სიახლეები

19:15 | 30.05.2019 | ნანახია 1957 - ჯერ

სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000-ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.

შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს და საქმეში არასებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი.

როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ეს არის უსამართლო ქვეყანა! ეს არის ქვეყანა, სადაც სამართალს ვერ იპოვი. ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია ყველასთვის, მხოლოდ ჩემს შვილზე არ არის საუბარი. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული. კანონის ფარგლებში ბრძოლას ვაპირებ.

ჩვენ ოჯახი გაგვინადგურდა, შვილი და რძალი ამ უპასუხისმგებლო, თავხედი ადამიანის გამო აღარ მყავს, ყველამ იცის, რა მოხდა. 5 წლის ბავშვი უპატრონოდ დამრჩა. უნამუსობის მეტი, რა შეიძლება ამას დაერქვას?

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, არ მეგონა, თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ ამ ადამიანს, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 4 ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და მისი მეუღლის სიცოცხლეზე, ის საწყალი გოგოც დაიღუპა აბსოლუტურად უპასუხისმგებლობის გამო“, - განაცხადა პაპასკირმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

www.ipn.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082637