ბორჯღალოსნები

0:20 | 21.05.2019 | ნანახია 1124 - ჯერ

20 წ. რჩეულთა გზა - მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლეგენდა შურის ციხისა და უსახელო მებრძოლის შესახებ

უმცროსი ბორჯღალოსნების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, გუნდის შენების კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. ამ კამპანიის მსვლელობისას, 20-წლამდელებმა მონაწილეობა მიიღეს სოციალურ პროექტ ‘სახლის’ პირველ ნაწილში.

პროექტი აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის პირველი კოტეჯის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო 20-წლამდელებმა საძირკველის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა - პროექტის მხარდამჭერთა დახმარებით, მათ შეძლეს მშენებლობის დასაწყებად აუცილებელი მასალების მოპოვება. პროექტი სახლი ივნისის ბოლოს, უფროსი ბორჯღალოსნების მონაწილეობით გაგრძელდება, როდესაც საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგება.

ქართული რაგბის ოჯახის სახელით დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა ჩვენს მეგობარს, რომლებიც ამ სოციალურ პროექტ ‘სახლის’ და უმცროსი ბორჯღალოსნების გუნდის შენების კამპანიაში გვერდში გვიდგანან: ბრიკორამა, აჭარა ჯგუფი, ტოიოტა საქართველო, მწვანე ქალაქი ლისზე, კნაუფი, სამშენებლო კომპანია ფორტექსი, დავით მაჭავარიანის სააგენტო და ენთერთეითმენთ ჯორჯია

რჩეულთა გზა

უმცროსი ბორჯღალოსნების გუნდის შენების კამპანიის ბოლო დღე, შარშანდელი სათავგადასავლო კამპანიის - ‘რჩეულთა გზის’ მიხედვით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ამჯერად 20-წლამდელებს უნდა მოეძიათ არტეფაქტები, რომელთა მოსაპოვებლად სხვადასხვა მინიშნებები უნდა გამოეყენებინათ. საბოლოო ჯამში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველა არტეფაქტი აღმოაჩინეს, მოიპოვეს ფარი და ხანჯალი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო შემტევსა და დამცველს გადაეცემა.

უსახელო მებრძოლის დღიური

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფარისა და ხმალის მოსაპოვებლად, უმცროს ბორჯღალოსნებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დამალული არტეფაქტები უნდა მოეძიათ. ამ დავალების შესასრულებლად მათ ‘შურის ციხის’ (იგივე ნარიყალა) მცველის, უსახელო მებრძოლის დღიურში დაშიფრული მინიშნებებით უნდა ეხელმძღვანელად, ეს დღიური კი საუკუნეების განმავლობაში რჩეულთა ხელიდან-ხელში გადადიოდა.

ლეგენდა შურის ციხის მცველი შესახებ

ციხესიმაგრე IV საუკუნეში აშენდა და დაერქვა „შურის ციხე“. მოგვიანებით შეიქმნა ციხის მაკეტი, რომელიც რეალურად იქცა არტეფაქტად - გეგმა შიდა ციხისა რომელიც ციხეს სიმტკიცეს და მდგრადობას მატებდა. მოგვიანებით, მონღოლთა შემოსევისას, როდესაც ქალაქი მოექცა ალყაში და დადგა აუცილებლობა ციხე-ქალაქის დატოვებისა, და არტეფაქტის ქალაქიდან შეუმჩნევლად გატანის მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მაკეტის ნაწილებად დაშლისა და უსახელო მეომარს დაევალა ნაწილების გადამალვა.

მტერმა შეიტყო აღნიშნულის შესახებ და უსახელო მეომარსა და მის ამალას წავკისწყალთან (ლეღვთახევში) ჩაუსაფრდა. მცირერიცხოვან მეომრებს მოუწიათ დიდძალ მტერთან შერკინება. ამალის მიზანი იყო, რომ მიეცათ დრო და საშუალება ოთხი უსახელო მებრძოლისთვის, მაკეტის ნაწილების გადამალვისა. ბრძოლის შედეგები უცნობია, მაგრამ ფაქტია მტერმა მაკეტი ვერ მოიპოვა. 1772 წელს გერმანელმა მოგზაურმა იოჰან გულდენშტენმა, თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე, წავკისწყალის მარჯვენა სანაპიროზე სასაფლაოს მიმდებარედ, უსახელო მეომრის დღიური იპოვა.

