საერთაშორისო

19:15 | 9.05.2019 | ნანახია 1244 - ჯერ

თიბისი რაგბის სერიები 2019 აგვისტოში

ბორჯღალოსნები იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის წინ, აგვისტოში თბილისში რუსეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს თიბისი რაგბის სერიების ეგიდით ერკინებიან.

სერიის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები 27 აგვისტოს, მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს ეთაამშებისნ, ხოლო ოთხი დღის შემდეგ, პირველად პირველი დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრებს, შოტლანდიას „დინამო არენაზე“ დაუხვდებიან.

თიბისი რაგბის სერიები 2019-ის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, რაგბის კავშირში გაიმართა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა:

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და თიბისის შორის დიდი ხნის წინ დაწყებული მეგობრობა გრძელდება. წელს მსოფლიო თასი იმართება და ნაცვლად ნოემბრის ტრადიციული სერიებისა, თიბისი რაგბის ორმატჩიანი სერია აგვისტოში გაიმართება.

„27 აგვისტოს, 19:30 საათზე რუსეთის ნაკრებს „მიხეილ მესხზე“ ვეთამაშებით, ხოლო 31 აგვისტოს, 20 საათზე, შოტლანდიას „დინამო არენაზე“ მივიღებთ. ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას გააგრძელებს და მომდევნო შეხვედრას 1 კვირაში, 6 სექტემბერს უკვე შოტლანდიაში გამართავს“.

„ამ თამაშების მიზანი მსოფლიო თასისთვის მზადებაა, თუმცა გულშემატკივარს შედეგი ჭირდება. ნაკრების ხელმძღვანელობას და მორაგბეებს შესაბამისი განწყობა აქვთ. გულშემატკივარს ექნება იმის საშუალება, რომ მოედანზე იხილოს ბიჭების მზადყოფნა იაპონიაში გამგზავრებამდე და დარწმუნებული ვარ, ისინი კმაყოფილი დარჩებიან“.

თიბისი რაგბის სერიები უკვე მესამედ გაიმართება და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა:

„მეგობრობა გრძელდება! მოხარულები ვართ, რადგან ქართულმა რაგბმა უკვე ისეთ დონეს მიაღწია, საქართველოში შოტლანდია თავისი ინიციატივით ჩამოდის. თიბისი რაგბის სერიები რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაგბს, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია, კიდევ უფრო მეტი ბიძგი უნდა მივცეთ, რადგან ახლა ახალი ეტაპი იწყება“.

თიბისი რაგბის სერიები 2019-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა:

„ზაფხულის ტესტები კვლავ ჩვენი პარტნიორის, თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება. მე საჯაროდ არა ერთხელ მითქვამს - რომ არა თიბისი ბანკი და ჩვენი სხვა პარტნიორები, ქართული რაგბი არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე, სადაც ახლა არის“.

„რაც შეეხება მსოფლოს წინა ტესტ-მატჩებს, წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თიერ1-ის ნაკრები საქართველოში ითამაშებს. შოტლანდიასთან თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის, რადგან ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით“.

„ზაფხულის ტესტები იქნება მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდის კულმინაცია და ჩვენი გულშემატკივრისთვის შოტლანდიასთან თამაში იქნება ბოლო შესაძლებლობა, დაესწროს ეროვნული ნაკრების მატჩს იაპონიაში გაცილებამდე. ორივე თამაში ჩვენთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება მსოფლიო თასის მატჩების იმიტაცია“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102994