ელიტაში მოსახვედრად მებრძოლი ‘იუნკერებისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ პირველ შეხვედრას „შევარდენის“ სარაგბო არენამ უმასპინძლა. რანგით მაღალ გუნდებს, ქვედალიგელები ტრადიციულად ჯეროვან წინააღმდეგობას იშვიათად უწევენ. ‘იუნკერთა’ მდგომარეობას რიგ წამყვან მოთამაშეთა არყოფნა ართულებდა. 20-წლამდელთა ნაკრებში მივლინებულ რეზი ხარაზიშვილის კვალ, გამოცდილ ალექსანდრე ტუჩაშვილს კიკეთელებთან კონტრაქტი პლეი ოფამდე დაუმთავრდა. ბურჯ საბა გაბუნიას, მესამეხაზელ ნიკა მარჯანიშვილსა და შუამარბ ლევან ძნელაძეს კი მატჩი ტრავმების გამო გაუცდათ. ‘ვეფხვებმა’ კი პირველობის ბოლოსწინა ადგილზე ჩამთავრების მიუხედავად, სპეციალისტებსა და ქომაგზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
არსებული საკადრო პრობლემების მიუხედავად, უპირატესობას ‘იუნკერები’ პირველივე წუთებიდანვე დაეფლნენ. კიკეთელები დამრიგებლის დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ. დაცვაში ხისტ, საიმედო თამაშთან ერთად გარე კახელებს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ. მართალია, პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს (‘იუნკერთაგან’ მხტომელი საბა კურტანიძე; ‘ვეფხვებიდან’ ფრთა გიორგი ზუკაკიშვილი), თუმცა ფრთა რამაზ ხარაზიშვილის 4 ზუსტად შესრულებული ჯარიმით გიორგი ზაბახიძის შეგირდები შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მოერე ტაიმში ‘იუნკერთა’ უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. შუამარბ ბექა სამსიანის, ჰავბეკ ალექსანდრე ზაბახიძეს, მგეზავ ნიკა მერკველიშვილისა და შუამარბ გიორგი შერმადინის ლელოთა წყალობით, კიკეთელებმა მატჩი 32-ქულიანი სხვაობით 47:15 მოიგეს და დიდ 10-ში მოსახვედრად სერიოზული განაცხადიც გააკეთეს. სპეციალისტთა აზრით, ესოდენ სოლიდური სხვაობის მიუხედავად მთავარი ბრძოლა წინაა. ‘ვეფხვებს’ საპასუხო შეხვედრაში ზურგს საკუთარი არენა და ელიტაში მიღებული თამაშის გამოცდილება უმაგრებს.
ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა ნამდვილი სარაგბო „თრილერი“ იხილა. პირველი ლიგის საგზურს ერთმანეთს 2 იმერული გუნდი: ჭიათურის ‘იმერეთი’ და ქუთაისის ‘ბაგრატი’ ეცილებიან.
ერთი წლის წინ ელიტადან დაქვეითებული ‘ბაგრატის’ თავკაცობამ, გუნდის განაცხადში მყოფი გამოცდილი მოთამაშეებიდან, მხოლოდ 3 მორაგბის დამატება მოახერხა. ზემო იმერლებს კი ნაყოფიერი წვრთნის მიუხედავად, აშკარად ეტყობათ ცოცხალი რესურსის სიმწირე და ამად ლეგენდარული „ზახარიჩის“ ( ზურა ხარშილაძე) დამმოძღვრილ ჭიათურელთა პლეი ოფში მოხვედრა ბევრმა სპეციალისტმა მოულოდნელობად შერაცხა. მიუხედავად ამისა, ‘იმერეთმა’ ფავორიტს ტოლი არ დაუდო და გადამეტებული მღელვარებით გამოწვეული უამრავი უნებლიე შეცდომა რომ არა, „ვობლას“ ბიჭები უცილობელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ.
უხვქულიანი შეხვედრა უშეღავათო და თვალსასიერო გამოდგა. მეტოქეებმა 6-6 ლელოს გატანა მოახერხეს. მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიკით ფრთა ნიკა კობიაშვილი გამოირჩა. რიონისპირელთაგან „დუბლი“ მარბიელმა თემურ ყიფიანმა მიითვალა. მატჩის ბოლო 5 წუთში ზემო იმერლებმა 2 გარდასახული ლელოთი ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა ბოლო წუთზე სტუმართა ფულბეკ ცოტნე კვესელავას გატანილმა ჯარიმამ, 43:41 ‘ბაგრატის’ მძიმე გამარჯვება დააფიქსირა.
დიდი 10-ისა და პირველი ლიგის საგზურის მფლობელები 21 აპრილს, პატარძეულსა და ქუთაისში გამოვლინდებიან.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია