ლეგიონერები

23:57 | 25.03.2019 | ნანახია 1851 - ჯერ

ლეგიონერები: სამი ლელო საფრანგეთში
კაკოვინმა ტოპ 14-ში, ცუცქირიძემ და კაიკაციშვილმა კი პრო დე2-ში გაიტანეს

გასულ კვირაში საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში გამართულ მატჩებში სამი ქართული ლელო გავიდა. ვასილ კაკოვინმა თავი ტოპ 14-ში, ხოლო გიორგი ცუცქირიძემ და ილია კაიკაციშვილმა პრო დე2-ში გამოიჩინეს.

ტოპ 14-ის მე-20 ტურში ‘რასინგ 92’-მა ‘ბორდოს’ უმასპინძლა და ბონუსით, 45:27 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორ-ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ვასილ კაკოვინი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. ის ლელოს გატანის შემდეგ გურამ გოგიჩაშვილმა შეცვალა. მანამდე გოგიჩაშვილს 10 წუთით მოუწია თამაშში ჩართვა, მაშინ, როდესაც კაკოვინი ლაშა ტაბიძესთან ერთად გაასინბინეს (37-ე წუთზე). ტაბიძემ 68-ე წუთამდე ითამაშა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ბექა გორგაძემ, ოღონდ ტაბიძის სინბინის შემდეგ მოედანი 10 წუთით დატოვა. ამ მოგებით ‘რასინგ 92’ მე-4 ადგილამდე აღზევდა (56 ქულა), ‘ბორდო’ კი მე-6 ადგილზე (52) დაეშვა.

‘ტულონი’ ‘ლიონს’ ეწვია და 33:42 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

‘სტად ფრანსემ’ ‘კასტრი’ მიიღო, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 32:16 იმარჯვა. პარიზელთა რიგებში გიორგი მელიქიძემ ითამაშა. ის შეცვლაზე 59-ედან 66-ე წუთამდე შევიდა, 71-ე წუთზე კი კვლავ მოედანზე დაბრუნდა.

‘მონპელიე’ ‘პოს’ ეწვია, 25 წუთში სამი ლელო გაიტანა და 24:15 იმარჯვა. სტუმართა ძირითადში იყო ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მან მოედანზე 58 წუთი გაატარა.

სტუმრად მოიგო ‘კლერმონმაც’. რომელიც ‘აჟენს’ ეწვია - 28:13. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი თეთრაშვილი იყო და ის 29-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა 74-ეზე მოედანს დაუბრუნდა. თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ბექა კაკაბაძე.

‘გრენობლი’ სტუმრად ‘პერპინიანს’ ეთამაშა და 16:22 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა.

ცუცქირიძე ფრთაზე კლუბშიც გაიქცა

პრო დე2-ის 25-ე ტურში ლელო გაიტანა ნაკრებიდან კლუბში მიბრუნებულმა გიორგი ცუცქირიძემ. მისმა ‘ორიაკმა’ ‘პროვანსი’ მიიღო და 36:10 დაამარცხა. ცუცქირიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, 75-ეზე მარცხენა ფრთაზე გრძელი გადაცემა მიიღო და ლელოში შესრიალდა. სტუმართა მარქაფაში იყო და შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

ლელო გაიტანა ილია კაიკაციშვილმაც, თუმცა მისი ‘მასი’ სტუმრად ოიონასთან’ 10:45 დამარცხდა. ის თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო 73-ეზე გაიტანა.

უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველების ‘ბრივმა’ და თანაც ეს სტუმრად მოახერხა. მან ‘ნევერს’ 31:28 სძლია, 73 ქულით მესამე ადგილზეა და ტოპ 14-ში დასაბრუნებლად იბრძვის. გამარჯვებულთა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა ოთარ გიორგაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძელთა რიგებში 45-ე წუთიდან გამოჩნდა თორნიკე მატარაძე.

‘ანგულემი’ ‘მონტობანს’ ეწვია და 10:31 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და კვაჭად 62 წუთი ითამაშა გიორგი ნეფარიძემ. მე-16 წუთზე შევიდა შეცვლაზე და 66-ე წუთზე შეცვალეს ზაურ თევდორაშვილი

‘კარკასონმა’ ‘მონ-დე-მარსანს’ უმასპინძლა და 11:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული.

‘ბეიონმა’ ‘კოლომიე’ მიიღო და 29:12 დაამარცხა. სტუმართა რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

ინგლისში ორმა ითამაშა

ინგლისის პრემიერშიფის მე-17 ტურში ‘უოსფსი’ ‘გლოსთერს’ ეწვია და 14:27 დამარცხდა. ზურაბ ჟვანია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა.

მეორე ლიგაში ‘დონკასტერი’ ‘ლონდონ აირიშს’ ეწვია და 12:49 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო ლაშა ლომიძე.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:15 | 30.03.2019
გორდა (250)

მართლაც საინტერესოა. ამ ასაკში ნაკლებად მგონია ლეგიონერი რომ იყოს. აქედან გამომდინარე არ არის კარგი, რომ ცხვირ წინ გვაცლიან სანაკრებო მოთამაშეს.

20:30 | 27.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აპრილში კალინინგრადში (რუსეთი) ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება U18 რაგბში. გამოქვეყნდა რუსეთი U18 ნაკრების შემადგენლობა. ერთ-ერთი მორაგბე, არტიომ ხანდიუკი აიაში თამაშობს. მაინტერესებს საქართველოში დაბადებულია ეს მორაგბე თუ ლეგიონერია რუეთიდან ან უკრაინიდან?
0?'>https://rugger.info/news/24822':'>https://rugger.info/news/24822'))

0.082849