ვერ მოახერხა რა ჩანაწერების წაკითხვა, როგორც ისტორიის ნაწილი საქართველოს მუზეუმს დაუტოვა. 1921 წლის თებერვლის ბოლოს, თბილისის დატოვებამდე ორი დღით ადრე, ივანე ჯავახიშვილმა მიმართა ნოე ჟორდანიას, დაეცვათ მუზეუმების საგანძური. მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს ექვთიმე თაყაიშვილს გამოუცხადა, რომ ხაზინის და მუზეომების უძვირფასესი ექსპონატების ევაკუცია ქუთაისის მიმართულებით განეხორციელებინა.

სწორედ ამ დროს გადააწყდა ექვთიმე პირველად უსახელო მებრძოლის დღიურს, სამწუხაროდ გამოსაკვლევად დრო ძალიან ცოტა ჰქონდა. მთავრობის დავალებით, ნივთების ევაკუაცია დაევალათ სტამბის მუშებს. სატვირთოთი ჩამოუარეს ყველა მუზეუმსა და ყუთები გაიგზავნა ქუთაისში. სტამბის რამდენიმე ერთგულ თანამშრომელთან ერთად, ექვთიმე მთელი ევაკუაციის განმავლობაში ცდილობდა დღიურის გაშიფვრას.

მან დღიური ქუთაისში არ გააგზავა და ბოლო მომენტამდე მუშაობდა მასზე, სწრაფი ევაკუაციის ბოლოს იდგა საშიშროება რომ დღიური მტერს ჩავარდნოდა ხელში, ექვთიმემ ის სტამბაში დამალა და თვითონ დატოვა საქართველო.ამ სტამბის ბაზაზე მოგვიანებით შეიქმნა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქცია, რომელიც გაფართოვდა და უკვე საბჭოთა საქართველოს მთავარ სტამბად მოგვევლინა.

ეს სტამბა იყო განსაკუთრებული თვალყურის ქვეშ. საქართველოში დაბრუნებულ ექვთიმეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი დახვდა -სტამბა ლაღიძის ქუჩიდან ლენინის ქუჩა 14-ში (ახლანდელი კოსტავას ქ.14-ში) გადასული დაუხვდა, თუმცა, დღიურიც სტამბის სხვა ინვენტართან ერთად იქ იყო გადატანილი. მან მოიძია დღიური და ფარულად გააგრძელა მსაზე მუშაობა.

მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს პროფესორად თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრაზე, რამაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევის საბაბით მუშაობის დაწყების საშუალება მისცა, რეალურად კი დღიურის გაშიფვრითა და არტეფაქტის ადგილმდებარეობის გამოკვლევით იყო დაკავებული. მან სტამბის ძველ თანამშრომლებთან ერთად, შექმნა „შეფიცულთა რაზმი“, რომლებმაც მიზნად დაისახეს დღიურში დაშიფრული განძის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაცვა, რომ ის საქართველოს უკეთეს, უფრო შესაფერის დროს დაბრუნებოდა.

მათ დიდი შრომა ჩადეს დღიურის გაშიფვრაში, თუმცა ბოლომდე ვერ მოასწრეს. ექვთიმე მიხვდა რომ ვეღარ მოახერხებდა უსაფრთხოდ გამოკვლევების დამთავრებას და დღიური, რომელზეც პერიოდულად თავის შენიშვნებს აკეთებდა, გადამალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლიდან, დღიურის კვალი დაიკარგა. აღნიშნულ დღიურს უკვე 21-ე საუკუნეში, ამ სტამბის ერთ-ერთი სარდაფის რესტავრაციისას “შეფიცულთა რაზმის“ წევრების შთამომავლებმა მიაკვლიეს და მის გაშიფვრაში უმცროს ბორჯღალოსნებს სთხოვეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069348