შიდა რაგბი

2:15 | 1.04.2019 | ნანახია 1607 - ჯერ

დიდი 10: "ვეფხვები" გასავარდნ ზონას დაშორდა

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ქუთაისში ‘აიასთან’ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (31:12), სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და დიდ 10-ში პირდაპირ დაქვეითება აღარ ემუქრება. დებიუტანტები ამჟამად მე-8 ადგილზე არიან და უარეს შემთხვევაში, ჩემპიონატს მე-9 ადგილზე დაასრულებენ.

ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს, თეიმურაზ კოხოძემ ლელო ალამთან გაიტანა. სტუმრებმა 32-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც წითელ ზოლში ხანგრძლივი დომინირების შემდეგ, ჟორა მღებრიშვილმა ლელო გაიტანა და ნიკა ბეჟუაშვილმა გარდასახა. ზედ შესვენების წინ, ‘ვეფხვებმა’ მარჯვენა ფრთაზე გაშალა შეტევა და ალამთან ლელო ვანო გაბროშვილმა გაიტანა - 12:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘აიამ’ მეორე ლელო გაიტანა, სწრაფი შეტევა ძელებსშუა გიორგი ბაბუნაშვილმა დაასრულა და გარდასახვით წონასწორობაც აღადგინა. პატარძეულელებმა ტაიმის შუაში, 3 წუთის ინტერვალით ორი ლელოთი უპასუხეს: ალექსი მუჩიაშვილმა კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან შეუტია და მცველები ჯანში დაჯაბნა, მერე კი ნიკა ბეჟუაშვილმა ცენტრში სუფთად გაჭრა ხაზი და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. მანვე ერთი გარდასახვა გაიტანა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა საკუთარ ლელოში დაკარგეს ბურთი და ის გიორგი მექვაბიშვილმა იოლად დაამიწა, ხოლო ბეჟუაშვილმა გარდასახვით წერტილი დასვა - 31:12.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:47 | 05.04.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.088833