უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში კაცთა გუნდი, ნამიბიის მეორე ნაკრები (ნამიბია XV) 24:20 დაამარცხა.
ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო მოსამზადებელი მატჩი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გაიმართება. ნამიბიელებთან მოგებით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ოფიციალური შეხვედრების წინ, ხასიათი გამოიკეთა და საკუთარი ძალების ირწმუნა.
ილია მაისურაძის შეგირდები, ამა წლის მარტის დასაწყისში (6 და 10) თბილისში ორჯერ ეთამაშნენ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს და მეტოქეს ორივეჯერ მცირედით ჩამორჩნენ - 22:27 და 32:34.
ახლა იყო კიდევ უფრო მაღალი დონის თამაშები, 2019 წლის საერთაშორისო სერია სამხრეთ აფრიკაში, სადაც შეხვედრები 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსგავსად, ასევე 4-დღიანი ციკლით გაიმართა. ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა და თუ პირველი თამაში სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა 58:10 მოიგო, მეორეში არგენტინის 20-წლამდე ნაკრებს 75-ე წუთამდე ვუგებდით და მხოლოდ ბოლოში ჩამოვრჩით - 26:32, ახლა კი, ნამიბიელებთან გამარჯვების გემო გავიხსენეთ - 24:20.
მართალია გამარჯვება ყოველთვის სასიხარულო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი ის შეცდომებია, რომლებიც მწვრთნელებმა დაინახეს და რომელთა გამოსწორებაზეც დარჩენილი დრო თბილისში იმუშავებენ. ამასთან, მორაგბეებმა მიიღეს მაღალი დონის და ინტენსივობის თამაშების გამოცდილება, რამაც მათ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ადაპტირება უნდა გაუადვილოს.
კარგი დასაწყისი
ისე, როგორც 4 დღის წინ არგენტინასთან, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში უპირატესობა მოიპოვა. დებიუტში აფრიკელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, ბურთი ძელმა აისხლიტა და ჩვენმა გუნდმა თავისი 22-იდან ხელდახელ შეტევა წამოიწყო, რომელიც ცენტრში ჯარიმით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ანალოგიურ ხერხს, ანუ თავისი 22-იდან ხელით შეტევას რამდენჯერმე მიმართა და თითქმის ყოველთვის შეძლო სიტუაციის გამწვავება.
აგრესიული დაცვით მეტოქე თავისსავე 22-ში დავაჯარიმეთ, კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ მოლში ნამიბიელთა დაჯაბნა ვერ მოვახერხეთ. პირველი ლელო მე-10 წუთზე, კარგი თანმიმდევრული შეტევით გავიდა. უპირატესობა ჯერ მარჯვენა ფრთაზე მოვიპოვეთ, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და იქ იოსებ გუშარაშვილმა და იოანე იაშაღაშვილმა ძალისმიერი დარტყმებით მოიგეს მეტრები, კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მგეზავმა სანდრო მარგიანმა მიიღო, რომელმაც მცველების მოძრაობა შენიშნა, ოვალი ლელოში ფეხით შეაცურა და მას კარგად დავით გობეჯიშვილი მიყვა, რომელმაც გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
აფრიკელებმა კარის წინ 20 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გვიპასუხეს. პასუხად გობეჯიშვილმა მეტოქეს ხაზი გაუჭრა, ნამიბია დაჯარიმდა და ფულბეკმა 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. 21-ე წუთზე ნამიბიელებმა შეტევაში, ჩვენს ნახევარზე დაკარგეს ბურთი, მიხეილ ალანიამ ის სწრაფად გაიტანა და ოთხი პასით ბოლომდე ჩათამაშდა, ფრთაზე ზურაბ ქავთარაძე გაიქცა, სისწრაფეში მბოჭავი ხელით ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა, ხოლო გობეჯიშვილმა გარდასახა - 17:3.
შესვენებამდე მეტოქეს კიდევ ერთხელ გავუჭერით ხაზი და 22-შიც შევედით, მაგრამ ამჯერად ლელოს გატანა ვერ მოხერხდა. ტაიმის ბოლოს უკვე ნამიბიამ იმძლავრა და წითელ ზოლს ორჯერ უწია, თუმცა დაცვამ თავდადებით ითამაშა და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავედით.
