შიდა რაგბი

20:04 | 11.05.2019 | ნანახია 649 - ჯერ

დიდი 10-ის ფინალი | მწვრთნელთა მოლოდინები

12 მაისს, 18 საათზე, ბათუმის რაგბი არენაზე დიდი 10-ის 2018/2019 წლის სეზონის დიდი ფინალი გაიმართება, რომელშიც ბათუმის ‘ბათუმი’ რუსთავის ‘ხარებს’ შეხვდება.

სასიამოვნოა, რომ 12-წლიანი შესვენების შემდეგ, დიდ ფინალს ქართველი რეფერი, ნიკა ამაშუკელი მოემსახურება.

გასულ წლებში ფლეი ოფის ეტაპებსა და გადამწყვეტ მატჩებს მოწვეული მსაჯები ემსახურებოდნენ - 2007-2011 წლებში ფრანგები, 2013-2018 წლებში კი ირლანდიელები.

ბოლო წლებში ქართველმა მსაჯებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. მათ რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო მატჩების თუ ევროპის საკლუბო ტურნირების შეხვედრების განსასჯელად და დამსახურებული ნდობა შინაურ ასპარეზზეც მოიპოვეს, რაც რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

‘ბათუმი’ - თავდაჯერებულად უხერხულ მეტოქესთან

რუსთავის ‘ხარები’ რეგულარული პირველობის ბოლო ტურამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ‘ბათუმის’ დამარცხება შეძლო და თანაც ეს ორჯერ მოახერხა - შინაც და გარეთაც. ზღვისპირელებმა ეს უსიამოვნო ტრადიცია სამი კვირის წინ, შესარჩევ ფინალში დაარღვიეს და 32:10 მოგებით ფინალის საგზური მიიღეს, ახლა კი იგივეს გამეორებას ეცდებიან.

გუნდის მწვრთნელი დავით გუგუშვილი მზადების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ‘ბათუმი’ ფინალურ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება:

„სამშაბათიდან შეკრებაზე ვართ და ვცდილობთ წლის უმნიშვნელოვანეს მატჩს იდეალურ მდგომარეობაში შევხვდეთ. გავიარეთ ის შეცდომები, რომლებიც შესარჩევ ფინალში გვქონდა, ვუყურეთ ‘ხარებისა’ და ‘არმაზის’ შეხვედრას და ვცდილობთ ჩვენი თამაშის დახვეწას. გვაქვს იმედი, რომ 12 მაისს ბათუმში დიდი ზეიმი იქნება. მართალია სამი კვირაა არ გვითამაშია, თუმცა ვარჯიშები სათამაშო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყი და ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება.“

„მთელი გუნდი 12 მაისის მოლოდინშია. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვართ და გვსურს დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებთ. ‘ხარები’ ძალიან კარგი გუნდია და მეორე ადგილზე შემთხვევით არ გასულა. ის საჩუქარი არავისთვისაა და დიდი ბრძოლის მოლოდინი გვაქვს. კონკრეტულად ამ თამაშისთვის ვინც უკეთ იქნება მომზადებული ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად, გამარჯვებას ის მოიპოვებს. საკუთარ მოედანზე თამაში ერთგვარი წნეხიცაა და ამას უპირატესობად არ ვთვლი. რუსთაველებს სამი კვირის წინ დიდი სხვაობით მოვუგეთ, მაგრამ ეს თამაში დავიწყებულია და მომავალ შეხვედრას იმ კუთხით ვუდგებით, რომ ‘ხარებთან’ რეგულარულ გათამაშებაში ორი მატჩი გვაქვს წაგებული. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, რადგან ამას ორივე გუნდი იმსახურებს“.

‘ხარები’ - ხარისხიანი თამაშით და სიურპრიზებით

რუსთავის ‘ხარების’ მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევას შეძლებს და შესარჩევ ფინალში დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს:

„ბათუმს მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ მის შესაძლებლობებს. განვლილი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით იმ სისუსტეების აღმოფხვრაზე, რომლებიც შესარჩევ ფინალში გვქონდა. ვფიქრობ, მეტოქეს შერკინება უნდა გავუჩეროთ, ბურთი შევინარჩუნოთ და თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. სამწუხაროდ, ამ მატჩში დაგვაკლდება კოშაძე, რაც დიდი დანაკლისია. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ქანდაურაშვილი“.

„რეგულარული ჩემპიონატის თამაშებს სხვა დატვირთვა ჰქონდა. ფლეი ოფისთვის ‘ბათუმი’ სპეციალურად მოემზადა, გაითვალისწინა წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები და დიდი უპირატესობა მოიპოვა, განსაკუთრებით სტატიკაში. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც, ჩვენ არ გვაქვს ამ დონეზე თამაშის გამოცდილება და მატჩში გარდატეხა ვერ შევიტანეთ. მომავალ შეხვედრაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საწყის წუთებზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე შევძლოთ ქულების მოპოვება და დაწინაურება. ფავორიტი ‘ბათუმია’, ის საკუთარ კედლებში თამაშობს, თუმცა ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ვეცდებით ჩანაფიქრების განხორციელებას და ვნახოთ მათ თავს როგორ გავართმევთ“.

„ფინალში გასვლით ‘ხარებმა’ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, რაზეც სეზონის დასაწყისში ვერც კი ვფიქრობდით. სეზონის მსვლელობისას საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ და მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და ვეცდებით მაყურებელს ხარისხიანი თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ. ‘ბათუმი’ ჩემპიონობას იმსახურებს, თუმცა ამას ჩვენც ვიმსახურებთ, რადგან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ეს მეტოქე რეგულარულ გათამაშებაში დავამარცხეთ და იგივეს გამეორებას ფინალშიც ვეცდებით“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105518