ერთა თასი

1:40 | 14.02.2016 | ნანახია 1033 - ჯერ

რუსულმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა

რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში გერმანიას სოჭში 7 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით, 46:20 დაამარცხა.

სათაურში ნახსენები ექსპერიმენტი შედეგს კი არა, სოჭის „იუგ-სპორტზე“ ამ თამაშის სანახავად მისულ მაყურებელთა რაოდენობას ეხება. აქამდე ტრიბუნები, რომელიც 10 500 მაყურებელს იტევს, სარაგბო მატჩებზე სანახევროდ არასდროს შევსებულა, ახლა კი, სწორედ ასე მოხდა და რეკორდი დამყარდა. როგორც აღმოჩნდა, სტადიონზე ორგანიზებულად მიიყვანეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რამაც შესასვლელში პრობლემები შექმნა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ექსპერიმენტი 12 მარტის მატჩისთვის, როდესაც სოჭს „ბორჯღალოსნები“ ეწვევიან. თუმცა, ძალით მიყვანის მაყურებელთა ნახევარმა ტრიბუნები შესვენებისას დატოვეს და ძნელად სავარაუდოა, მათი „იუგ-სპორტზე“ მიტყუება სხვა დროსაც მოხერხდეს.

თავად მატჩს რაც შეეხება, რუსებმა პირველ ტაიმში ჯარიმა, სამი ლელო და ორი გარდასახვა გაიტანეს, ორი ჯარიმა გაუშვეს და 22:6 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მიითვალეს. ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, გერმანელებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებასა და მოლში და ასე დაწყებული შეტევები ლელოებით დაასრულეს.

ამრიგად, შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელო იყო (27:20), მაგრამ მერე რუსებმა თამაში გაშალეს და ორი ლელო გაიტანეს, ბოლოს ფეხით შეცურებულ ბურთს ანტონ რუდოი მიყვა და თავად დუბლი შეასრულა, რუსეთმა კი, 46:20 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას რუსები სამჯერ დაისაჯნენ სინბინით და ეს ფაქტი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა თვენახევრიანი შეკრების ფონზე ფსიქოლოგიურ წნეხს დააბრალა.

„გერმანიას შანსი არ ქონდა. თავდასხმაში თამაშმა კითხვები გამიჩინა, ბევრი წუნი გვქონდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით თამაშის ორგანიზებას ვერ ვახერხებთ და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ ეტაპისთვის ამოცანა შესრულებულია და ორ მატჩში 9 ქულა ავიღეთ. რუმინეთთან მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს და გამარჯვებული მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება. ჩვენი უმთავრესი პრობლემა შეუთამაშებლობაა და ასე შეკრებაზე ხუთი თვეც რომ გავატაროთ, აზრი არა აქვს“ - თქვა პერვუხინმა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113235