კვირას, 5 მაისს, რუსთავი არენაზე დიდი 10-ის წინასწარი ფინალი გაიმართება და გადამწყვეტი მატჩის საგზურისთვის ადგილობრივი ‘ხარები’ მარნეულის ‘არმაზს’, ქვემო ქართლის დერბიში ერკინება.
წინასწარი ფინალი 16 საათზე დაიწყება და ის ორივე გუნდისთვის უნიკალური იქნება. რუსთაველებს ფინალში ბოლოს 25 წლის წინ აქვთ ნათამაშები, ხოლო ‘არმაზი’ ამ დონეზე არასდროს ყოფილა.
უფრო მეტიც, მარნეულელები წელს მედლებს პირველად ჩაიბარებენ, თუმცა ჯერ უცნობია რა სინჯის იქნება ისინი. აქამდე ‘არმაზს’ საუკეთესო შედეგი 2013 წელს ჰქონდა და მაშინ მეოთხე ადგილი დაიკავა. წელს გუნდმა რეგულარული გათამაშება მეხუთე ადგილზე (8 მოგება, 1 ფრე და 9 მარცხი) დაასრულა, თუმცა ფლეი ოფის წინა ორი ეტაპი წარმატებით გადალახა.
მარნეულელებმა ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში ითამაშეს და ‘აიასთან’ პირველი ტაიმის მიწურულს 27-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, საბოლოოდ კი 30:26 იმარჯვეს. ორი კვირის წინ, მათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და ყოფილ ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ ლელო ბოლოსწინა წუთზე დაუდეს, გარდასახვაც გაიტანეს და 21:20 მოგებით ისტორიულ შედეგს უწიეს, რომლის გაუმჯობესებას 5 მაისს ეცდებიან.
‘ხარებმა’ რეგულარული გათამაშება შესანიშნავად ჩაატარა, 13 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც 1997 წლის შემდეგ, მედლების მოპოვება წინდაწინ დაიბევა. რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონობა ერთადერთხელ, 1993 წელს მოიპოვეს, მომდევნო წელს ფინალში დამარცხდნენ, 1997 წელს კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს და მას შემდეგ საპრიზო სამეულში პირველად არიან.
‘ხარებმა’ რეგულარული გათამაშება ოთხი მოგებით დაასრულა, თუმცა შესარჩევ ფინალში ბათუმში მასპინძლებთან უშანსოდ, 10:32 დამარცხდა. ახლა რუსთაველები ფინალის საგზურისთვის ‘არმაზს’ შეერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში 12 მაისს ბათუმში კიდევ ერთხელ გაემგზავრებიან.
რეგულარულ გათამაშებაში, პირველ წრეში ‘ხარებმა’ ‘არმაზს’ რუსთავში 17:10 მოუგო, მეორე წრეში კი ვაზისუბანში 19:3 დაამარცხა.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეგრძელი იყოს ქართული რაგბი ! ! !