თბილისის ‘აკადემიასთან’ 18:12 მოგების შემდეგ, რუსთავის ‘ხარებმა’ ერთი დღით დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა და ‘ლოკომოტივი’ კვლავ უკან ჩამოიტოვა.
რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში, მასპინძელმა ‘ხარებმა’ მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსიც აიღო. ახლა ის მდევარს 2 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში, პატარძეულში ‘ვეფხვებთან’ მოგების შემთხვევაში, ფლეი ოფში პირდაპირ შესარჩევ ფინალში გავა. ‘აკადემიამ’ ბონუსი აიღო, თუმცა ამით დიდ 10-ში დარჩენა ვერ დაიბევა და დასკვნით ტურში თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ მოსაგებად მოუწევს ბრძოლა.
მატჩის დებიუტში ‘აკადემია’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც აკონტროლებდა, თუმცა მე-13 წუთზე თავად დაჯარიმდნენ და კობა ბუჯიაშვილმა ანგარიში გახსნა, რასაც სამ წუთში ზუსტი ჯარიმით დავით მოძღვრიშვილმა უპასუხა. 26-ე წუთზე სტუმრებმა სინბინით ვანო ბერიკაშვილი დაკარგეს და ‘ხარებმა’ 10 წუთში ორი ლელო გაიტანა. პირველ ჯერზე შერკინებიდან ბურთი მოკლე ფრთაზე გავიდა და ლელო თორნიკე თეგეთაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხანგრძლივი შეტევისას მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა და მარცხენა ალამთან ლელო ლაშა გოგიაშვილმა მიითვალა. გარდასახვები არაზუსტი იყო, ლელოებს შორის მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაიტანა, გაწითლებულ დროზე დარტყმა გაუცუდდა და ტაიმი 13:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო და უბურთო კაცზე თამაშისთვის ბექა ბებიაშვილი სინბინით დაისაჯა, მოძღვრიშვილმა კი ჯარიმა გაიტანა. 71-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე ლელო გაიტანეს: ირაკლი ჩომახაშვილმა რაქიდან შეუტია და მისი შეჩერება მცველებმა ვერ მოახერხეს. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და მოძღვრიშვილმა 76-ე წუთზე მეოთხე ჯარიმა გაიტანა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა და საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა - 18:12.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია