ლეგიონერები

22:45 | 26.05.2019 | ნანახია 1587 - ჯერ

ლეგიონერები: საფრანგეთში ფლეი ოფები დაწყვილდა
ჩემპიონობისთვის სამი "ქართული" გუნდი იბრძოლებს

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა და ის ექვსი გუნდი გაირკვა, რომლებიც ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

დასკვნით ტურში, მიზნის მისაღწევად უცილობლად გამარჯვება ჭირდებოდა ‘მონპელიეს’, რომელიც სტუმრად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ‘კლერმონს’ ეთამაშებოდა. მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძის, უშანგი ჭეიშვილისა და გელა აფრასიძის გუნდმა, დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის გუნდს 28:27 სძლია, 70 ქულა მოაგროვა და ფლეი ოფში მე-6 ადგილით გავიდა. მარცხის მიუხედავად, ‘კლერმონის’ მეორე ადგილს (83 ქულა) საფრთხე არ დამუქრებია და ფლეი ოფში, ‘ტულუზთან’ ერთად, მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.

განვლილ შეხვედრაში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისა შეცვალეს ‘მონპელიეს’ ბურჯი ლევან ჩილაჩავა. შერკინებებში მის პირისპირ იდგა ბექა კაკაბაძე, რომელმაც მოედანზე 60 წუთი გაატარა. თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო კოტე მიქაუტაძე. ფლეი ოფში ‘მონპელიე’ სტუმრად ‘ლიონს’ შეხვდება.

‘მონპელიეს’ ფლეი ოფში თამაშს ხელი ‘ტულონმა’ შეუწყო, რომელმაც სტუმრად მისი მთავარი კონკურენტი ‘კასტრი’ დაამარცხა - 25:16. ტულონელთა ძირითადში იყო და მეორე ხაზში 63 წუთი გაისარჯა მამუკა გორგოძე.

სტუმრად ‘აჟენს’ ბონუსით, 35:3 სძლია და ფლეი ოფშია გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის ‘რასინგ 92’. გოგიჩაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მოედანზე 40 წუთი გაატარა. ‘აჟენის’ სასტარტოში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს გიორგი თეთრაშვილი, თუმცა 73-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. ‘რასინგ 92’ ფლეი ოფში ‘ლა როშელს’ უმასპინძლებს.

მომავალი სეზონის ტოპ 14-ის საგზურისთვის ‘გრენობლი’ ‘ბრივს’ ეთამაშება. დავით ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის გუნდი ტოპ 14-ში მე-13 ადგილზე გავიდა, კარლენ ასიეშვილის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის ‘ბრივს’ კი, ელიტის საგზურამდე სულ ცოტა დააკლდა. პრო დე-2-ის ფინალში ბრიველები ‘ბეიონს’ 75-ე წუთამდე ამარცხებდნენ (19:15), თუმცა დასკვნით 5 წუთში ორი ჯარიმა გაუშვეს და 19:21 დამარცხდნენ. გიორგაძე ‘ბრივის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ბეკოშვილი და ლობჟანიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102194