ბოლოში მოვდუნდით
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად საინტერესო გამოდგა. მაღალ ტემპში ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, თუმცა ლელოს გატანა მხოლოდ ერთხელ მოხერხდა. მანამდე, 57-ე წუთზე, ჩვენი 22-იდან ხელდახელ შეტევის წამოწყებისას ოთარ ძაგნიძემ ხაზი გაჭრა და თეიმურაზ ჭიჭინაძეს პასს უკეთებდა, მაგრამ გადაცემა ძლიერი აღმოჩნდა, ბურთი დაიკარგა და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.
გარკვეული დროით თამაში აირია. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა თამაშს. 71-ე წუთზე ჭიჭინაძემ ჩვენი ნახევრიდან წამოიწყო კონტრშეტევა, ორი მცველი ჩამოიცილა და შეტევა კოტე მარჯანიშვილს გააგრძელებინა, რომელმაც მბოჭავი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, ხოლო გობეჯიშვილმა გარდასახა - 24:10.
უმცროსი ბორჯღალოსნები დასკვნით წუთებში მოდუნდნენ, გარდა ამისა, კაცურმა ჯანმაც თავი იჩინა და ნამიბიამ ორი ლელო გაიტანა. 75-ე წუთზე აფრიკელებმა მოლი დააყენეს და 5 ქულა მიითვალეს, ბოლოსწინა წუთზე კი, მეტოქემ სისწრაფეში მოახერხა ხაზის გაჭრა. გარდასახვები არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ქართველებმა მობილიზება შეძლეს, მეტოქე თავისი ნახევრიდან აღარ გამოუშვეს და მატჩი 24:20 მოიგეს.
სერია არგენტინამ მოიგო
სერიის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდე ნაკრებები შეიბნენ. მასპინძლებს ორივე თამაში დიდი სხვაობით ჰქონდათ მოგებული, სტუმრებმა ნამიბიელებს დიდი სხვაობით სძლიეს, თუმცა ქართველებთან გაუჭირდათ და ფავორიტად „უმცროსი ბოკე“ იყო მიჩნეული.
მიუხედავად ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელმა არგენტინამ, სერიის მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა, მატჩის მიწურულს საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და გაწითლებულ დროზე გაშვებული ლელო-გარდასახვის მიუხედავად თამაში 34:33 მოიგო, რითაც სერიის გამარჯვებული გახდა.
20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა), 17 აპრილი
საქართველო U20 vs ნამიბია XV 24:20
საქართველო: 15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო, კაპ.), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. საბა კურატაშვილი (არმაზი), 3. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 5. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8 იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები),
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. გიგი ლეშკაშელი (აია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 23. ოთარ ძაგნიძე (აია), 24. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 25. ლუკა გელაშვილი (არმია).
ისვენებდნენ: გიორგი ახალაძე (მასი), საბა ჯღარკავა (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ლაშა ლომიძე (აია), თედო აბჟანდაძე (აია).
3 ლელო: გობეჯიშვილი, ქავთარაძე, მარჯანიშვილი
3 გარდასახვა: გობეჯიშვილი
1 ჯარიმა: გობეჯიშვილი
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად სასარგებლო ტურნირი იყო, გუნდის პოტენციალი იგრძნობა, მაგრამ ვფიქრობ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება შეგვიშლის ხელს თავი სრულად წარმოვაჩინოთ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს ბიჭები ფიზიკურად, ტაკტიკურად და მენტალურად კიდევ მოუმატებენ, მაგრამ შეთამაშების და მწვრთნელების შემუშავებული მონახაზების გამოსაცდელად ერთი - ორი სავარჯიშო თამაშის გამართვა არ აწყენდათ. ამიტომ იქნებ საქართველო XV -თან მოხერხდეს ასეთი თამაშების გამართვა, ვფიქრობ ეს ორივე გუნდს წაადგებათ ! ! !
ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო. კარგად გამოჩნდა თუ რაზეა სამუშაო. მაგარი ბიჭები გვყავს, შარშანდელზე ნაკლებ შედეგს არ დადებენ.
თამაშის ორგანიზაციის კუთხით ბევრია სამუშაო
წარმატება ძმებო, ახლა და მერე ❤️1