საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპის მეორე მატჩში რუმინეთი დიდი სხვაობით - 38:0 დაამარცხა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
რეგლამენტის თანახმად, სამი ოთხგუნდა ჯგუფიდან თასისთვის ბრძოლას პირველ-მეორე ადგილოსნები და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი აგრძელებს, ასეთ დროს კი, ბევრ რამ შესაძლოა სწორედ გატანილ-მიღებულმა ქულებმა გადაწყვიტოს.
მოკლედ, ინგლისთან 14:22 მარცხის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს და “ერთა თასის” ნაცნობებთან მოსკოვის გრან პრიზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვეს. რუმინელები ქართველებს სისწრაფეში ვერ აყვნენ, ფლანგის შეცვლის შემდეგ გიორგი ფრუიძე მარჯვენა ფლანგზე გაიქცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რის შემდეგაც მერაბ კვირიკაშვილს გარდასახვა აღარ გაჭირვებია. თამაში რომ განახლდა მეტოქეს 22-იდან გასვლა არ დავანებეთ, მერე რუმინეთი დაჯარიმდა, კვირიკაშვილმა ბურთი სწრაფად გაითამაშა, მცველებს ზურგს უკან შეაცურა, შეყვა და ჩათვლის მოედანში დაამიწა - 12:0.
მე-5 წუთზე მესამე ლელო გავიდა. თედო ზიბზიბაძემ მეტოქეს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი ბიძინა სამხარაძეს ჩამოუგდო, რომელმაც მოკლე მანძილზე ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელომდე ფლანგზე 60 მეტრი ირბინა. მეორე ტაიმში რუმინელები სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ, მაგრამ ანგარიშში სხვაობის მნიშვნელობა ქართველებს კარგად ესმოდათ და არაფერი დათმეს. შედეგად, ჯერ კონტრშეტევაზე ალამთან ლელო კვირიკაშვილმა გაიტანა და გარდასახვა კუთხიდან ზუსტად შეასრულა, მერე ალექსი ხუციშვილმა ჩვენს 22-ში აიტაცა, ხაზი გაჭრა, სისწრაფეში სხვებსაც გაექცა და ძელებამდე ირბინა, ხოლო მას შემდეგ რაც დრო ამოიწურა და წუთზე მეტი გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი შანსი გამოიყენა და ამჯერად ფლანზგე ალექსი ტუჩაშვილმა გაინავარდა. ბოლო ორი გარდასახვა შავლეგ მახარაშვილმა შეასრულა და საბოლოო შედეგი 38:0 დაფიქსირდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისმა საფრანგეთი 35:12 დაამარცხა. მანამდე ფრანგებს რუმინელები 19:0 ჰყავდათ დამარცხებული. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისის დროით 17:06 საათზე დაიწყება, საქართველო სწორედ საფრანგეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში თასის მეოთხედფინალს გაინაღდებს ქულების დათვლის გარეშეც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია