რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას გაეცნო და გოჩა სვანიძესთან „მსოფლიო რაგბში“ მიმდინარე ცვლილებები განიხილა.
საუბარი შეეხო „მსოფლიო ლიგის“ შექმნის იდეას და მარტიმ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპა მაქსიმალურად დაიცავს მისი წევრი კავშირების პოზიციებს.
თავის მხრივ, სვანიძემ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ფლორენ მარტის დანიშვნა, ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია და ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო ქმედითუნარიანი გახდება. კავშირის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი და მარტის ხედვები პრაქტიკულად ყველა ასპექტში ერთმანეთს ემთხვევა.
„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გამართული პრესკონფერენცია გოჩა სვანიძემ გახსნა:
„მსოფლიო რაგბის მიერ გაჟღერებულმა რაგბის განვითარების ვერსიამ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს მტკივნეული საკითხია და დაახლოებით ერთი თვის წინ, პარიზში რაგბი ევროპის წევრთა შეხვედრა გაიმართა. ყველას გვსურს, რომ რაგბი უფრო პოპულარული და შემოსავლიანი გახდეს და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“.
„სწორედ ამ მიზნით, 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი გვეწვია, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის დანიშნულია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მისი რაგბი ევროპაში გამოჩენა ამ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობის გაზრდის წინაპირობაა, რადგან ძალიან საინტერესო ხედვები აქვს. ჩვენ ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ ორგანიზაციის თანამოაზრე. ოქტავიან მორარიუმ (რაგბი ევროპის პრეზიდენტი) რეფორმებისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი დიდი ხნის წინ დაიწყო და შედეგებს 2-3 წელიწადში დავინახავთ“.
„მარტისთან გუშინ და დღეს გამართული შეხვედრები გვაძლევს რწმენას, რომ რაგბი ევროპის რეფორმებს სერიოზული ლიდერი გამოუჩნდა და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან მთელ რიგ საკითხებში ერთნაირი ხედვა გვაქვს. რაგბს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ იყოს ძალიან წარმატებული და ამისათვის აუცილებელია, რომ გაიზარდოს კონკურენცია, ერთმანეთთან დაახლოებულ გუნდებს მიეცეთ მეტი მაღალი დონის თამაშების ჩატარების შესაძლებლობა და არ იყვნენ პრივილეგირებული გუნდები“.
ფლორენ მარტიმ განაცხადა, რომ რაგბი ევროპა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა გლობალიზაციის პროცესში მასში შემავალი კავშირების ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული:
„რაგბი ევროპის აღმასრულებელ დირექტორად სამი თვეა რაც დავინიშნე და ძალიან მსურდა საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ჩვენი ორგანიზაციის ლიდერი ქვეყანაა. საქართველო, გამართული ინფრასტრუქტურით და სწორი მუშაობით ნამდვილად იმსახურებს ამ პოზიციას და მრავალი წლის განმავლობაში რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირების გამარჯვებული შემთხვევით არ ხდება“.
„ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირები კიდევ უფრო მაღალი დონის გახდეს და მაქსიმალურად შემცირდეს სხვაობა პირველი და მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ვმუშაობთ განვითარების გზებზე, როგორც სპორტული, ასევე მარკეტინგული კუთხით, რათა ჩვენი ორგანიზაცია კიდევ უფრო შემოსავლიანი გახდეს. ამ მიმართულებებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და უახლოეს პერიოდში აქ სამუშაო ვიზიტით დავბრუნდები. აგვისტოში საქართველოს შოტლანდიის ნაკრები ეწვევა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქართული რაგბის წინსვლას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“.
მარტიმ რაგბის გლობალიზაციასა და ევოლუციის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც რაგბი ევროპა მსოფლიო რაგბისთან მჭიდროდ თანამშრომლობს:
„რაგბი მეტად უნდა განვითარდეს. ათწლეულების განმავლობაში ამ კუთხით მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფები, თავიანთი ინტერესებისთვის მუშაობდნენ. თიერ1-ის ქვეყნებშიც კარგად იციან, რომ “ევოლუციაა”საჭირო, თუმცა მთავარი კითხვებია როგორ უნდა მოხდეს ეს, რა ტიპის შეჯიბრით, გადაწყვეტილებებით, როგორი იქნება ასვლა-ჩასვლის სისტემა და რომელ ტურნირებში დაინერგება ის. ამ საკითხებზე მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ნათელი სურათი ჯერ არ გვაქვს. რაგბი ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრი კავშირების ინტერესი იყოს დაცული და როდესაც გვესმის, რომ ეს შესაძლოა წლების განმავლობაში არ მოხდეს, რა თქმა უნდა აღშფოთებას გამოვხატავთ“.
„ამ საკითხებზე მუდმივ დიალოგში ვართ მსოფლიო რაგბთან. გვქონდა შეხვედრა, სადაც დავაფიქსირეთ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საუბრები ერთ და ორ დღეში არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება რაგბი ევროპის ქვეყნებისთვის დადებითი იქნება. მიმდინარე პროექტში არის რამდენიმე საკითხი, რომელთაც არ ვეთანხმებით. 22 მაისს, დუბლინში გაიმართება მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრა და რაგბი ევროპა იქ ჩუმად ყოფნას არ აპირებს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ყველა იმ საკითხს, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში შემავალი კავშირებისთვის მნიშვნელოვანია“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია