უმცროსი ბორჯღალოსნები უკვე მეოთხე დღეა არგენტინაში იმყოფებიან და 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
მსოფლიო რაგბის რანგით მეორე ტურნირში ჩვენი გუნდი ზედიზედ მეოთხე წელიწადია (2016 წლიდან) თამაშობს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ, „ალაფიდან“ დაწინაურებულ გუნდს 12 მოწინავეს შორის ადგილი არ შეუნარჩუნებია.
უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტნისთვის, თედო აბჟანდაძისთვის, რომელსაც ახლა უკვე ზურგს 7 სანაკრებო კეპი უმაგრებს, წელს მესამე 20-წლამდელთა ჩემპიონატი იქნება და მსოფლიო რაგბმა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა:
წყარო >> www.world.rugby/news/423366
„თავისი მესამე 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, საქართველოს ნაკრების მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ ამ ტურნირმა მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა და ოცნების ახდენაში დაეხმარა - საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
ტრადიციულად, დიდი და ძლიერი ფორვარდებით დაკომპლექტებული საქართველო, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტია საერთაშორისო რაგბში გამოჩნდა, არასდროს ერიდებოდა ძალისმიერ თამაშს.
ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა და საქართველო კვლავაც წარმოადგენს დიდ საფრთხეს მეტოქეებისთვის, თუმცა ბოლო დროს მის შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა ხაზის მოთამაშე გამოჩნდა, რომლებსაც მომავალში მოწინააღმდეგეებისთვის ზიანის მიყენება რამდენიმე მეთოდით შეუძლიათ.
ვასილ ლობჟანიძე არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია 18 წლისა და 340 დღის ასაკში. მის შემდეგ მოედანზე გამოჩნდა გელა აფრასიძე და ახლა მათ რიცხვს თედო აბჟანდაძე შეემატა. სულ მალე ის მესამედ ითამაშებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და უკვე მოასწრო ეროვნულ გუნდში შვიდი თამაშის ჩატარება. მას დებიუტი შარშან ნოემბერში სამოასთან ჰქონდა, რომლის დროსაც 12 ქულა მოიხვეჭა და წელს გუნდთან ერთად რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
მსოფლიო დონე
ლობჟანიძის მსგავსად, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულებიდან ძალიან მალე მსოფლიო თასზე ითამაშა, აბჟანდაძესაც აქვს რეალური პერსპექტივა, რომ იგივე გაიმეოროს. მას ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი უმაღლეს შეფასებას აძლევს:
„ის რაგბისთვის ბუნებრივი მოთამაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებს და ახალგაზრდა მორაგბისთვის თამაში ძალიან კარგად ესმის. მან ისე გადადგა ნაბიჯი უმაღლესი, საერთაშორისო რაგბისკენ, რომ უხერხულობა არ უგვრძნია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ნამდვილად გახდება მსოფლიო დონის მოთამაშე“.
ჰეიგმა აღნიშნა, რომ არგენტინაში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობიდან, აბჟანდაძე ერთადერთი არაა, რომელმაც შესაძლოა 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ითამაშოს:
„თედო უკვე არის მაღალი დონის საერთაშორისო მოთამაშე. ჩვენ ძალიან გვსურს ვნახოთ, აქვს თუ არა კიდევ ვინმეს ყველა საჭრო თვისება იმისათვის, რომ მსოფლიო თასისთვის გუნდის შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს“.
საქართველოდან არგენტინაში 17-საათიანი ფრენის შემდეგ, აბჟანდაძე მოუთმენლად ელის მოედანზე გასვლას:
„პირველ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, ასაკით ძალიან პატარა ვიყავი, სულ რაღაც 17 წლის და არ ვიცოდი წინ რა მელოდა. მეორე ჩემპიონატს უკვე გამოცდილი, ასე ვთქვათ გაზრდილი შევხვდი და შესაბამისად ვემზადებოდი. შედეგად, ვფიქრობ პირველ და მეორე ტურნირს შორის, ჩემი თამაშის ხარისხი ბევრად უფრო გაუმჯობესებული იყო. ახლა მესამე მსოფლიო თასისთვის ვემზადები, მეტს ველოდები საკუთარი თავისგან და შევეცდები ეს მოლოდინი გავამართლო“.
„20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, რანგით მეორე ტურნირია და მასში მონაწილეობამ ძალიან გამზარდა. დავინახე თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდე და შენზე მაღალი რანგის გუნდებს ტოლსწორად ეთამაშო, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად“.
ყველგანმყოფელი
აბჟანდაძემ 2017 და 2018 წლების 20-წლამდელთა ჩემპიონატების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ექნება გუნდისთვის, რომელსაც შარშანდელი შედეგის - მე-9 ადგილის გაუმჯობესება სურს.
იაპონიის ნაკრებთან ამაღელვებელ მატჩში 24:22 მოგებამ, გუნდს შარშან გასავარდ ფლეი ოფში თამაში აარიდა და მას შემდეგ შოტლანდია 39:31 დაამარცხა.
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა გვქონდა, მათ შორის გამარჯვება არგენტინასთან 2017 წელს, მცირედი ჩამორჩენა სამხრეთ აფრიკასთან და მოგება ირლანდიასთან 2018 წელს, იაპონიასთან მატჩი იყო ყველაზე დაძაბული და დასამახსოვრებელი. ამ მატჩის შედეგზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თითქმის მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, თითქოს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში მოვახერხეთ მობილიზება და ძალიან ძლიერ იაპონიის ნაკრებს, ეს თამაში მოვუგეთ“.
წელს საქართველო ჯგუფურ ეტაპზე ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს:
„ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი 12 ივნისს, შოტლანდიის ნაკრებთან გველის და თუ ამ შეხვედრის მოგებით თასის ნახევარფინალში გავალთ, ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი 20 წლის იუბილესთვის“ - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ჩვენი უმთავრესი მიზანი კვლავ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია