ბორჯღალოსნები

20:20 | 2.04.2019 | ნანახია 2155 - ჯერ

ბორჯღალოსანთა კეთილი საქმე
სახლი - აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის პირველი კოტეჯის ასაშენებლად

ბორჯღალოსნები - ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები ერთი საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ და აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის კოტეჯს ააშენებენ.

აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი, თბილისში მულტი-ფუნქციურ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს აშენებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობიერების გაზრდის საერთაშორისო დღეს გაიმართა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

აუტიზმის ეროვნული ცენტრში განთავსებული იქნება სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, აუზი, სპორტული კომპლექსი, კინო-დარბაზი, საწარმო და საცხოვრებელი კოტეჯები, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს გადაცილებული მოქალაქეები იცხოვრებენ. ცენტრის მშენებლობისთვის მიწა ქალაქის მერიამ გამოყო და ის კერძო სექტორის ჩართულობით აშენდება, პირველ კოტეჯს კი რაგბის კავშირი და ბორჯღალოსნები სპონსორების დახმარებით ააშენებენ.

სახლი - სათავგადასავლო პროექტი სოციალური მიზნებისთვის

რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის მენეჯერმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სათავგადასავლო კამპანია (რჩეულთა გზა) პირველად შარშან, უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ჩაატარა და მან მოთამაშეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ხანგრძლივ შეკრებას წელსაც გადიან. გარდა ამისა, ხანგრძლივი შეკრება ექნებათ ბორჯღალოსნებსაც, რომლებიც იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. შედეგად, წელს კამპანია, რომლსაც სახლი ეწოდება, ორივე გუნდისთვის ჩატარდება და ის სოციალური ხასიათის იქნება, რადგან უმცროსი და უფროსი ბორჯღალოსნები მოიპოვებენ სამშენებლო მასალას, რომლითაც აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის პირველი კოტეჯი აშენდება.

„ჩვენს ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებს ხანგრძლივი შეკრება ელის და განტვირთვა აუცილებელია. ეს სოციალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სათავგადასავლო კამპანია სწორედ ამის გამო შეიქმნა. მორაგბეები სხვა მიზნის გარშემო გაერ„ტიანდნენ. მათ აიღეს სოციალურ პასუხისმგებლობა და ჩვენი სპონსორების დახმარებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის პირველ კოტეჯს ააშენებენ“ - ამბობს ნონო ანდღულაძე.

კამპანიაში თავიდან უმცროსი ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან, რომლებიც 27 აპრილიდან ივნისამდე სამ ეტაპს გაივლიან და კოტეჯის მშენებლობას საძირკველს ჩაუყრიან. ივნისიდან ესტაფეტას ეროვნული ნაკრების მორაგბეები გადაიბარებენ, ისინიც სამ ეტაპს გაივლიან და კოტეჯის მშენებლობას დაასრულებენ.

კამპანიის ფარგლებში ოთხი ლოკაციაა შერჩეული, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა, ბრიკორამასა და კნაუფის საწარმოები. ბორჯღალოსნებს და საქართველოს რაგბის კავშირს ამ სოციალური პროექტის განხორციელებაში ბრიკორამა, ტოიოტა-კავკასია, კნაუფი, ლისი-დეველოპმენტი და სამშენებლო კომპანია ფორტექსი ეხმარებიან.

„დიდი მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში გვეხმარება. შარშან ვფიქრობდით, რომ ამ კამპანიის ფარგლებში რაიმე ღირებულის შექმნა შეიძლებოდა და ჩენმა მეგობარმა, ბრიკორამას მფლობელმა მამუკა დოლიძემ აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის სახლის მშენებლობის იდეა შემომთავაზა. გვერდში დაგვიდგნენ ჩვენი მეგობრები - ტოიოტა-კავკასია, კნაუფი, სამშენებლო კომპანია ფორტექსი და ლისი-დეველოპმენტი, დარწმუნებული ვარ, ამ კეთილი საქმის განხორციელებაში კიდევ არაერთი კომპანია დაგვეხმარება“ - განაცხადა ანდღულაძემ.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:43 | 05.04.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.077173