შიდა რაგბი

22:40 | 30.03.2019 | ნანახია 406 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 32:23 ჯიქი

დიდი 10-ის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ექს-ჩემპიონ გორის ‘ჯიქს’ დაძაბულ ბრძოლაში 32:23 აჯობა და მეორე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა, მეტოქეს კი, ექვსეული სათუო გაუხადა.

დაძაბულ მატჩში სტუმრებმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ უმარტივეს სიტუაციებში შეცდომები დაუშვეს და გამოცდილმა მეტოქემაც ამით კარგად ისარგებლა. შეხვედრის მსვლელობისას მრავლად იყო ორთაბრძოლები, ხაზის გაჭრები და თავგანწირული ბოჭვები, რამაც ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი ასიამოვნა.

დებიუტი თბილისელების იყო. ბექა წიკლაურმა ანგარიში მე-10 წუთზე ჯარიმით გახსნა, მალევე ‘ჯიქმა’ საკუთარ ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დაკარგა ბურთი, ‘ლოკომოტივმა’ ის მარჯვნივ სწრაფად ჩაათამაშა და იოანე ხელაიამ ლელო გაიტანა, რასაც წიკლაურმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.

ტაიმის შუაში, 2-წუთიან ინტერვალში, ‘ჯიქმა’ მეტოქეს ორი ლელოთი უპასუხა და ლიდერობაც მოიპოვა. გორელებმა მასპინძლები რამდენჯერმე დააჯარიმეს და დერეფნიდან მესამე შეტევის შემდეგ, ლელო შუამარბმა დავით ხიდეშელმა გაიტანა, მერე კი მასპინძლებმა 10-მეტრიან წყვეტილთან საკუთარი დერეფანი წააგეს, ბურთი ლაშა საჯაიამ მოიხელთა, მბოჭავი ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა. ირაკლი სვანიძემ პირველი გარდასახვა გაიტანა - 10:12.

32-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ მეტოქე მისსავე ნახევარზე წნეხში მოაქცია და საბოლოოდ ბურთიც აართვა, ფორვარდებმა კარის წინ უტიეს და ყველა ჯერზე მოახერხეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ბოლოს გიორგი აფციაურმა რაქიდან დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია, ლელო გაიტანა და წიკლაურმა ზუსტი გარდასახვით მასპინძლებს ტაიმი 5 ქულით მოაგებინა (17:12).

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა და დიტო კიკნაძემ ჯარიმები გაცვალეს. ამ უკანასკნელს ‘ჯიქის’ დაწინაურების შანსიც ჰქონდა, როდესაც მოლის შემდეგ ნიკოლოზ სუხაშვილმა ლელო გაიტანა და 54-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გარდასახვა ძელმა აისხლიტა. განახლდა თუ არა თამაში, ‘ჯიქი’ ცენტრში შეცდა, ვახტანგ ამირანაშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო ვახტანგ კავთიძემ გარდასახა - 27:20.

კიკნაძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ორ წუთში გორელებმა მეოთხე ლელო მიიღეს. აფციაურმა საკუთარი 22-ის ხაზთან გრძელი გადაცემით გიორგი ტალახაძე მოძებნა, რომელიც ფრთაზე გაიქცა, მცველი აიყვანა და ლელოში დაჩი კოპაძე შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ლოკომოტივმა’ 32:23 მოგებით, მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილი დაიბრუნა, ხოლო ‘ჯიქი’ ბოლო ტურს ექვსეულს მიღმა ხვდება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095988