სტატიები

23:45 | 26.03.2019 | ნანახია 1407 - ჯერ

ქართველი მწვრთნელი ირლანდიურ აკადემიაში!
სამხრეთ აფრიკელებმა შერკინების მწვრთნელად სიმონ მაისურაძე მიიწვიეს

ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კილასონიას სახელობის ეროვნული აკადემიისა და თბილისის ‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.

ირლანდიის რაგბის აკადემია კერძო აკადემიაა და ის დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე, ქალაქ ნაისში სამხრეთ აფრიკელმა სპეციალისტებმა გახსნეს. დირექტორი დენ ვან ზილია, რომელსაც ზე-რაგბსა და ირლანდიაში უმაღლეს დონეზე, ასევე სამხრეთ აფრიკის ნაკრებში უთამაშია. მისი დამხმარე, კო-დირექტორი ასევე სამხრეთ აფრიკელი იოან ტეილორია, რომელსაც ასევე ზე-რაგბსა და ირლანდიაში უთამაშია.

ვან ზილი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ირლანდიაში დარჩა და 12 წლის განმავლობაში ‘ლენსთერის’ აკადემიების ხელმძღვანელი იყო. მას მწვრთნელის უმაღლესი, მეოთხე დონის დიპლომი აქვს და ‘ლენსთერში’ დაგროვილი გამოცდილების ფონზე, ერთი წლის წინ ირლანდიაში კერძო აკადემია გახსნა. პარალელურად, ის ირლანდიის შიდა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდ ‘ნაისის’ მთავარი მწვრთნელია.

მეოთხე დონის მწვრთნელის ლიცენზია აქვს ტეილორსაც, რომელიც ‘ნაისში’ ვან ზილის დამხმარეა და პარალელურად შრილანკას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა, ოღონდ ამ მიწვევის მიზანი თავიდანვე შერკინების მწვრთნელის პოვნა სულაც არ ყოფილა:

„ვან ზილი საქართველოს რაგბის კავშირს, კერძოდ მისი მაღალი მიღწევების დირექტორ ბაჩო ხურციძეს დაუკავშირდა. მას ახსოვდა, რომ საქართველოდან სამხრეთ აფრიკის აკადემიაში ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეებს აგზავნიდა და შემოგვთავაზა: ჩვენი თვალით გვენახა ირლანდიის რაგბის აკადემია და იქაური პირობები“ - გვიყვება მაისურაძე და აგრძელებს:

„ნაისში მე მომიწია ჩასვლა და როდესაც გაიგეს, რომ მწვრთნელობის, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მესამე დონის ლიცენზია მქონდა, მთხოვეს ირლანდიის აკადემიის ბავშვებისთვის შერკინების ვარჯიში ჩამეტარებინა. მათ ჩემი ვარჯიშები მოეწონათ და კლუბში, ‘ნაისშიც’ მიმიწვიეს, სადაც ორი ვარჯიში ჩავატარე. ამის შემდეგ მათ მთხოვეს, რომ თუ შესაძლებელი იყო, პერიოდულად ირლანდიაში ჩავსულიყავი და როგორც აკადემიაში, ასევე კლუბში შერკინების ვარჯიშები ჩამეტარებინა, რაზეც თანხმობა ვუთხარი. ჩემთვის ეს სამუშაო საინტერესოა, რადგან ირლანდიელებისა და სამხრეთ აფრიკელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რასაც მერე საქართველოში გამოვიყენებთ“.

პირველი სტუმრობიდან სიმონ მაისურაძემ არაერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა, რის დანერგვასაც ქართულ რაგბში ისურვებდა:

„ირლანდიაში რაგბს უდიდესი ტრადიცია აქვს და ამ ქვეყნის სარაგბო კულტურიდან ბევრი კარგი დეტალის გადმოღება შეიძლება. ერთ ასეთ საინტერესო დეტალს წავაწყდი: ‘ნაისისა’ და ‘მელონის’ შეხვედრის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და 22:20 დასრულდა, მესამე ტაიმზე ორივე გუნდის მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად მსაჯებიც იმყოფებოდნენ. საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო იყო და მსაჯების მიმართ უდიდესი პატივისცემა იგრძნობოდა. მათ მორაგბეებთან ერთად მიირთვეს, გაიარეს თამაშის დეტალები და მეგობრული საუბარი ჰქონდათ. ის, რომ დღეს საერთაშორისო დონეზე ქართველი მსაჯები ადგილს იმკვიდრებენ და წინ მიიწევენ, დიდწილად ირლანდიელების დამსახურებაა, რადგან ჩვენს მსაჯებს თავის დროზე სწორედ მათ გაუწოდეს დახმარების ხელი, დაეხმარნენ განვითარებაში და კარგი იქნება თუ მსაჯების მიმართ პატივისცემასაც ირლანდიელებივით ვისწავლით“.

