საქართველოს მორაგბეთა ასოციაციასა და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მორაგბეთა ასოციაციის მხრიდან დოკუმენტს ხელი ლექსო იორდანიშვილმა, ხოლო სიფა-ს მხრიდან მისმა პრეზიდენტმა ზვიად კორძაძემ მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, მორაგბეთა ასოციაციაში გაწევრიანებული მოთამაშეები იურიდიულ და სამართლებლივ დახმარებას მიიღებენ. სიფა-ს დახმარებით შედგება კონტრაქტის მოდელი, სადაც როგორც სპორტსმენების, ასევე კლუბების ინტერესები თანაბრად იქნება დაცული.
ლექსო იორდანიშვილი: „მემორანდუმში ასახულია ყველა ის საჭიროება, რომლებიც ჩვენ წევრებს სამართლებლივი კუთხით წაადგებათ. კონტრაქტის გაფორმების დროს ხშირია დარღვევები და სიფა-ს დახმარებით ჩვენ ამ გაურკვევლობებს აღმოვფხვრით. მორაგბებს ექნებათ იურიდიული დახმარება და სამართლებლივ სივრცეში მხოლოდ საკუთარი სამუშაოს შესრულებაზე მოუწევთ ფიქრი, რადგან იქნებიან დაცული. ბატონი ზვიად კორძაძე დაგვაკავშირებს იმ იურიდიულ ფირმებთან, რომლებიც ჩვენს წევრებს დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებთან ერთად არ დაიჩაგრონ კლუბები და კონტრაქტის საერთო მოდელი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მომზადდება“.
ზვიად კორძაძე: „ჩვენი ასოციაცია 25 იურიდიულ კომპანიას აერთიანებს და ჩვენთვის დიდი პატივია მორაგბეთა ასოციაციასთან თანამშრომლობა. მიგვაჩნია, რომ რაგბი ჩვენს ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის, ერთიანობის, გუნდურობის და წარმატების სიმბოლო და გვსურს მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათი საქმიანობის განვითარებაში. მზად ვართ სამართლებლივი დახმარება გავუწიოთ მორაგბეებს, ჩამოვაცილოთ მათ ყოფითი, სამართლებლივი პრობლემები, რათა მეტი კონცენტრაცია მოახდინონ საკუთარ საქმეზე“.
ჯაბა მალაღურაძე (მორაგბეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი): „მოხარული ვართ ამ მემორანდუმის გაფორმებით, რადგან ის საფუძვლები, რაზეც ჩვენი განვითარება უნდა მოხდეს, კიდევ უფრო ძლიერი გახდება. სიფა დაგვეხმარება ჩვენი ინიციატივების სამართებლივ ჩარჩოში მოქცევაში, რათა შემდგომში არ წარმოიქმნას იურიდიული სახის პრობლემები. ის ასევე დაგვეხმარება კონტრაქტის მოდელის სამართლებრივ გამართვაში. მორაგბეთა ასოციაცია იმ საერთო მიზანს ემსახურება, რასაც ქართული რაგბის განვითარება ჰქვია და როდესაც მოთამაშე მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე იქნება ორიენტირებული, ის ბევრად უფრო პროდუქტიული გახდება“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1