დიდი 10-ის კლუბებში მოთამაშე მორაგბეებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ, თუმცა ამ ჯერზე ინგლისიდან ორი ლეგიონერი გამოვიძახეთ და მათ შესაძლებლობებსაც დავაკვირდებით“.

„ვეცდებით კარგი, სწრაფი და ხელდახელ თამაშები ვაჩვენოთ. ინგლისის საგრაფოების ნაკრები საქართველოში ადრეც იყო ჩამოსული და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ველოდებით, რომ მათ ახლაც ძლიერი გუნდი ეყოლებათ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე გასული თითოეული მორაგბე მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებს. თამაშებს მილთონ ჰეიგიც დაესწრება და არაა გამორიცხული, ამ შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე ნაკრებთან ერთად ვიხილოთ“.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება

ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1), ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი, 1), ირაკლი ჩომახაშვილი (ხარები, 1), ლევან ლომაური (აკადემია, 2), ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), ნოდარ მექერიშვილი (აკადემია, 3), რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი, 1-3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია, 4), კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი, 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე აქუბარდია (ხარები, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5-6), გურამ შენგელია (ჯიქი, 6-7), რევაზ წიკლაური (აია, 8), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 8);

ხაზი

ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი, 9), კობა ბუჯიაშვილი (ხარები, 9), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი, 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), მამუკა ნინიძე (ბათუმი, 10-15), ალექსანდრე სვანიძე (არმაზი, 11-14), ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი, 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), რეზო ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი, 13), გიორგი გოგიტიძე (ბათუმი, 13), დავით გობეჯიშვილი (აია, 15).

rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:04 | 03.06.2019
ზებე (86)

როდემდე გააგრძელებს რაგბის კავშირი რუსეთის ერთი ადგილის ლოკვას?სამარცხვინოა რუსეთთან ამხანაგურების დანიშვნა სამარცხვინოები ხართ მაგიტომ.მათ საერთოდ არუნდა ეთამაშებოდეთ და ესენი კიდევ ამხანაგურებს ნიშნავენ.ცარიელი ტრიბუნების ღირსები ხართ ღრუსებთან მატჩზე ლოკომოტივზე არავინ არუნდა მოვიდეს

18:32 | 02.06.2019
გორდა (250)

უცნაურია, შემოდგომაზე რუსეთში, რუსეთის ა ნაკრების წინააღმდეგ ხარებიდან არავინ არ ყავდათ წაყვანილი.

0.276451