უმაღლესი დონის სასწავლო ცენტრი

ვან ზილისა და ტეილორის გახსნილი აკადემია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კილაშის“ ტერიტორიაზეა, სადაც ახალგაზრდებს სარაგბო უნარების დასახვეწად, ასევე ინგლისური ენის შესასწავლად საუკეთესო პირობები აქვთ.

სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტების გარდა, სიმონ მაისურაძის მსგავსად, იქ რამდენიმე ცნობილი სპეციალისტი მუშაობს: ფრანგი ფილიპ სენტ-ანდრე, რომლის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრების 69 კეპია, მწვრთნელად კი საკლუბო დონეზე ‘გლოსთერში’, ‘სეილ შარქსში’ და ‘ტულონში’, ხოლო საერთაშორისო დონეზე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია; ჩილეს ნაკრების მწვრთნელი სებასტიან ბერტი; ჯონ მერფი; 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბობი სკინსტადი’ ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე მაიკლ როსი; საერთაშორისო დონის მსაჯები. ამავე აკადემიაში მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი ნიკა აბდალაძე, რომელიც წლებია ირლანდიაში მოღვაწეობს.

აკადემია თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფიზმომზადების ცენტრ „სეტანტასთან“, რომელიც ნაისიდან 40 წუთის სავალზე, ქალაქ ლიმერიკშია. იქ მოთამაშეებს სამ თვეში ერთხელ ტესტები უტარდებათ და იმის მიხედვით აფასებენ საკუთარ პროგრესს. პროექტის თანახმად, სამომავლოდ ირლანდიის რაგბის აკადემია ფიზმომზადების სპეციალისტების გადამზადებასაც გეგმავს.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი, სასადილო და ა.შ.

ირლანდიის რაგბის აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აკადემიის ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქ-გვერდზე:

https://rugbyacademyireland.ie/?fbclid=IwAR2ro4RP1t6rUfG3nWYcb0faXLN63DXkGkxfUsPHK61U92vVpP8j1Waq1W0

https://www.facebook.com/rugbyacademyireland/

ირლანდიის რაგბის აკადემიის უცხოელი მორაგბეები, პარალელურად ‘ნაისის’ შესაბამისი ასაკის გუნდში ითამაშებენ. ყოველი თამაშის შემდეგ, მოთამაშეებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური ვიდეო-ანალიზი და ისინი აკადემიაში სწავლების პერიოდში არა მხოლოდ სარაგბო უნარებს დახვეწენ, არამედ სრულფასოვნად შეისწავლიან თამაშს, რაც მათ მომავალში მწვრთნელობასა თუ მსაჯობაში დაეხმარება.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:28 | 30.03.2019
გორდა (250)

კარგია ასეთი გამოცდილების მიღება.
გული მწყდება, რომ ჩვენთან ჯერ არ გვაქვს ასეთი დონის აკადემია. საჭიროა ძალიან რათა ქართული რაგბი უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიდეს და დაზღვეულები ვიყოთ ხანგრძლივი ჩავარდნებისაგან.

20:28 | 27.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აპრილში კალინინგრადში (რუსეთი) ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება U18 რაგბში. გამოქვეყნდა რუსეთი U18 ნაკრების შემადგენლობა. ერთ-ერთი მორაგბე, არტიომ ხანდიუკი აიაში თამაშობს. მაინტერესებს საქართველოში დაბადებულია ეს მორაგბე თუ ლეგიონერია რუეთიდან ან უკრაინიდან?
0?'>https://rugger.info/news/24822':'>https://rugger.info/news/24822'))

0.086205