ლეგიონერები

19:21 | 1.04.2019 | ნანახია 2660 - ჯერ

ლეგიონერები: გიორგაძის ორი ლელო 15 წუთში
პრო დე2 და ევროტურნირების მეოთხედფინალები

ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ პრო დე2-ის 26-ე ტურში ორი ლელო გაიტანა. ‘ბრივმა’ ‘მონ-დე-მარსანი’ 29:27 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ოთიას გარდა წვლილი კიდევ სამ ბორჯღალოსანს მიუძღვის.

23 წლის გიორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელოების გასატანად სულ 15 წუთი დაჭირდა. მან ორი ერთნაირი ლელო გაიტანა: 9 ნომრისგან გადაცემა მაღალ სიჩქარეზე მიიღო და ხაზი სუფთად გაჭრა - პირველ ჯერზე მარცხენა და მეორე ჯერზე მარჯვენა ფრთაზე. გიორგაძემ მოედანზე 59 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში მან პრო დე2-ის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 ლელო გაიტანა.

‘ბრივის’ შემადგენლობაში მეორე ტაიმში სრულად ითამაშეს ბურჯებმა - კარლენ ასიეშვილმა და სოსო ბეკოშვილმა, ხოლო 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. ‘ბრივისთვის’ ეს ზედიზედ მესამე მოგება იყო, 26 ტურის შემდეგ 77 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ‘ოიონას’. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ბონუსის აღების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში სამი ლელო მიიღეს და ქულა ‘მონ-დე-მარსანს’ გაატანეს.

ამავე მატჩში კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა ითამაშა - ‘მონ-დე-მარსანის’ შემადგენლობაში ანტონ ფეიქრიშვილის დებიუტი შედგა. ‘კარდიფიდან’ წამოსვლის შემდეგ, 31 წლის ბურჯს ქუთაისის ‘აიაში’ უნდა ეთამაშა, მაგრამ საფრანგეთიდან შეთავაზება მიიღო და ‘მონ-დე-მარსანს’ შეუერთდა. ის თამაშში 37-ე წუთზე ჩაერთო. მისი გუნდი 65 ქულით მეექვსე ადგილზეა და ტოპ 14-ში ასასვლელი ფლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.

‘ოიონა’ ‘ბიარიცთან’ 14:51 დამარცხდა, თუმცა პირველი ადგილი შეინარჩუნა. ლიდერთა განაცხადში იყო და 49-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.

‘ანგულემმა’ ‘ბეზიე’ მიიღო და ბონუსით, 28:0 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში, შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.

‘ბურგ-ან-ბრესმა’ ‘ორიაკი’ მიიღო და 31:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ. სტუმართა ძირითადში იყო და სრულად გაისარჯა გიორგი ცუცქირიძე.

‘მონტობანს’ უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა ‘მასი’ (19:22), რომლის შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა ‘კოლომიესა’ და ‘კარკასონის’ შეხვედრაში. ‘კოლომიემ’ თამაში 27:9 მოიგო და მის შემადგენლობაში 47-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა, რომელიც 73-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. სტუმართა შორის სრულად გაისარჯა მირიან ბურდული.

ევროთასს მხოლოდ ‘კლერმონი’ შემორჩა

გასულ შაბათ-კვირას ევროთასების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე ‘რასინგ 92’-მა ‘ტულუზს’ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საათი მეტობაში იყო, 21:22 დამარცხდა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი და მოედანზე 45 წუთი გაატარა. მან 9 ბოჭვა შეასრულა, ბურთი 3-ჯერ მიიღო და ის 1 მეტრით წინ წაწია.

ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალშია დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის ‘კლერმონი’. ფრანგებმა ნახევარფინალში ‘ნორთჰემპტონს’ უმასპინძლეს და 61:38 დაამარცხეს. მასპინძელთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 8 წუთი ითამაშა კაკაბაძემ. ნახევარფინალში ‘კლერმონი’ კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, ‘ჰარლიქუინზს’ უმასპინძლებს.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:44 | 05.04.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.084525