ბორჯღალოსნები

17:40 | 30.05.2019 | ნანახია 2699 - ჯერ

ვიტო კოლელიშვილი - რაგბიდან არ წავსულვარ!
ბორჯღალოსანმა ერთწლიანი პაუზა აიღო

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლიო თასსაც გამოტოვებს.

29 წლის მორაგბე მოედანზე ბოლოს 2018 წლის 6 ოქტომბერს გავიდა, თუმცა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ, მე-6 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მხოლოდ მეორე თამაში იყო და რადგან ტვინის შერყევის მძიმე სიმპტომები ჰქონდა, რაგბის თამაში და ვარჯიში მარტის თვემდე აეკრძალა.

ორი თვის წინ ვიტომ კლუბში ვარჯიში განაახლა, მაგრამ სიმპტომებმა ისევ იჩინა თავი და სამწუხაროდ, ქართველი მორაგბისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. რადგან კოლელიშვილს "კლერმონთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მას კლუბმა გაცილება ოფიციალურად მოუწყო, ვიტომ კი მიიღო გადაწყვეტილება, ერთი წელი დაისვენოს, ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდეს და რაგბს ამის შემდეგ დაუბრუნდეს.

ვიტო კოლელიშვილს საფრანგეთში დავუკავშირდით და განვლილ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ:

- მარტში, საფრანგეთში რომ დავბრუნდი, გეგმის მიხედვით ვარჯიში დავიწყე. მოტივირებული ვიყავი და მოედანზე დაბრუნებისთვის ვემზადებოდი, თუმცა ჩემმა ექიმმა, რომელიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საკითხს, ვიდრე შარშან ან შარშანწინ, მითხრა, რომ რისკს ვერ გაწევდა და სეზონის ბოლომდე თამაში არ მომიწევდა. ჩემი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, იგივე მითხრა მწვრთნელმა - პირველივე თამაშში, შესაძლოა ისე შეასკდე მოწინააღმდეგეს, რომ თავს რამე დაუშავოო. ვიმსჯელეთ და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთწლიანი პაუზა ამეღო, რათა ყველაფერი დალაგდეს.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო ის, რომ ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი მსოფლიო თასზე, რისი გააზრება დღესაც ძალიან მიჭირს. მქონდა კონსულტაცია ნაკრების ექიმებთან, მწვრთნელებთან და ბიჭებთან. ყველამ მირჩია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. ამ ერთი წლის განმავლობაში არ მექნება არანაირი კონტაქტური ვარჯიში, თუმცა სხვა მიმართულებით ვარჯიშს გავაგრძელებ და ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ.

- ბოლო თვეებში კონტაქტური ვარჯიშები გქონდა და სიმპტომებმა იჩინა თავი?

- კონტაქტურ ვარჯიშებამდე აღარ მივსულვარ. ეს რომ გამეკეთებინა, ან თუნდაც ერთი თამაში მეთამაშა, ნაკრებში აუცილებლად წამოვიდოდი. რადგან მსოფლიო თასზე ვეღარ წავიდოდი, დასვენების გადაწყვეტილება მივიღე. რაღაც სიმპტომები დარჩენილია, თუმცა ვერავინ მეუბნება თავში ზუსტად რა ხდება და ეს თუ არ დალაგდა, არაფერს აზრი არა აქვს.

- ძნელი იყო ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა?

- ასეთი რთული გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ მიმიღია. რთული იყო ყველანაირი გაგებით. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც წლებია ვაშენებთ, მესამე მსოფლიო თასი უნდა მეთამაშა და ის უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივი როგორც ჩემთვის, ასევე ნაკრებისთვის. სიტყვებით ძალიან ძნელია, წარმოუდგენელია ამ განცდის გადმოცემა...

დისკუსია იმის შესახებ, რომ ჯობდა ერთი წელი დამესვენა, ნაკრებში მე წამოვიწყე. ყველა გვერდში დამიდგა და ყველამ გაიაზრა ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვიღებ, რადგან უმთავრესი ჯანმრთელობაა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო თასს დაემთხვა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ამბავს პოზიტიური კუთხით რომ შევხედოთ, ჯერ 29 წლის ვარ და შესაძლოა ნაკრებს წელიწად-წელიწადნახევარში სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდე.

- ფრანგ ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვი, რომ შენთვის საუკეთესო წამალი მოედანზე დაბრუნება იქნებოდა...

- ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო. დიახ, მე ვთქვი რომ ჩემთვის საუკეთესო წამალი მოედანზე დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ როგორც ჟურნალისტმა დაწერა, ამის შესახებ ექიმებისა და მწვრთნელებისთვის არაფერი მითქვამს. ტრავმის შემდეგ მოედანზე რომ გადიხარ, ფსიქოლოგიურად თავს უკეთ გრძნობ, ნაშველი გაქვს და ყველაზე დიდი წამალი სწორედ ესაა. ტრავმიანს ბევრჯერ მითამაშია და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან მოედანზე ვიყავი. დღესაც ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი წამალი, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- შენ გამოაქვეყნე პოსტი, სადაც წერ, რომ ერთი თავი დაიხურა. რას გულისხმობდი?

