შიდა რაგბი

13:33 | 26.03.2019 | ნანახია 574 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: დაუმარცხებელი მხოლოდ ჩემპიონი დარჩა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მე-12 ტური ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ შეხვედრით დაიწყო. პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებამ, პირველი წრის მსგავსად უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა. გუნდებს ბრძოლის ჟინი ძლიერმა ქარმაც ვერ გაუნელა, თუმცა, მღელვარებისა და გამწყრალი ტაროსის გამო, მეტოქეებს თამაშის დალაგება უჭირდათ და უამრავი ტექნიკური წუნიც თამაშის სანახაობრივ მხარეს აკნინებდა.

მასპინძელი ‘არმაზი’ ფრთა ლუკა ნაყეურის წყვილი ჯარიმით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს „რკინიგზელთა“ მარჯვენა ფრთა ლაშა ჩხიკვაძემ ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ გაცუდებული გარდასახვის გამო, პირველობაზე მოუგებლად მყოფი დავით კიკნაძის ბიჭები ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას შეხვედრის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ. პრაქტიკულად თანაბარ თამაშში, ‘ლოკომოტივი’ მცირე უპირატესობას შერკინებაში ფლობდა და სწორედ აღნიშნული ფაქტორმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. შეხვედრის ბოლო წუთებზე „რკინიგზელთა“ მიჯრით რამდენიმე მიძალებიდან ხეირი გარემარბმა გიორგი ჩოგოვაძემ ჰპოვა, ვისმა გატანილმა ლელომ ‘ლოკომოტივს’ რთული გამარჯვება არგუნა 10:6.

‘ლოკომოტივი’ სამთვიანი პაუზის შემდეგ ქულათა დადებით ბალანსზე პირველად გავიდა და მოპოვებული გამარჯვებით ცხრილში მე-7 ადგილი გაინაღდა. რომ არა პირველ წრეში, იმავე ‘არმაზსთან’ გუნდური ჩხუბისთვის გაუქმებული გამარჯვება და ჩამოკლებული 11 საცხრილო ქულა, „რკინიგზელებს“ მეხუთე ადგილის დაკავების შანსი შერჩებოდათ.

ლიგის დებიუტანტმა ‘არესმა’ კი ორმაგად იხეირა. „ომის მრისხანე ღმერთმა“ უშუალო კონკურენტ ‘სამთასთან’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, ცხრილში კიკეთელებს ადგილი გაუცვალა და საპატიო მეხუთე ადგილზე აინაცვლა. ქუთაისში გამართული შეხვედრა უშეღავათო გამოდგა. ორივე გუნდის მხრიდან უამრავმა თერნოვერმა მატჩს თავისი დაღი დაასვა. მართალია, ‘არესი’ დერეფანში მოიკოჭლებდა, თუმცა გიორგი მინაძის ბიჭები გაშლილ, სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდნენ, რასაც პირველ ტაიმში მასპინძელთა მღლეტელ ბექა თათვიძის წყვილი ლელო მოჰყვა და შესვენებაზე ‘არესი’ 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში მარბიელ არჩილ შენგელიას „დუბლმა“ გიორგი ენუქიძის შეგირდებს წარმატების იმედი ჩაუსახა, თუმცა ‘არესის’ მგეზავმა (ფულბეკის ამპლუასაც კარგად ირგებს) ბაკურ კუხალაშვილმა ზუსტად შესრულებულ გარდასახვებს, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და სეზონში საკუთარი გუნდის მესამე გამარჯვება უზრუნველჰყო 20:13.

მე-12 ტური მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდების დაპირისპირებით გამოირჩა. მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ რუსთავის ‘ხარებს’, უფროსი კოლეგების არენაზე, დიდ დიღომში უმასპინძლა და შეხვედრა პრემიის თანხლებით, „მშრალი“ ანგარიშით 40:0 მოიგო.

