შიდა რაგბი

23:33 | 14.04.2019 | ნანახია 856 - ჯერ

"აიას" "დაბრუნებამ" არ იკმარა, "არმაზი" ჩემპიონატში რჩება

მარნეულის ‘არმაზმა’ ქუთაისში ‘აიასთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული 27-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ფლეი ოფის გასვლითი მატჩი 30:26 მოიგო და საჩემპიონო რბოლას 21 აპრილს, ჩემპიონ თბილისის ‘ლოკომოტივთან’ გააგრძელებს.

„აია არენაზე“ გამართული მატჩის პირველი 35 წუთი მასპინძლებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. სტუმრებმა ამ პერიოდში სამი ლელო გაიტანეს, ჯამში 27 უპასუხო ქულა მოინაგრეს და დარჩენილ დროში ეს უპირატესობა შეინარჩუნეს.

‘არმაზი’ მე-12 წუთზე ტრადიციული, სწრაფი და ოფლოუდებით დახუნძლული შეტევის შემდეგ დაწინაურდა: დერეფნიდან იერიშის გაშლის შემდეგ, გიორგი კვესელაძემ წაქცეულმა ამოაგდო ბურთი, გაგრძელება შებოჭილმა ბადრი ლიპარტელიანმაც მოძებნა და ნიკა წიკლაურის ლელო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა, რომელმაც მალევე კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმაც გაიტანა.

მალე ჯინჭველაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 29-ე წუთზე კარგად გაშალა ბურთი და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გიორგი ბაბუნაშვილმა პასი განზრახ ჩაშალა და თავად სინბინით, ხოლო ‘აია’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ლელოს კვლავ ჯინჭველაშვილის ჯარიმა მოყვა, ხოლო 34-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქის არეულობით ისარგებლეს, კარგი შეტევა წამოიწყეს და ის კობა ჯიმშელეიშვილის ლელოთი დასრულდა, რომელიც რეზიმ გარდასახა - 27:0.

მიუხედავად ასეთი სოლიდური ჩამორჩენისა, ‘აიამ’ ფარ-ხმალი არ დაყარა და თამაშში დაბრუნება მოახერხა. შესვენების წინ დავით კვირიკაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლები მოედანზე სულ სხვა ხასიათით დაბრუნდნენ.

44-ე წუთზე ქუთაისელებმა თავისი ნახევრიდან ოფლოუდებით შეუტიეს და სწრაფი იერიში ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა, რომელმაც თავადვე გარდასახა. ‘არმაზმა’ 62-ე წუთამდე თავის დაცვა მოახერხა, მერე კი ქუთაისელებმა დერეფნიდან შეუტიეს და წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ლელოში შოთა არეშიძემ გადადო, ხოლო ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 72-ე წუთზე მასპინძლებმა დერეფნიდან ერთხელაც შეუტიეს და ლელო არ შედგა, მაგრამ ბურთი ხაზზე გავიდა, სადაც მირიან მოდებაძემ მცველებს შემოურბინა და ლელო გაიტანა.

ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ჯინჭველაშვილმა იქვე ჯარიმით უპასუხა და მასპინძლებს ლელოზე თამაში აიძულა. ქუთაისელებმა მოინდომეს, მაგრამ ‘არმაზმა’ თავის დაცვა მოახერხა და 30:26 მოგებით ფლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას ქვეყნის ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ ელოდება.

www.rugby.ge

თეგებიაიაარმაზი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076275