- რაც საფრანგეთში ჩამოვედი, სულ "კლერმონში" ვთამაშობ. ერთი წელი ვიყავი განათხოვრებული "ლიონში", თუმცა მაშინაც ჩემი კონტრაქტი "კლერმონს" ეკუთვნოდა. ეს საუკეთესო წელი იყო, მაგრამ "კლერმონთან" ერთად ორჯერ გავხდი ესპუარების ჩემპიონი, 2017 წელს ტოპ 14-ის და ერთხელ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული. სწორედ ეს თავი დაიხურა, "კლერმონში" გატარებული წლები დასრულდა. არ მიგულისხმია და არასდროს მითქვამს, რომ რაგბს თავი დავანებე. ეს რომ მოხდება აუცილებლად პირდაპირ ვიტყვი. ჯერჯერობით, ერთწლიანი შესვენება მაქვს, თუმცა ჩვეულებრივ, ინტენსიურად ვვარჯიშობ და შეიძლება იმაზე მეტსაც, ვიდრე აქამდე მივარჯიშია, ოღონდ კონტაქტის გარეშე.

- "ლიონში" ერთი წელი განათხოვრების წესით ითამაშე და მართალია პრო დე2-ში, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო სეზონი გქონდა. იმ წელს გუნდმა ტოპ 14-ის საგზურიც მოიპოვა, შენ კი 19 მატჩში (18 ძირითადში) 5 ლელო გაიტანე. ხომ არ ფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა "ლიონში" დარჩენილიყავი და იქ გაგეგრძელებინა კარიერა?

- შესაძლოა. "კლერმონთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირდება და მან არ მომცა "ლიონში" დარჩენის უფლება. მეორეს მხრივ, მქონდა ამბიცია, რომ "კლერმონთან" ერთად წარმატებებისთვის მიმეღწია. "ლიონში" მართლაც კარგად წავიდა ყველაფერი და თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ წარსულზე ფიქრს მომავლისკენ გახედვა ჯობია.

- რა იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ მის შემდეგ?

- ვეცდები, ყველაფრისგან დავისვენო. ამ ბოლო პერიოდში იმდენი ტრავმა მქონდა, რომ... იყო მომენტები, როდესაც მივდიოდი იმ კონდიციამდე, თითქოს ფრთები უნდა გამეშალა და ისევ ახალ ტრავმას ვიღებდი. რაც იყო იყო, ეს ფურცელი მინდა აქ მორჩეს და ერთი წლის შემდეგ ვნახოთ რა იქნება. მაქვს იმედი, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე აქამდე.

- სანაკრებო თემას აუცილებლად დავუბრუნდებით და მანამდე მინდა გკითხო, "კლერმონიდან" როგორ გაგაცილეს?

- ჩემი საფრანგეთში ჩამოსვლა, განვითარება, მთლიანად ასოცირდება "კლერმონთან". ერთის მხრივ მარტივი იყო, რადგან ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა იყო რაღაცეები, ათასი მოგონება იმ დროს, როდესაც ხელში მიკროფონი მეჭირა და გულშემატკივარს ვემშვიდობებოდი, იმ ხალხს, რომლის წინაშეც ამდენი ხნის განმავლობაში მიწევდა თამაში. მსგავს სიტუაციას აქამდე გარედან ვუყურებდი და ახლა მივხვდი, რომ ჩემი დროც მოვიდა. თურმე შენც იზრდები და ხვდები, რომ ხვალ ამ გუნდში აღარ იქნები. მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. ყველაფერს თავისი ისტორია აქვს.

- როგორი იქნება ვიტოს გარეშე 2019 წლის მსოფლიო თასი და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ვერ გახვალ, რა როლს ითამაშებ გუნდის მზადებაში?

- მე ყოველთვის ვიდგები ბიჭების გვერდით. ჩვენი ურთიერთობა ჩვენი ცხოვრებაა და ვიქნები თუ არა მოედანზე, ამით არაფერი იცვლება. მაქვს იმედი, რომ მოვახერხებ და იაპონიაშიც ჩავალ ბიჭების სანახავად. რაც შეეხება გუნდის თამაშს, ისეთი შემადგენლობა და მორაგბეები გვყავს, რომ ერთი კაცის გამოკლება არაფერს შეცვლის. არიან როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც გაორმაგებული ენერგიით გავლენ თითოეულ თამაშზე.

- გავა ერთი წელი, დადგება სექტემბერი და სად შეიძლება ვნახოთ ვიტო კოლელიშვილი? ისევ ტოპ 14-ში თუ სადმე სხვაგან?

- ერთადერთი, რაც ახლა ზუსტად ვიცი ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო. მყავს ოჯახი და შვილი, რომელიც საფრანგეთში ბაღში დადის და სკოლაში უნდა წავიდეს. ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ვერ შევცვლი და საფრანგეთში ვრჩები. რა თქმა უნდა, საქართველოში არაერთხელ ჩამოვალ, თუმცა აქ ვრჩები და ვნახოთ რა იქნება ერთი წლის შემდეგ.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:43 | 31.05.2019
beeq.777 (63)

წარმატებები ვიტო... მალე გამოჯანმრთელდი და დაუბრუნდი ნაკრებს.

0.085598