18-წლამდელთა შეკრებიდან დაბრუნებული მორაგბეებით გაძლიერებულ ჩემპიონს (‘ლელოს’ ძირითადის 6 მორაგბეღა აკლდა) თემურ ლობჟანიძის შეგირდებმა ჯეროვანი წინააღმდეგობა ოდენ მატჩის პირველ ნახევარში გაუწიეს და შესვენებაზე გუნდები ფავორიტის 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ლელოს გატანა მარბიელმა ნიკა ამირანაშვილმა და შუამარბმა ლუკა კოროშინაძემ მოახერხეს. ‘ლელოს’ დამრიგებელმა ოთარ ბარკალაიამ ჩვეულ ტაქტიკას არც ამჯერად უღალატა და გუნდის წამყვან მოთამაშეთა ნაწილი მატჩის მეორე ტაიმში ჩართო. კარგ სპორტულ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, ქვემოქართლელებს მარქაფას მხრივ სათანადო რესურსი არ აღმოაჩნდათ. ჩემპიონმა დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მეტოქეზე ზეწოლა მკვეთრად გააძლიერა, შეტევაში უპირატესობა ხელდახელ თამაშს მიანიჭა და გადაღლილ ‘ხარებს’ კიდევ 4 ლელო დაუდო.

ლუკა კოროშინაძის მსგავსად, ‘დუბლი’ ფრთა დავით ცაგარეიშვილმა შეასრულა. რუსთაველთა მარცხს კი წერტილი შეცვლაზე შესულ ბურჯ ირაკლი მჭედლიძის ლელომ დაუსვა. დაუმარცხებლად მოასპარეზე ჩემპიონი 53 ქულით ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს და რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე ჩასამთავრებლად, „ცოფიანის“ ბიჭებს დარჩენილ შეხვედრებში უშუალო კონკურენტებთან, ‘ხვამლთან’ და ‘აიასთან’ მოუწევთ დაპირისპირება. რეგულარული სეზონის გამარჯვებულს კი ბოლო ტურში, ‘ლელო’-‘აიას’ შეხვედრა გაარკვევს.

ქუთაისმა ტურის გამორჩეულ შეხვედრასაც უმასპინძლა. ვიცე-ჩემპიონი ‘აია’, ‘ლელოს’ მსგავსად დაუმარცხებლად მყოფ ‘ხვამლს’ დაუპირისპირდა. რიონისპირელებს ძირითადის 5 მოთამაშე აკლდათ (ქუთაისელთა სამმა მორაგბემ წინა დღეს, დიდი 10-ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა), მიუხედავად ამისა, გაგა გურეშიძის შეგირდებმა სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მუხიანელებს პირველი მარცხიც აგემეს. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘აიას’ მგეზავმა გიორგი თევდორაძემ გატანილ ლელოს, 2 გარდასახვა და ამავე ოდენობის ზუსტად შერულებული ჯარიმაც დაურთო. ‘აია’ მთელი შეხვედრის განმავლობაში საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და რატი ურუშაძის ბიჭებს პრაქტიკულად თამაშის ყველა კომპონენტში ჯაბნიდა. სტუმართა მდგომარეობას დაკიდებულ ოვალზე დროული რეაგირება და მიუტევებელი თერნოვერებიც ართულებდა. ქუთათურებმა პირველ ტაიმში 3 ლელოს დადება მოახერხეს ( მარბიელი ირაკლი გაბისონია, მგეზავი გიორგი თევდორაძე, მარცხენა ფრთა გიორგი შარაშენიძე), მეორე ნახევარში ტემპი არ დააგდეს და პრემიას დაეშურნენ. ბონუს-ქულის მომტანი ლელო ‘აიას’ მარჯვენა ფრთა დავით გასვიანის ანგარიშზეა. მუხიანელთაგან ერთადერთი ლელო პირველ ტაიმში მესამეხაზელმა ბესო თაყნიაშვილმა გაიტანა - 33:7.

სეზონში პირველი მარცხი მუხიანელებს ცხრილში მეორე ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ‘აიამ’ კი რეგულარული სეზონის მოგების შანსი შეინარჩუნა. ქულათა სხვაობა ლიდერ ‘ლელოსა’ და რიონისპირელებს შორის 3 ქულაა. ბოლოსწინა ტურის ტოპ-მატჩი ‘ხვამლსა’ და ‘ლელოს’ შორის დამდეგ კვირას, 31 მარტს მუხიანში გაიმართება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083902