ქართული რაგბის საკლუბო ელიტას, ‘იუნკერების’ სახით ახალი ბინადარი ყავს. კიკეთელებმა სულ რაღაც 4-წლიან მონაკვეთში, რეგიონული ლიგიდან დაწყებული, დიდ 10-ში თამაშის უფლება მოიპოვეს, რაც უდიდესი მიღწევაა.
დიდ 10-ში ასვლაზე, პატარძეულში დატბორილი მოედნის გამო, ‘ვეფხვებს’, ‘იუნკერებთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა რეგიონის მთავარ ქალაქში, თელავის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუხდა. აღნიშნულმა გარემოებამ გარე კახელებს 32-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრის ზერთული ამოცანის გადაჭრა კიდევ უფრო გაურთულა (პირველი მატჩი კიკეთელებს დედაქალაქში 47:15 ჰქონდათ მოგებული). სატახტო ქალაქში ‘იუნკერებმა’ მრავალრიცხოვანი ქომაგი იახლეს.
შეხვედრამ, მოლოდინისამებრ ‘ვეფხვების’ იერიშებში ჩაიარა. მართალია, ‘იუნკერები’ ყრუ დაცვაში არ გადასულან, თუმცა კიკეთელები უპირატესად აქცენტს ტემპის დაგდებასა და დაცვაში საიმედო თამაშზე აკეთებდნენ, რამაც სტუმართათვის სასურველი შედეგი გამოიღო. კახელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. თავი მხტომელმა ბექა არველაძემ გამოიჩინა. მასპინძელთა ფულბეკმა შმაგი სუხაშვილმა გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდი 10-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა. გიორგი ზაბახიძის შეგირდები გააქტიურდნენ და ფრთა რამაზ ხარაზიშვილის წყვილი ჯარიმით, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. ‘ვეფხვებმა’ ბოლომდე იბრძოლეს. ჰუქერ ვანო მარგალიტაძისა და ფრთა გიორგი ბედიაშვილის ლელოთა წყალობით, საერთო ანგარიშში ჩამორჩენა გაანახევრეს, თუმცა ზვიად ცუხიშვილის ბიჭებს სასურველი სხვაობით მატჩის მოსაგებად დრო ფიზიკურად არ დარჩათ - 22:6.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ გარე კახელები პირველ ლიგას დაუბრუნდნენ, კიკეთელები კი თავიანთი უმოკლესი ისტორიის მანძილზე დიდ 10-ში პირველად ითამაშებენ.
პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა ქუთაისის ‘ბაგრატმა’ საპასუხო შეხვედრის წინ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა (რიონისპირელებს მოედანზე ელიტაში ნათამაშევი 10 მორაგბე ჰყავდათ), რამაც შალვა კიკვაძის შეგირდებს ჭიათურის ‘იმერეთთან’ წარმატების მიღწევა გაუიოლათ. ჭიათურაში, ბაგრატს სულ 2-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული (43:41) და წყვილში წარმატებულ გუნდს ქუთაისური შეხვედრა არკვევდა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს ტექნიკური წუნი უხვად ჰქონდათ და მატჩმა საცქერადაც ვერც ივარგა, შეხვედრის დებიუტიდანვე იგრძნობოდა მეტოქეთა შორის კლასში არსებული სხვაობა. მასპინძლები განსაკუთრებით შერკინებაშა და დერეფანში დომინირებდნენ. ‘ბაგრატმა’ ზემო იმერლები მგეზავ ნიკა კობიაშვილის კინკილა ჯარიმას დააჯერა, თავის მხრივ კი 3 ლელოს გატანა მოახერხა. თავი ფულბეკმა ცოტნე კვესელავამ, მარბიელმა თემურ ყიფიანმა და მხტომელის პიზიციაზე მყოფმა მოთამაშე-მწვრთნელმა შალვა კიკვაძემ გამოიჩინეს - 19:3. ‘ბაგრატმა’ პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
‘იმერეთის’ პირველ ლიგაში ანაცვლების მიჯრით მეორე მცდელობაც უნაყოფო გამოდგა. ჭიათურელთა ლეგენდარულ დამრიგებელ ზურა ხარშილაძეს მატჩის შემდეგ დანა პირს არ უხსნიდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი წვრთნის მიუხედავად, ქართული რაგბის კაშკაშა ვარსკვლავს საერთო წარმატების მისაღწევად ცოცხალი რესურსი არ ყოფნის და სპეციალისტთა აზრით, ზემო იმერელთა ნაჩვენები შედეგი ამ ეტაპზე მაქსიმუმი და „ზახარიჩის“ თავდადებული შრომის ნაყოფია. სასურველი შედეგის მისაღწევად კი ჭიათურის ხელნმძღვანელობას გუნდზე მეტი ზრუნვა მართებს.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია