7-კაცა

1:00 | 23.05.2019 | ნანახია 1607 - ჯერ

18-წლამდე 7-კაცა და ეროვნული 7-ქალა სანქტ პეტერბურგში
მოსამზადებელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა და ეროვნული 7-ქალა ნაკრებები 23 მაისს სანქტ პეტერბურგში მიემგზავრებიან, სადაც უფროსი ასაკის საერთაშორისო, საკლუბო ტურნირში ითამაშებენ.

ტურნირს 7-კაცას ევროპის ჩემპიონთა თასი ეწოდება, თუმცა მას მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებები მოსამზადებლად იყენებენ და კლუბების სახელით თამაშობენ. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და 18-წლამდე 7-კაცა ნაკრები, უფროსი ასაკის გუნდების წინააღმდეგ ჯორჯიან ბოის (Georgian Boys), ხოლო 7-ქალა ნაკრები ჯორჯიან ლეიდის (Georgian Ladies) სახელით ითამაშებენ.

18-წლამდე 7-კაცას პირველი სასელექციო ტურნირი

18-წლამდე 7-კაცა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც აგვისტოს შუა რიცხვებში პოლონეთი, გდანსკი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები იქ "ბ" ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეებად ირლანდიის, რუსეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებები ეყოლება. "ა" ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი მოხვდნენ, ხოლო "გ" ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ლიტვა და ბელგია ითამაშებენ.

"ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში. ჩვენს ჯგუფშია ირლანდია, რომელიც ზედიზედ სამი წელია საფრანგეთთან ერთად ფინალში გადის. თავის მხრივ, საფრანგეთი შარშან ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეორე ადგილზე გავიდა. კარგი გუნდები ყავთ ესპანეთს, გერმანიას და რუსეთს. ამიტომ, გვირჩევნია მოსამზადებელ ეტაპზე რთული თამაშები გვქონდეს, მათ დაძლევას მივეჩვიოთ და ეს ევროპის ჩემპიონატზე წაგვადგება" - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე.

ოთხი კაცთა ტურნირი კანდიდატების შესარჩევად

მოსამზადებელ ეტაპზე 18-წლამდე 7-კაცა ოთხ კაცთა ტურნირს ითამაშებს. პირველი სასელექციო ტურნირი სანქტ პეტერბურგში 25-26 მაისს გაიმართება, ივნისში კი საქართველოს კაცთა ჩემპიონატში უკონკურსოდ ჩაერთვება, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება და ქართული კლუბების გარდა, ჩვენი ეროვნული და 18-წლამდე ნაკრებები, ასევე სხვადასხვა ეტაპზე ზიმბაბვეს, ზამბიისა და ყაზახეთის ნაკრებები ითამაშებენ.

გუნდი სანქტ პეტერბურგში 23 მაისს მიემგზავრება, მანამდე კი მარტყოფის ბაზაზე შეკრება გაიარა:

„პირველ, სასელექციო შკრებაზე 16 მორაგბე შევიყვანეთ, საიდანაც 12 სანქტ პეტერბურგში მიგვყავს. წინ კიდევ სამი მოსამზადებელი ტურნირი გვექნება და შანსს ყველა მორაგბე მიიღებს. სელექციის პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება და ჩამოყალიბდება ის ბირთვი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება“ - აცხადებს ობოლაძე.

სანქტ პეტერბურგში ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ "ფროგისს", სანქტ პეტერბურგის კლუბს და მოლდოვურ "სტიაუას" ეთამაშება. "ა" ჯგუფში რუსული ვვა, ჩეხეთის "დუკლა", ესპანური და შვედური გუნდები მოხვდნენ; "გ" ჯგუფში ინგლისის "სამურაი", ლიტვის, შვეიცარიისა და ლატვიის გუნდები ითამაშებენ.

„სანქტ პეტერბურგში გამორჩეული გუნდები ეყოლებათ ფრანგებს და ინგლისელებს - პირველი საფრანგეთის მეორე ნაკრებია, ხოლო "სამურაი" 7-კაცაში ბარბაროსების სტილის გუნდია. მეორე ეშელონის გუნდები კლუბების სახელებით თამაშობენ, თუმცა რეალურად ისინიც ქვეყნის ნაკრებს წარმოადგენენ. რთული თამაშები გვექნება და ეს ძალიან კარგია, რადგან 15-კაცას ევროპის ჩემპიონატისა და ჭაბუკთა ფინალების შემდეგ, ბიჭები 7-კაცაზე უნდა გადმოერთონ, რომლის სპეციფიკა განსხვავებულია“ - აცხადებს მზადების შესახებ 18-წლამდე 7-კაცას მთავარი მწვრთნელი.

ტურნირზე წამსვლელ მოთამაშეთაგან 3-3 ქუთაისის "აიასა" და თბილისის "ხვამლს" წარმოადგენენ, ორი-ორი მორაგბეა "აკადემიიდან" და "ლელო-სარასენსიდან", ერთი "არმაზიდან" და ერთიც ლეგიონერია აშშ-დან.

სანქტ პეტერბურგში ითამაშებენ: დუტა ომანაშვილი (აკადემია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან ბრაგვაძე (არმაზი).

7-ქალას დასკვნითი მოსამზადებელი ტურნირი

7-ქალას შარშან კონფერენც დივიზიონი მოიგო და წელს რაგბი ევროპის „ალაფაზე“ (მეორე დონე) გამოვა, რომელიც ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპს 8-9 ივნისს ბუდაპეშტი (უნგრეთი) უმასპინძლებს, მეორეს კი 22-23 ივნისს ლისაბონი (პორტუგალია). ჩვენი გუნდის მიზანს ათეულში მოხვედრა და „ალაფაზე“ ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს.

ბუდაპეშტში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველო პორტუგალიის, უნგრეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა უკვე ითამაშა სამი საერთაშორისო ტურნირი, ერთი გერმანიაში და ორი საფრანგეთში. მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გუნდის პროგრესით კმაყოფილია:

„განვლილი სამი ტურნირით კმაყოფილი ვარ. იქ ჩვენ იმ გუნდებს ვეთამაშეთ, რომლებთანაც უნგრეთში მოგვიწევს შეხვედრა და ძალები მოვსინჯეთ, თავდაჯერებულობა შევიძინეთ. გარდა ამისა, გავსინჯეთ რამდენიმე მოთამაშე. ჯერ კიდევ დასახვეწია გარკვეული დეტალები და სანქტ პეტერბურგის ტურნირს ამ მიზნით გამოვიყენებთ“.

სანქტ პეტერბურგში ჩვენი 7-ქალა ესპანეთის, რუსეთისა და ლატვიის გუნდებს ეთამაშება.

სანქტ პეტერბურგში ითამაშებენ: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, მარიამ გოგუაძე, თაკო მანაგაძე, ანი სირაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114051